"ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა "ჯორჯიან თაიმსის" თანადამფუძნებელს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სახის არეში დაზიანება მიიღო" - კვირის პალიტრა

"ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა "ჯორჯიან თაიმსის" თანადამფუძნებელს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სახის არეში დაზიანება მიიღო"

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ა.ქ. მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" თანადამფუძნებლის ​მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 25 მაისს, "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებთან ერთად გადაადგილდებოდა თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" ოფისის წინ, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე მედიაჰოლდინგის თანადამფუძნებელს - 1994 წელს დაბადებულ პ. გ.-ს, კერძოდ, დროშის ტარი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სახის არეში დაზიანება მიიღო", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და იგი მომხდარიდან მეორე დღეს ბრალდებულის სახით დააკავეს.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"