"როგორ შეუძლია ბაიდენს, დაანახოს პუტინს, რომ ამერიკა დაბრუნდა და მოკავშირე საქართველოს მხარდაჭერა აქვს" - რას წერს ქართველი დიპლომატი ამერიკულ გამოცემაში - კვირის პალიტრა

"როგორ შეუძლია ბაიდენს, დაანახოს პუტინს, რომ ამერიკა დაბრუნდა და მოკავშირე საქართველოს მხარდაჭერა აქვს" - რას წერს ქართველი დიპლომატი ამერიკულ გამოცემაში

ცნობილმა ამერიკულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა "ნიუსვიქმა" (Newsweek), საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის სტატია სათაურით - "როგორ შეუძლია ბაიდენს, დაანახოს პუტინს, რომ ამერიკა დაბრუნდა და მოკავშირე საქართველოს მხარდაჭერა აქვს", რომელშიც ავტორი ყურადღებას ამახვილებს აშშ-ის უმნიშვნელოვანეს როლზე საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცების საკითხში.

ქართველი დიპლომატი პუბლიკაციაში ეხება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მომავალ შეხვედრასაც: როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენი თავის რუს კოლეგას - ვლადიმერ პუტინს 16 ივნისს ჟენევაში უნდა შეხვდეს, ნატოს სამიტში მონაწილეობის შემდეგ, რომელიც 14 ივნისს ბრიუსელშია დაგეგმილი.

როგორც საქართველოს ელჩი მიიჩნევს, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის საკითხი უნდა წამოსწიონ, ასევე, გაუგზავნონ მკაფიო გზავნილი რუსეთს, რომ აშშ საქართველოს სრულფასოვანი მოკავშირეა და შავი ზღვის რეგიონის მომავალში ინვესტიცია განახორციელა.

"რუსეთი აგრძელებს დომინირებისა და დაშინების პოლიტიკას, მაგრამ ჩვენ ვერ დაგვაშინებენ. 2008 წლიდან რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი, რაც ხაზს უსვამს რუსეთის პერმანენტულ აგრესიულ ქცევას მისი მეზობლების მიმართ. რუსეთი და მისი მარიონეტული "მთავრობები" ქმნიან არეულობას საოკუპაციო ხაზთან, ზიანს აყენებენ, უგულვებელყოფენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს მათი მცოცავი ოკუპაციით, უარს ამბობენ, დაექვემდებარონ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს, გავიდნენ და დააბრუნონ უკანონოდ მიტაცებული ტერიტორია. ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს გამთლიანებისთვის უმნიშვნელოვანესია", - წერს დავით ბაქრაძე სტატიაში.

ქართველი ელჩის აზრით, რუსეთის ქმედებები მხოლოდ ოკუპაციით არ შემოიფარგლება. მოსკოვი ხრიკებს მიმართავს: კიბერთავდასხმებს აწყობს და ეკონომიკური მანიპულაციებით სარგებლობს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხვი არამხოლოდ უკრაინასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში", არამედ - საქართველოს სამხრეთით, მთიანი ყარაბაღის რეგიონშიც იზრდება. "რუს "მშვიდობისმყოფებელთა" კონტინგენტი ახლა მთიან ყარაბაღშიც იმყოფება, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლოდროინდელი სამხედრო კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმების ჩარჩოებში", - აღნიშნავს დავით ბაქრაძე.

ქართველი დიპლომატის აზრით, დღეს საქართველოს ამერიკა და მოკავშირეები მხარდაჭერისთვის უფრო მეტად სჭირდება, ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო შეთანხმებით, შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში მზარდი თანამშრომლობით, პანდემიის შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებისთვის, საქართველოს ნატოში გაწევრების მხარდასაჭერად და საქართველოს ევროკავშირში მიღების მოსამზადებლად.

"ჩვენ დასავლეთის იმედი გვაქვს. მზად ვართ, არსებული კურსი შევინარჩუნოთ და ერთიანი ევროპის აღმოსავლეთი საზღვრის ფუნქცია შევასრულოთ. ჩვენ აშშ-ის მხარდამხარ ვდგავართ მთელი მსოფლიოს ხალხების თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ჩვენთვის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც კი შეიძლება ამ საიუბილეო დღეებში აშშ-ისაგან მივიღოთ, ეს იქნება ამერიკის ყურადღების განახლება საქართველოს მიმართ, შავი ზღვის მიმართ, ჩვენი თავისუფლებისა და შესაძლებლობების მიმართ", - ხაზს უსვამს ელჩი სტატიის დასასრულს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ