რა ერქმევა გიორგი გახარიას ახალ პარტიას და ვის ვიხილავთ ექსპრემიერის გვერდით? - კვირის პალიტრა

რა ერქმევა გიორგი გახარიას ახალ პარტიას და ვის ვიხილავთ ექსპრემიერის გვერდით?

29 მაისს, "ექსპო ჯორჯიაში" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება. Ambebi.ge -ს ინფორმაციით, ღონისძიება ხვალ 3 საათზე დაიწყება. გახარიას პარტიის სახელად ერქმევა "საქართველოსთვის". ყრილობაზე წარმოდგენილი იქნებიან დელეგატები საქართველოს ყველა რეგიონიდან. პრეზენტაციაზე გიორგი გახარია უკვე თანაპარტიელებთან ერთად ახალი ორგანიზაციის ხედვას გააცნობს საზოგადოებას. დამფუძნებლებს შორის იქნება დეპუტატი გიგი ხოჯევანიშვილიც. პარტიაში იქნებიან ახალი სახეებიც. მათ შორის: გიორგი გოგუაძე, რომელიც არასამთავრობო სექტორიდან მოდის, ყოფილი ელჩი ნატოში ლევან დოლიძე და განათლების საკითხთა ექსპერტი რუსუდან თევზაძე, რომელსაც "გახარიას მომავალი პარტიისთვის "ფეისბუქის" პირად გვერდზე დიდი პოსტი აქვს მიძღვნილი. გთავაზობთ ამონარიდს:

"რაც უფრო ახლოვდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციის დრო, მით უფრო აბსურდული და გაუგებარი ხდება ის გამონათქვამები, რომლებსაც ვისმენთ და ვკითხულობთ "ქართული ოცნების" აქტიურ წევრთა და მხარდამჭერთა მხრიდან. მმართველი პარტიის ერთ დროს მშვიდი, თავის თავში დარწმუნებული და მეტნაკლებად გაწონასწორებული პოლიტიკოსების ნაწილი დაუფარავ აგრესიასა და ისტერიის ნიშნებსაც კი ავლენს ჯერაც არარსებული პარტიისა და მისი მომავალი ლიდერის მიმართ, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა აკადემიური სიმშვიდე და ნიაღვარივით წამოსულ არცერთ უარყოფით, დამამცირებელ შეფასებასა თუ დამცინავ კომენტარს არ უპასუხა.

ფაქტია, რომ დღევანდელი პოლიტიკური "ბალაგანის" შემხედვარე, გახარიას ახალი პოლიტიკური პარტია, დიდი ალბათობით, საკმაოდ წონადი და ანგარიშგასაწევი ძალა გახდება, რომელმაც, კონსტრუქციული ოპოზიციის სერიოზული და მნიშვნელოვანი ნიშა უნდა დაიკავოს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში..."

ჩვენი წყაროს თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ პარტიის რიგებში იქნება ცნობილი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, სიმართლეს არ შეეფერება. გააგრძელეთ კითხვა