სახალხო დამცველი ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს - კვირის პალიტრა

სახალხო დამცველი ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს

სახალხო დამცველმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და მოითხოვა პარლამენტარ ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ ტელეკომპანია “ფორმულას“ გადაცემის ანონსში ბავშვთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადებების განხილვა “საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ საფუძველზე.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, გადაცემის ანონსის თანახმად, პარლამენტის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი არასრულწლოვნებს განუმარტავს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი არასწორია, ზოგადად, ბავშვებს არ აქვთ უფლებები და კარგია, თუ ბავშვები არ იქნებიან ინფორმირებულნი კოდექსის შესახებ.

განცხადების თანახმად, გადაცემის მსვლელობისას ვახტანგ მეგრელიშვილი საუბრობს ბავშვთა მიმართ ძალადობაზეც და აღნიშნულს განიხილავს, როგორც თემის კულტურულ თავისებურებას, რომელშიც არ უნდა ხდებოდეს ჩარევა. პარლამენტარმა ასევე გააჟღერა, რომ ბავშვის ცემა არის მშობლის უფლება. აღნიშნულის მაგალითად ვახტანგ მეგრელიშვილმა მოიყვანა ბავშვობისას ოჯახში ძალადობის საკუთარი გამოცდილება და ახდენდა ამ შემთხვევის ნორმალიზებას.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პარლამენტის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს ქვეყანის ტერიტორიაზე ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა.

“შესაბამისად, განსაკუთრებით საფრთხის შემცველი, შემაშფოთებელი და დასაგმობია მგავსი გამოსვლა საქართველოს პარლამენტის წევრისგან, რომელსაც საკუთარი მანდატის ფარგლებში აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში არაძალადობრივი და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნას.

ვახტანგ მეგრელიშვილის მოქმედებები ასევე ეწინააღმდეგება “საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით“ პარლამენტარისთვის დადგენილ ვალდებულებას, დაიცვას საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა, პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებასა და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, სამაუწყებლო კომპანია “ფორმულას“ მიერ აღნიშნული გადაცემის ეთერში განთავსებისას, ბავშვთა უფლებების და ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხები გაშუქდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, მგრძნობიარე მიდგომის გამოყენებით და საკითხის შესახებ დაბალანსებულად წარმოჩენილი პოზიციების საფუძველზე. ამასთან, აუცილებელია, მაუწყებელმა გადაცემის მიმდინარეობისას დაიცვას გადაცემის მონაწილე არასრულწლოვანთა უფლებები“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"