"საქართველოში გულგრილი არცერთი სტუმარი არ დარჩება" - რას წერს რუსული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"საქართველოში გულგრილი არცერთი სტუმარი არ დარჩება" - რას წერს რუსული გამოცემა?

რუსულ მასმედიაში გრძელდება კომენტარების გამოქვეყნება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით - გაიხსნას საზღვრები 2021 წლის პირველი ივნისიდან უცხოელი მოქალაქეების - ტურისტების მისაღებად. ექსპერტების თვალსაზრისები განსხვავებულია: ერთი მხრივ, აცხადებენ, რომ მართალია, რუსი ტურისტების ნაკადი ძველებურად მრავალრიცხვოვანი არ იქნება (ისეთი, როგორიც 2019 წელს იყო), მაგრამ, ავიამიმოსვლის უქონლობის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეები ზაფხულის სეზონზე საქართველოში მაინც ჩავლენ, ვთქვათ, ავტოტრანსპორტით, ან შემოვლითი (ტრანზიტული) ავიარეისებით. მეორე მხრივ, ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ არც სახმელეთო გზის მეშვეობით იქნება შესაძლებელი საქართველოში სტუმრობა, რადგანაც არსებობს 2020 წლის მარტში, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, რუსეთის მთავრობის განკარგულება "763-р", რომლის მიხედვით, რუსეთის ტერიტორიიდან გასვლა და საზღვრების გადაკვეთა რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ.

ასეა თუ ისე, პარალელურად პრესაში მაინც ქვეყნდება სტატიები, რომლებშიც საქართველოა რეკლამირებული, მაგალითად, გაზეთ "კომერსანტ"-ში ("КоммерсантЪ") სათაურით "საქართველოში გულგრილი არცერთი სტუმარი არ დარჩება". ავტორი - პეტრე ვორონკოვი ტურიზმის მოყვარულებს ურჩევს, თუ რა უნდა დაათვალიერონ მზიურ სახელმწიფოში.

"ზღვა, მთები, მინერალური წყლები - საქართველოს მთელი ბუნება, მისი ეროვნული სამზარეულო, არაჩვეულებრივად სტუმართმოყვარე ხალხი პირველივე შეხედვით შეგიყვარდებათ. აქ გულგრილი არავინ არ დარჩება, ყველაზე გამოცდილი და ბევრისმნახველი მოგზაურიც კი. ვლადიმერ მაიაკოვსკი წერდა თავის ცნობილ ლექსში "ვლადიკავკაზი - ტფილისი": მე ვიცი: უმღერდნენ ედემს და სამოთხეს, მაგრამ თუ ლექსავდნენ ოცნებით,

ალბათ, საქართველო ედემად გამოჰყვეს,

მასზე თუ გალობდნენ მგოსნები.

დიახ, საქართველოს ბევრი დიდი ადამიანი უმღეროდა, ბევრი ხატავდა მის სილამაზეს, მაგრამ ვერცერთი პოემა, ვერცერთი სურათი ვერ მოგიყვებათ ქვეყანაზე მეტს, თუ მას საკუთარი თვალით არ ნახავთ. ალბათ, სწორი იქნება, თუ მოგზაურობას ძველი თბილისიდან დაიწყებთ. ის თითქოს დროშია გაჩერებული, რამდენიმე საუკუნის წინანდელ პერიოდში: მიხვეულ-მოხვეული ქუჩა-ბანდები, ძველი სახლები უძველესი ეკლესია-მონასტრები...

ცხადია, საქართველოს დასათვალიერებლად ორკვირიანი შვებულება კი არა, წლებიც კი არ გეყოფათ, მაგრამ შეეცადეთ მოხვდეთ მცხეთაში. ასეული საუკუნეების წინ მცხეთა ქართველთა სამეფოს დედაქალაქი იყო. სწორედ აქ მიიღეს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. წაბრძანდით უნიკალურ სიღნაღში, რომელსაც საქართველოში არსებულ პატარა იტალიას უწოდებენ და რომელიც ქვეყნის მეღვინეობა-მევენახეობის მხარეში - კახეთში მდებარეობს. დაათვალიერეთ ბეთანიის მამათა მონასტერი, რომელიც მე-11 საუკუნიდან დღემდე მოქმედებს, კლდეში გამოკვეთილი ქალაქი ვარძია, რომლის მშენებლობის ინიციატორები თამარ მეფე და მისი მამა გიორგი იყვნენ. შესვით ბორჯომის მინერალური სამკურნალო წყალი ადგილობრივი შადრევნებიდან, ისიამოვნეთ შავი ზღვის პლაჟებით ბათუმში... ყველაფერს ვერ ჩამოთვლის ადამიანი.

რაც შეეხება ქართულ სამზარეულოს, ეს ხომ საუკუნეობრივი ტრადიციებია ქართული სუფრისა. ოდესღაც ალექსანდრე პუშკინს უთქვამს - "ყოველი ქართული საჭმელი - ეს მთელი პოემაა". კლასიკოსებს კი, როგორც ცნობილია, ვერ შეედავები. ან რატომ უნდა შეედავო? (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ