"შეიძლება, რამე არაადეკვატურს ვაკეთებდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე სიყვარულის გამო ვიქცევი" - კვირის პალიტრა

"შეიძლება, რამე არაადეკვატურს ვაკეთებდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე სიყვარულის გამო ვიქცევი"

"ერთი შეხედვით პოზიტიური ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ - სულ გაღიმებული ვარ, მაგრამ როგორც კი ჩემს ფეთქებად ხასიათს ვავლენ, ადამიანების დიდ გაოცებას ვიწვევ"

სახელი, გვარი: ნინო მუმლაძე. პროფესია: მსახიობი.

განათლება: დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა და სოხუმის თეატრების მსახიობი. ასევე მონაწილეობს სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები".

ჰობი: წერა, კულინარია, ხატვა.

- ნინო, მსახიობობის გარდა, ყველაზე უკეთ რომელი საქმე გამოგდის?

- კულინარია. სამზარეულოში ექსპერიმენტების ჩატარება მიყვარს: გურმანი ვარ და მუდამ ახალ გემოებს ვეძებ.

- შენი საფირმო კერძი რომელია? - ალბათ, უნგრული კერძი - პაპრიკაში.

- შენი ცხოვრების მთავარი მოტივატორი რა არის?

- რაკი ამჟამად დაოჯახებული არა ვარ, ვერ ვიტყვი, - შვილებისთვის ვიღვწი-მეთქი... ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და კომფორტია, რის გამოც ვმუშაობ, ვწვალობ, ვიბრძვი და წინ მივდივარ.

- როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ? - თუ დილით ადრე ავდექი, მაშინ - გაბურძგნილ და დაღლილ ქალს (იცინის). თუ გამოძინების საშუალება მაქვს, მაშინ - არა უშავს...

- 1 თვის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?

- ალბათ შავს ან წითელს, მაგრამ ეს ფერები ერთმანეთს ისე უხდება, რომ ყოველთვის ვუხამებ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ წითელი "ჩემია", თუმცა მუდამ წითელი სამოსის ჩაცმა მომაბეზრებელია. ამიტომ თუკი მხოლოდ ერთ ფერზეა საუბარი, უპირატესობას შავს მივანიჭებ, რადგან ძალიან პრაქტიკულია და თან, ცოტათი "მახდუნებს".

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი? - ფრენის. თითქმის დაბადებიდან ამაზე ვოცნებობ: ჯერ ერთი, საცობებში არ ჩავდგებოდი, მეორე - ყველგან მაგვიანდება, ფრენით კი - ვფიქრობ, დანიშნულების ადგილამდე უფრო ადვილად მივაღწევდი, უფრო პუნქტუალური გავხდებოდი. ჩემთვის ფრენა თავისუფლებასთანაც ასოცირდება...

- ყველაზე გულახდილი ურთიერთობა ვისთან გაქვს? - ჩემს დასთან და უახლოეს მეგობრებთან.

- როცა არასასურველი ადამიანი გეფლირტავება, როგორ იქცევი?

- არ ვიმჩნევ (იცინის). თუ ეს ინტერნეტში ხდება, ვაიგნორებ, ხოლო თუ რეალურ ურთიერთობაში, ვცდილობ, ლამაზად მოვიშორო და აგრესია არ გამოვიწვიო: 1-2 გაღიმებით ვაგრძნობინებ, რომ მისი ფლირტი ჩემთვის სასურველი არ არის. თუ შეუგნებელია, შეიძლება, პირდაპირ ვუთხრა კიდეც.

- აგრესიის გამოხატვისგან თავშეკავებას როდის ვერ ახერხებ? - ხშირად ვერ ვახერხებ - მართლა ძალიან ფეთქებადი ხასიათი მაქვს. შეიძლება, ერთი შეხედვით პოზიტიური ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ - სულ გაღიმებული ვარ, მაგრამ როგორც კი ჩემს ფეთქებად ხასიათს ვავლენ, ადამიანების დიდ გაოცებას ვიწვევ. ყველაფრის გამო არ ვმწარდები, მაგრამ შეიძლება, რაღაც გულზე ცუდად მომხვდეს ან ჩემს თავმოყვარეობას შეეხოს რაღაც ისეთი, რაც სხვისთვის წარმოუდგენელია. ამ დროს თუ ძალიან აღვშფოთდი, თავს ვერ ვიკავებ. საერთოდ, ემოციური ადამიანი ვარ - დადებითსაც და უარყოფით ემოციებსაც მკვეთრად ვავლენ.

- როგორი გოგოა შენი პერსონაჟი - ნათია სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები"? - ბოლო სეზონის განმავლობაში, სულ "უთავმოყვარეო" მეძახეს (იცინის). მგონია, რომ სიყვარული, პირადი ურთიერთობა ადამიანს ხშირად აიძულებს, თავმოყვარეობა თუ ამპარტავნება დაივიწყოს, რადგან ვერ დავიჯერებ, რომ შეყვარებული ადამიანი ჯერ თავმოყვარეობაზე ფიქრობს, მერე კი - პირად ურთიერთობაზე. ვფიქრობ, რაც ნათიას თავს ახლა ხდება, ლოგიკურია: ბოლოს და ბოლოს, მას დათოსგან შვილი ჰყავს. შვილის გაზრდაში დათოც ეხმარება. საერთო შვილის გარდა, ის ფაქტორიც მოქმედებს, რომ ნათია დაავადებულია და შეიძლება, ხვალ-ზეგ სხვა მამაკაცთან თავი კარგად ვეღარ იგრძნოს. დათო ის ადამიანია, რომელთანაც ნათიას დიდი რომანი, წლები, შვილი აკავშირებს და როცა საშუალება მიეცა, ამ ადამიანთან ერთად ეცხოვრა და ამით მისთვის დახმარება გაეწია, შანსი გაუჩნდა, რომ გარკვეულწილად, თავისი პირადი ცხოვრება დაელაგებინა. ასეთ სიტუაციაში მისი ქმედება ჩემთვის გასაგებია. არ მიმაჩნია, რომ რაღაც გამაოგნებლად უთავმოყვარეო ჩაიდინა, რადგან კაცმა უთხრა, - ცოლი არ მყავს, დახმარება მჭირდება. თან, შენთან თავს კარგად ვგრძნობ და მინდა შენ გვერდით ვიყოო. ამას ის ადამიანი რომ გეუბნება, რომელთანაც შვილი გყავს და ურთიერთობაც გინდა, რომელი ქალი არ დათანხმდებოდა (იცინის)?..

- ნათიას თავს გადამხდარი ამბები შენს რეალურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს? - რა თქმა უნდა. მკვეთრ და ნაკლებად მკვეთრ შეფასებებს ვიღებ, მაგრამ ეს ჩვენი პროფესიის ნაწილია და ჩემთვის სასიამოვნოა, როდესაც ადამიანები სერიალის განხილვაში ასე აქტიურად ჩართულები არიან, კარგ კომენტარებს აკეთებენ. ყველაფერი იმის მიმანიშნებელია, რომ სერიალს მაყურებელი ჰყავს და მსახიობის როლი ვიღაცისთვის საინტერესო და განსახილველია. ჩემი მთავარი მიზანიც ეს არის...

- სიყვარულის გამო არაადეკვატური საქციელი ჩაგიდენია? - იცი, რა?.. შეიძლება, რამე არაადეკვატურს ვაკეთებდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე სიყვარულის გამო ვიქცევი (იცინის). უბრალოდ, ასეთი ვარ. თუკი არაადეკვატურ რამეს ჩავდივარ, ე.ი. იმ კონკრეტულ სიტუაციაში ასე მინდა და მორჩა. ვერ ვიტყვი, როცა შეყვარებული ვარ, ჩემი ხასიათი, ქცევები რადიკალურად იცვლება-მეთქი.

- გულწრფელი ბოდიში ბოლოს ვის და რის გამო მოუხადე? - ისეთი ადამიანი არ ვარ, რომელსაც ბოდიშის მოხდის ერიდება. ვფიქრობ, ადამიანებს შეცდომა ხშირად მოგვდის. ეს ნორმალური, ბუნებრივია. ამქვეყნად უცოდველი არავინაა. მიმაჩნია, რომ შეცდომის გაანალიზება, აღიარება, შემდეგ კი ამ შეცდომის გამო ბოდიშის მოხდა ბევრად ადამიანური საქციელია, ვიდრე სიამაყის და ამპარტავნობის გამო დაშვებული შეცდომის იგნორი. ამიტომ, დაშვებული შეცდომების გამო ბოდიშს ყოველთვის თამამად ვიხდი, თუკი, რა თქმა უნდა, რეალურად, ჩემი ბრალია და გაუთვალისწინებლად შეცდომა დავუშვი. ვცდილობ, შეგნებულად არაფერი დავაშავო... ჩემ მიერ ბოდიშის მოხდის განსაკუთრებულ ფაქტს ვერ ვიხსენებ - მობოდიშება ჩვეულებრივად შემიძლია.

- როგორი მოსწავლე იყავი? - კარგი. კარგ ნიშნებზე ვსწავლობდი. განსაკუთრებულად ალგებრა მიყვარდა. ჩემს მასწავლებელს იმედი ჰქონდა, ისეთ ფაკულტეტზე ჩავაბარებდი, სადაც მათემატიკის მიმართ სიყვარული გამომადგებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა: მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა. მოგეხსენებათ, სტერეოტიპი არსებობს, თითქოს ხელოვან ადამიანს ტექნიკური საგნების არაფერი გაეგება. ასე ნამდვილად არაა. სამეცნიერო, დოკუმენტურ ფილმებს სიამოვნებით ვუყურებ, საინტერესო რაღაცებს ვკითხულობ და ა.შ.

- ბოლოს როდის იტირე? - "ჩემი ცოლის დაქალების" მე-18 სერიის გადაღებისას, როცა ჩემი გმირი საძინებელ ოთახში შედის და ბარგის ჩალაგებას ცდილობს. იმ დროს ძალიან მინდოდა, თვალებიდან ბუნებრივი ცრემლი წამომსვლოდა. ვიტირე კიდეც, მაგრამ კადრში საერთოდ არ გამოჩნდა (იცინის).

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- რაკი პროფესია უკვე არჩეული მაქვს, ვფიქრობ, ჩემგან სარგებელი ზუსტად ის არის, რისი გაკეთებაც ჩემი პროფესიის ფარგლებში შემიძლია, ანუ ადამიანებს მეტი ემოცია, განცდა, სიხარული და ისეთი წუთები ვაჩუქო, რომელიც განტვირთვის საშუალებას მისცემს, საკუთარ პრობლემებს რამდენიმე წუთით დაავიწყებს და გახალისდებიან ამ ცუდ დროში...

- შენს საყვარელ ფილმში რომელ მსახიობს ჩაანაცვლებდი? - მგონია, რომ მერილ სტრიპი უნიკალური მსახიობია, რომელსაც საშუალება მიეცა, პრაქტიკულად, ყველა ჟანრის ფილმში ეთამაშა. რა თქმა უნდა, პრეტენზია არა მაქვს, რომ ისეთი "ჰაი კლასის" მსახიობი ვარ, როგორიც მერილ სტრიპია, მაგრამ მინდა ოდესმე იმას მივაღწიო, რომ მის მსგავსად, მეც მრავალფეროვანი პერსონაჟები განვასახიერო. კონკრეტულად ერთ როლზე "ჩაციკლული" არ ვარ. ბუნებრივია, როცა ფილმს უყურებ, ამბობ: ამ როლს სიამოვნებით მოვირგებდიო... ასეთი ბევრია...

- პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან ყველაზე მეტად, რა გიქმნიდა დისკომფორტს? - კომენდანტის საათი. საერთოდ, ცხოვრებას 9 საათის შემდეგ ვიწყებდი, ახლა კი - მამთავრებინებენ (იცინის). ნახევარი წელი ასეთი სიტუაცია აბსოლუტური მარაზმი მგონია. საღამოს 8 საათზე, 9-ის ნახევარზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხალხი ერთმანეთს იმის გამო "აჯდა", რომ ორიათასლარიანი ჯარიმა არ მიეღო. მგონია, ეს კომენდანტის საათი ლოგიკას აბსოლუტურად მოკლებული, არაფრის მომცემი რეგულაციაა. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებსაც დროს ტარება, დაბადების დღის წვეულებაზე წასვლა სურთ, ამას მაინც აკეთებენ და იმის გამო, რომ კომენდანტის საათი იწყება, მთელი ღამე ერთად არიან. სიტუაციის შემსუბუქების ნაცვლად, კომენდანტის საათი გვაიძულებს, ვითარება კიდევ უფრო გავართულოთ. პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ასატანი იყო, ამდენ ხანს კი - უკვე აბსოლუტური მარაზმია... კიდევ კარგი, ახლა დრო 23 საათამდე მაინც გადასწიეს.

ეთო ყორღანაშვილ ჟურნალი "გზა"