დაბრუნება 100 წლის შემდეგ
"ქვეყანამ თავის გმირებს პატივი უნდა მიაგოს. ყველა ქართველმა თავისი გმირების განსასვენებელი უნდა იცოდეს"
100 წლის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს სამშობლოში ქვეყნიდან "დროებით" წასული პირველი რესპუბლიკის მთავარსარდალი, გენერალი გიორგი კვინიტაძე "დაბრუნდა..." ამ დღეს ქართველი საზოგადოება მხოლოდ დამოუკიდებლობას კი არა, ამ იდეის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, თავგანწირული მებრძოლის, მერაბ კოსტავას დაბადების დღესაც ზეიმობს. "ჩვენ დავამარცხებთ რუსეთის იმპერიას", - თქვა გადასახლებიდან დაბრუნებულმა მერაბ კოსტავამ მაშინდელი საქართველოს ცეკას პირველი მდივნის კაბინეტში, რაც, მისი თქმის არ იყოს, იქნებ ბიძგია იმისა, რომ "დროა, დიდ ერად ქცევაზე ოცნების ჟამმა დარეკოს. დაე, არწივის გაფრენას ედაროს ოცნება იგი, რათა ოცნება მიზნად იქცეს, მიზანი კი საქმედ!.." ეს დღე მერაბისა და მისი წინამორბედების, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის დამაშვრალი ადამიანების სახელთან არის შესისხლხორცებული. იდეის ხორცშესხმა, რომლისთვისაც ჯერ კიდევ მეათეკლასელი ბიჭები, მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია, თანატოლებთან ერთად იბრძოდნენ, მხოლოდ მათი გარდაცვალების შემდეგ გახდა შესაძლებელი, მაგრამ მას ისევ სჭირდება დაცვა, შენება და განმტკიცება, ამას კი ქართველების გარდა, ვერავინ გააკეთებს, როგორ ძლიერადაც უნდა გვიჭერდნენ მხარს და გვამხნევებდნენ პარტნიორები...
გასული 30 წლის განმავლობაში, არაერთი შეცდომის მიუხედავად, ქვეყანამ მაინც წინ იარა, ისე, როგორც ეს უმძიმესი ისტორიული მემკვიდრეობითა და რუსეთთან მეზობლობით შეძლო. ეროვნული გმირების ღირსეულად მიღება და დაფასება კი შემდგარი საზოგადოების საწინდარია... ქართველი ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის გენიალური სიტყვების არ იყოს, იქნებ "გვჭირდება განთავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპებისგან... იმდენ ხანს ვთვლემდით, ისე გავიყინეთ, დღეს ხელახლა უნდა ვისწავლოთ სიცოცხლის გარჩევა სიკვდილისგან, ოცნებისა - რეალობისგან... საბჭოურად დაპატარავებულებმა დავკარგეთ პოლიტიკის შეგრძნების უნარი, აღარ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ რთულ საზოგადოებაში". ამ სიტყვებს აქტუალურობა დღემდე არ დაუკარგავს.
ქართული სამხედრო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი
26 მაისისთვის საქართველოში ჩვენი ეროვნული გმირის, გიორგი კვინიტაძის შთამომავლებიც ჩამოვიდნენ და გენერლის ქამარ-ხანჯალი და სხვა პირადი ნივთები ეროვნულ მუზეუმს გადასცეს. გიორგი კვინიტაძის ნეშტი სამშობლოში 22 მაისს ჩამოასვენეს. უფრო ადრე, 18 მაისს, პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიაში მისმა წინამძღოლმა მამა არჩილ დავრიშაშვილმა საქართველოს ჯარების ყოფილი მთავარსარდლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩაატარა, რა დროსაც საფრანგეთის ქართული ემიგრაცია გენერალს გამოემშვიდობა.
მისი ცხოვრების გზა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რის ფასად მოვიდა ქვეყანა აქამდე. გენერალ კვინიტაძეზე ამბობდნენ, სულით სამხედროაო. ის შეიარაღებული ძალების შესახებ წერდა: "არმია თავისი ხალხის თვისებების ანარეკლია, რადგან პირმშოა ამ ხალხისა, მისი სისხლი და ხორცი. არმია სარკესავით აირეკლავს თავისი ხალხის ყველა კეთილ და მანკიერ თვისებას, მისი ძლიერებისა და ბრძოლისუნარიანობის ხარისხი შეესაბამება ხალხის შინაგანი ძლიერების და განვითარების ხარისხს".
გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში. 1918-1921 წლებში იბრძოდა სხვადასხვა ფრონტზე. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.
დიდი წვლილი შეიტანა 1919 წელს იუნკერთა სასწავლებლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. "ქართული სამხედრო აზროვნების სამჭედლო" - ასე უწოდებდა გენერალი ქართულ სამხედრო სკოლას, რომელიც მის სანუკვარ სამშობლოში 94-წლის შემდეგ აღდგა და დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი გიორგი კვინიტაძის სახელს ატარებს.
სამხედრო სკოლაში სწავლა ჯერ ორწლიანი, 1901 წლიდან კი სამწლიანი გახდა. 1897 წლიდან სურამის ტერიტორიაზე საწვრთნელი ბანაკიც ჰქონდათ. 1914 წლის ნოემბერში სასწავლებელს რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი ნიკოლოზ IIმეორე ეწვია. 1917 წლის წითელი რევოლუციის შემდეგ მოსკოვმა იუნკერთა სასწავლებლის დახურვა ბრძანა, თუმცა სასწავლებლის ადმინისტრაცია არ დაემორჩილა.
1918 წლის 26 მაისიდან სამხედრო სასწავლებელი დამოუკიდებელი საქართველოს იურისდიქციაში გადავიდა, 1919 წლიდან კი ქართულ ყაიდაზე გადაკეთდა. რეფორმას გენერალ ალექსანდრე ანდრონიკაშვილთან ერთად, გენერალ-მაიორი კვინიტაძეც ხელმძღვანელობდა, რომელიც სასწავლებლის უფროსიც იყო და პედაგოგიც, იუნკრებს სამხედრო ისტორიას ასწავლიდა. მას შემდეგ, რაც კვინიტაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდალი გახდა, სასწავლებელი პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩხეიძემ ჩაიბარა.
"ტყვიას დავიხლი შუბლში, ვიდრე მტერს დედაქალაქს უბრძოლველად დავუთმობ!"
ჯერ კიდევ მთავარსარდლად ერთი დღის დანიშნულ გენერალს, მაშინ როდესაც ჯარი თითქმის არ ჰყავდა და რუსები თბილისს იყვნენ მომდგარი, უთქვამს, ტყვიას დავიხლი შუბლში, ვიდრე მტერს დედაქალაქს უბრძოლველად დავუთმობო. გარემოებათა გამო ტყვია შუბლში არ დაუხლია, მაგრამ დარჩენილი ცხოვრება საყვარელი ქვეყნისა და საქმისგან მოწყვეტილმა გაატარა. სამშობლოს დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ერთად მისი სამხედრო კარიერაც დასრულდა - მას არც ერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში აღარ უმსახურია.
გენერალ კვინიტაძეს საბჭოთა რუსეთის სამხედრო დაზვერვა ასე ახასიათებდა: "ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა: აღტყინება, შეტევა, ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზე ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრული უშიშრობა; იცის მასების გამხნევება და მათი გატაცება. ნერვიული, განუწყვეტლივ ეწევა პაპიროსს. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა".
ქართულმა არმიამ თბილისთან გამართული ერთკვირიანი გმირული ბრძოლების შემდეგ დედაქალაქი დატოვა. პოზიციების შენარჩუნება ვერც მცხეთასა და გორთან მოხერხდა და მცირე არიერგარდული ბრძოლებით სამხედრო შენაერთებმა ხაშურისა და ლიხის ქედისკენ დაიხიეს. აქ დაგეგმა გენერალმა კვინიტაძემ საბჭოთა რუსეთის არმიის დაჯგუფების ავანგარდზე იერიში, ალყაში მოქცევა და განადგურება. თუმცა თბილისის აღების შემდეგ რუსებმა ბათუმის მიმართულების ჯგუფიც შექმნეს, რომლის ამოცანა იყო ქართული არმიის დევნა მცხეთა-გორი-სურამის მიმართულებით და სურამის უღელტეხილის დაკავება. იმავდროულად, რუსული სამხედრო შენაერთები ქართველებს აფხაზეთის მიმართულებიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმომავალი უღელტეხილებიდანაც უტევდნენ. შესანიშნავი სტრატეგი და გულანთებული მებრძოლი ოპტიმიზმს არ კარგავდა, პოლიტიკური ხელმძღვანელობის განწყობაც ამგვარი იყო. ბრძოლის დაწყებამდე კვინიტაძე მეთაურებისგან ძალების მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვდა: "სამშობლოს გადარჩენისთვის მოვითხოვ ყველა უფროსებისგან ძალების უმაღლეს დაჭიმვას და უსაზღვრო სამსახურს, რათა რადაც უნდა დაგვიჯდეს, მოპირდაპირის დამარცხებას მივაღწიოთ!" - მიმართა მან სამხედროებს.
"4 მარტის დილით შეტევა წარმატებით წარიმართა. სუმბათაშვილისა და მაზნიაშვილის დაჯგუფებებმა ჯერ საარტილერიო ცეცხლით დაამუშავეს მოწინააღმდეგე და შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტიც დაიკავეს. წარმატებით ვითარდებოდა შეტევა ფლანგსა და ზურგში. გვარდიელებმა მეტოქის ფლანგს შემოუარეს, თუმცა დაღამებამდე მოწინააღმდეგის ზურგში გასვლა და ალყაში მოქცევა ვერ მოხერხდა, რაშიც კვინიტაძე ბრალს გვარდიას დებს, რადგანაც გვარდიელებმა შეტევა დათქმულ დროზე საათ-ნახევრით გვიან დაიწყეს. ოპერაციის დასრულება მეორე დილისთვის გადაიდო. დაღამებისას არმიის შტაბში მსუბუქად დაჭრილი ვალიკო ჯუღელი მივიდა. მისმა დაჭრამ გვარდიის ნაწილებში არევ-დარევა გამოიწვია, თუმცა მისივე თქმით, მას მოუხერხებია გვარდიელთა დამშვიდება. გენერალური შტაბის ოფიცრები მომავალი გამარჯვების მოლოდინში ხელებს იფშვნეტდნენ, მაგრამ ამ სასიხარულო განწყობას 5 მარტის ღამის პირველ საათზე გენერალ კონიაშვილის ტელეფონის ზარმა ცივი წყალი გადაასხა. მან მთავარსარდალს უპატაკა, რომ გვარდიამ თვითნებურად, ბრძოლის გარეშე მიატოვა პოზიციები და სურამისკენ დაიხია. ახლა უკვე წინ გაჭრილი ქართული არმია ვარდებოდა ალყაში. გვარდიელთა ამ ქმედებამ შეუძლებელი გახადა ბრძოლის გაგრძელება. გენერალური შტაბის პოლკოვნიკი ვალერიან თევზაძე იხსენებდა ამ ამბით გულშეძრულ მთავარსარდლის მძიმე სულიერ მდგომარეობას და თვითმკვლელობის განზრახვას: "მთავარსარდალი მეტად ღელავდა. აბა, თევზაძევ, თავის მოკვლაღა დამრჩენია, არა? - მომმართა სევდიანი ხმით. შევწუხდი ძალიან, ვგრძნობდი, რა აზრები უტრიალებდა ამ დროს თავში მთავარსარდალს", - ვკითხულობთ ჟურნალ "ისტორიანის" ერთ-ერთ გამოცემაში, რომელიც გიორგი კვინიტაძის სამხედრო მოღვაწეობას მიეძღვნა.
მალე ქართულმა არმიამ დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლა, ჯერ ქუთაისთან, შემდეგ კი საჯავახოს ხაზზე გამაგრდა, მაგრამ მტერი უკვე ყველა მიმართულებიდან ალყაში აქცევდა არმიის ნაწილებს. მთავრობისა და არმიის ტყვეობა გარდაუვალი ჩანდა. ამიტომ გადაწყდა ქვეყნიდან წასვლა. ემიგრაციაში წამსვლელთა შორის აღმოჩნდა გიორგი კვინიტაძეც, რომელმაც პარიზში 1970 წლამდე იცოცხლა.
"არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა", - ეს სიტყვები, ალბათ, სამშობლოს უანგარო სიყვარულის საზომია, რომლის მძიმე ხვედრიც ასე ზუსტად გადმოსცა ამ ჟრუანტელისმომგვრელ ფრაზაში.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გენერალი გიორგი კვინიტაძე, სამების საკათედრო ტაძრიდან სიმღერით "ჰერიო ბიჭებო" გაასვენეს და მთაწმინდის პანთეონში ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით სამხედრო პატივით დაკრძალეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II II-მ ბრძანა: "უცხოეთში გადახვეწილი, გაჭირვებაში მცხოვრები, გულგატეხილი მხედართმთავარი, სიმბოლო ვაჟკაცობისა, გონიერებისა და თავდადებული მოღვაწეობისა, სიცოცხლეში, ალბათ, ვერც იოცნებებდა ასეთ დაბრუნებაზე; ვერ იოცნებებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დამაშვრალი სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს პატივით მიებარებოდა სამშობლოს მიწას".
"ყველა ქართველმა უნდა იცოდეს თავისი გმირების განსასვენებელი"
მალხაზ გოლეთიანი, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი: - ქართველი გენერლის ქართული მიწისთვის მიბარება ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია. გიორგი კვინიტაძე თავისი ქვეყნის გულანთებული პატრიოტი იყო. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ახლა მაინც მოგვეცა შესაძლებლობა მისი ნეშტი ქართული მიწისთვის საკადრისი სამხედრო პატივით მიგვებარებინა. ის 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს ჯარების ბოლო მთავარსარდალი იყო, პირველი რესპუბლიკის ჯარს ხელმძღვანელობდა. კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლის გამორჩეულად მძიმე, 1921 წლის 13-24 თებერვლის დღეებში დემორალიზებული, დაშლილი ჯარის შეკვრა შეძლო და ქართულმა ჯარმა ძალზე მცირე რესურსებით დიდი დანაკარგი მიაყენა რუსეთის საოკუპაციო ძალებს.
ჯაბა სამუშია, ისტორიკოსი: - სიმბოლურია, რომ გენერალი გიორგი კვინიტაძე სამშობლოს იძულებით დატოვებიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ საქართველოს "დაუბრუნდა". ეს არის მტერზე გამარჯვების კიდევ ერთი დასტური და ნიშანი, რომ საქართველო თავის გმირებს აფასებს. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ისე წარიმართა, რომ სამხედრო ელიტა, რომელიც 1918-21 წლებში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, რამდენიმე მათგანს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს გარეთ არის დაკრძალული. მათი საძვალე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშია. ვინც საქართველოში დარჩა, აბსოლუტური უმრავლესობა საბჭოთა ტერორმა შეიწირა. ქვეყანამ თავის გმირებს პატივი უნდა მიაგოს. ყველა ქართველმა თავისი გმირების განსასვენებელი უნდა იცოდეს.
"ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში"
ცივილიზებული მსოფლიო დიდი წარსულის მქონე პატარა ქვეყანას რომ მხარს უჭერს და მის ნაწილად მიიჩნევს, საპასუხისმგებლოა. საოცარი და გასახარი იყო 26 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების საქართველოს დროშის ფერებში ხილვა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მისალოცი ტექსტები. საქართველოს დამოუკიდებლობის პატივსაცემად ეროვნული დროშის ფერებში განათდა კანადის ყველაზე ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარის ჩანჩქერი; კანადაში საქართველოს საელჩოს მიმართვის საფუძველზე ტორონტოს მერიამ პირველად აღმართა საქართველოს დროშა; ვილნიუსში ქალაქის სამი ისტორიული ხიდი, ხოლო კაუნასში ძველი მერიის შენობა და ცენტრალურ მოედანზე შადრევანი ჩვენი ეროვნული დროშის ფერებში განათდა; ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი, ბრაზილიაში სან-პაულუს შტატის ინდუსტრიათა ფედერაცია, რიო-დე-ჟანეიროში კი საქართველოს დროშის ფერებში ქრისტეს ცნობილი ქანდაკება გაანათეს; ბელგიაში 26 მაისის აღსანიშნავად ბრიუსელის სიმბოლო, ცნობილი ქანდაკება Manneken-Pis-ი ქართული ჩოხით შემოსეს; ბულგარეთში ქართული დროშის ფერებით განათდა კულტურის ეროვნული სასახლე, ჩრდილოეთ მაკედონიაში კი სკოპიეს არქეოლოგიური მუზეუმი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ამერიკა დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს: "ამერიკა თქვენ გვერდით დგას. შეერთებულ შტატებში მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების მხარდამხარ მსახურობენ და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრების პერიოდში", - ნათქვამია ჯო ბაიდენის მილოცვაში.
26 მაისი მოგვილოცა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამაც და აღნიშნა, რომ ლიეტუვა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას არასოდეს შეეგუება: "თავისუფლებით გაერთიანებულები მუდმივად ვუახლოვდებით ერთმანეთს. ლიეტუვა პატივს მიაგებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას შექმნან დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს, ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეთ. თქვენი წარმატება, ჩვენი წარმატება იქნება!" - წერს გიტანას ნაუსედა.
სიმბოლურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდა პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია: "ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ. გელოდებით, ქართველებო, ნატოში, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობის მშენებლობას. პოლონეთის სახით გყავთ მეგობარი, რომელიც გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე".
თურქეთში საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდა ანკარის მთავარი სიმბოლო - ათაქულეს კოშკი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მისალოც წერილში გამოთქვამს რწმენას, რომ ორი ხალხის მეგობრობა, ახლომეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება: "მწამს, რომ ჩვენი ხალხების მეგობრობისა და საერთო ინტერესების საფუძველზე მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი ყოველდღიურად მზარდი ახლომეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საქმეში".
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ვიდეომიმართვაში ჩვენს ქვეყანაში გატარებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა: "ევროკავშირი ამაყობს, რომ ის საქართველოს უახლოესი პარტნიორია, განსაკუთრებით პანდემიის დროს, როდესაც ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ ნამდვილი მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობა. ჩვენ ერთად უკვე ძალიან ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ იმედია, მომდევნო წლებში საქართველო ჩვენი პარტნიორობისგან უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. გაუმარჯოს საქართველოს!". ევროკავშირის წარმომადგენლობის გუნდმა დამოუკიდებლობის დღე საქართველოს სპეციალური ვიდეორგოლით მიულოცა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ვიდეომიმართვა გაავრცელა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტაკაში უტომ: "იაპონიისთვის საქართველო უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რომელთანაც ისეთი საერთო ღირებულებები გვაქვს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. ბედნიერი ვარ, რომ ბოლო წლებში იაპონიისა და საქართველოს ურთიერთობა პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის და სხვა სფეროებში გაღრმავდა და განვითარდა. იანვარში ჩვენს ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებასა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებას".