ვინ არის უკრაინაში დაკავებული ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი "პრინცი" და რომელ "კრიმინალურ ავტორიტეტებს" შეეხოთ ზელენსკის სანქციები - კვირის პალიტრა

ვინ არის უკრაინაში დაკავებული ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი "პრინცი" და რომელ "კრიმინალურ ავტორიტეტებს" შეეხოთ ზელენსკის სანქციები

საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, უკრაინაში, ქალაქ ზაპოროჟიეში კიდევ ერთი ქართველი "კანონიერი ქურდი" პაატა ჩხარტიშვილი, იგივე "პრინცი" დააკავეს.

მას ნარკოტიკსა და იარაღთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ საქმიანობას ედავებიან. 26 მაისს გამართულ სასამართლოზე ჩხარტიშვილი დარბაზშივე დააკავეს და წინასწარი პატიმრობის სახით 60 დღე მიუსაჯეს.

ჩხარტიშვილის შესახებ აქამდეც აქტიურად წერდა უკრაინული მედია. 2019 წელს, უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის ვიაჩესლავ აბროსკინის განცხადებით, უკრაინაში მუდმივად იმყოფება 15 "კანონიერი ქურდი", რომელთაგანაც 12 მილიონერია. ამ სიაში მოხვდა ახლახანს დაკავებული "უმკა", იგივე სერგეი ოლეიკინი და პაატა ჩხარტიშვილი, იგივე "პრინცი".

პოლიციის მაღალჩინოსნის განცხადებით, ჩხარტიშვილის კონტროლის ქვეშ მთელი ზაპოროჟიის გარდა, უკრაინის სხვა ქალაქებიცაა. მისი მთავარი ბიზნესი კი ადგილობრივ დანგრეულ ქარხნებს უკავშირდება, სადაც ძვირფას მეტალს მოიპოვებდნენ. ამასთანავე, "პრინცი" ადგილობრივ ბიზნესს მფარველობს.

შეგახსენებთ, რომ 21 მაისს უკრაინაში, პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით ახალი სანქციები მიიღეს, რომლის მიხედვითაც, სამართალდამცავები აქტიურად ებრძვიან "კანონიერ ქურდებს". მათ უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრება ეკრძალებათ.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიღებულ სიაში მოხვედრილი 10 "კრიმინალური ავტორიტეტი", რამდენიმე დღის წინ უკვე გააძევეს უკრაინის ტერიტორიიდან.

სანქციები "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ

მაისში უკრაინამ ახალი სანქციები 557 "კანონიერი ქურდისა" და 11 უცხო ქვეყნის მოქალაქე "კრიმინალური ავტორიტეტის" წინააღმდეგ აამოქმედა. იმ "კანონიერ ქურდებს" შორის, რომელთა წინააღმდეგაც უკრაინამ ახალი სანქციები შეიმუშავა, მოხვდნენ: პოლიკარტ ჯანელიძე, გიორგი ხმელიძე და სხვები. სანქციების მიხედვით, ყველა აქტივი, რომელიც ამ პირების მფლობელობაშია, დაიბლოკება. გარდა ამისა, მათ ეკრძალებათ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. მათ გააუქმეს ვიზებიც და ქვეყანაში ცხოვრების უფლებაც.

ამ სანქციების ფარგლებში დააკავეს ლაშა ჯაჭვლიანი, იგივე "ლაშა სვანი", რომელსაც 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. (წყარო)

სიაში, რომელიც უკრაინის 15 მოქალაქე "კანონიერი ქურდისგან" შედგება, ქართველებიც მოხვდნენ:

1. სერგეი ლისენკო

2. გიორგი ლობჟანიძე, იგივე "ქუცუ"

3. რუსლან გეგეჭკორი, იგივე "შლიაპა"

4. ანდრეი ნედელსკი

5. გლებ აშუმოვი

6. ანთიმოზ კუხილავა, რომელსაც უკრაინის კრიმინალური სამყაროს მეფეს ეძახიან

7. თამაზ ქავთარაძე

8. ალექსანდრ არტემოვი

9. ალექსანდრ გვინცაძე

10. ალექსანდრ სტანევი

11. გიორგი მოდებაძე, იგივე "გეგა ოზურგეთსკი"

12. სერგეი ოლეიკინი, იგივე "უმკა"

13. ვასილი რუსანი

14. არმენ ხაჩატრიანი

15. გიორგი ხმელიძე, იგივე "ხმელო".

მოამზადა ნიკა გულუამ