"დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის! ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ" - კვირის პალიტრა

"დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის! ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ"

დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის! ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია დღეიდან პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად იქნება ჩართული.

"ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ბოლო პერიოდის განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს. ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრი მოქალაქისთვის, აბსოლუტურად ნათელია, რომ დღეს საქართველოს სჭირდება ის გუნდი, რომელსაც შეუძლია სიმართლეს გაუსწოროს თვალი, რომელსაც შეუძლია და უნარი შესწევს სიმართლე უთხრას საქართველოს მოქალაქეს, უთხრას სიმართლე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. და რაც მთავარია, მოქალაქეებთან ერთად, მათი ჩართულობით, ქვეყანას შესთავაზოს წესრიგი, ოღონდ საამართლიანი წესრიგი. სამართლიანი წესრიგი არის ის სივრცე, რომელშიც შეგვეძლება ყველას ერთად, ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და რაც მთავარია, ვემსახუროთ სახელმწიფოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, სიმართლის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიაში. ხანდახან პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური ველი გვაცხოვრებს ამ ილუზიაში, მაშინ როდესაც პოლიტიკურ ძალებზე, პოლიტიკურ პარტიებს შორის კინკლაობა ჩხუბი შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ქვეყნისთვის რაიმე პროგრესის მომტანია, არა! სინამდვილეში კარგ შემთხვევაში ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით, ცუდ შემთხვევაში ქვეყანა იხევს უკან", - განაცხადა გახარიამ.

როგორც გახარია აღნიშნავს, ყველანი უნდა გავერთიანდეთ განახლებისთვის.

"ნებისმიერი ჩვენი ახალი ხელისუფლება, პირველი რასაც აკეთებდა, დაბეჯითებით ანგრევდა მისი წინამორბედის დატოვებულ შთამომავლობას. იმისდა მიუხედავად, რამდენად გონივრული, ან კარგი იყო ეს შთამომავლობა.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო ყველაზე ძირითადი მიზეზი, ქვეყნის ერთ ადგილზე დგომის.

ჩავთვალოთ, რომ ჩვენ, ყველანი ვაშენებთ სახლს, ჩავთვალთო, რომ თითოეული ხელისუფლების ვალდებულებაა ერთი სართული მაინც დააშენოს ჩვენი წინაპრების დატოვებულ ფუნდამენტს. ამ შემთხვევაში, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ახალი ხელისუფლება, ყველანაირი გონივრულობის ფარგლების მიღმა, როდესაც იწყებს ნგრევას წინამორბედის დატოვებული შთამომავლობის, რა თქმა უნდა, ქვეყანას განვითარების პერსპექტივას უსპობს.

ჩვენ იმის ტყვეობაში ვჩებით, რომ უნდა ვიცხოვროთ მხოლოდ ერთსართულიან ქვეყანაში, ცათამბრჯენების ეპოქაში. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიუღებელია.

ყველანი ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ უნდა გავერთიანდეთ განახლებისთვის. განახლებისთვის, რომელიც ყველაფერ ცუდს ეტყვის უარს, მაგრამ გაითვალისწინებს ყველაფერს კარგს, ყველა იმ თითოეულ აგურს, ჩვენი ქვეყნის შენებაში, რომელიც შეიძლება ჩვენი მოქალაქეებისთვის, მომავლისთვის იყოს საჭირო",-აღნიშნავს გახარია.