"გახარიასა და მის პარტიას, ცეცხლი ორმხრივად გაუხსნეს... დღეს გახარიას არსებითი, უმნიშვნელოვანესი პლუსი ის არის, რომ..."
"ეჭვქვეშ ბევრი რამ დგება. ეს, სხვათა შორის, შეეხება ხელისუფლებასაც, რომელმაც ამ ჰესის მშენებლობისთვის დადებული ხელშეკრულებისა თუ ამ საქმეზე არსებული ეჭვების გასაქარწყლებლად, ფაქტობრივად, არაფერი გააკეთა, მან არ თუ ვერ გასცა პროტესტის მონაწილეების კითხვებს პასუხი"
დედაქალაქში "ნამოხვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა რამდენიმედღიანი აქცია ისე დასრულდა, არც საზოგადოების მასშტაბური მხარდაჭერა მოჰყოლია და არც მთავრობის მსჯელობა. აქციის მონაწილეები ისევ ხეობაში გაემგზავრნენ და მშენებლობის შესაჩერებლად ხმაურიან საპროტესტო აქციებს ახლა სოფელ გუმათში მართავენ. მიუხედავად იმისა, რომ "რიონის ხეობის მცველები" მუდმივად აცხადებენ, რომ ისინი პარტიულ პოლიტიკურ დღის წესრიგს სრულად ემიჯნებიან და სახალხო პროტესტის ავანგარდში არიან, თბილისში ჩატარებულმა აქციებმა ამ პროცესის არაერთი განზომილება გამოაჩინა, მათ შორის პოლიტიკურიც. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან:
- რამდენიც უნდა ილაპარაკონ "რიონის ხეობის მცველებმა", რომ პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგს ემიჯნებიან და მათი პროტესტი სახალხოა, ამ პროცესს ნამდვილად აქვს პოლიტიკური ასპექტი და ეს ყველაზე მეტად სწორედ დედაქალაქში გამართულ აქციებზე გამოჩნდა. შესაძლოა სწორედ ამანაც განაპირობა, რომ მათ მოსახლეობა ნაკლებად აჰყვა. აშკარაა, რომ ამ აქციებზე გაცილებით მეტ ხალხს ელოდნენ, თუმცა, ფაქტია, ამ პროტესტმა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ქუჩაში ვერ გაიყვანა, შესაბამისად, ეს ეპიზოდი ნამდვილად მარცხით დასრულდა, ამის მიზეზები კი უპირველესად თავისივე რიტორიკაში უნდა ეძებონ.
შეცდომა იყო ულტიმატუმის წამოყენება და განსაკუთრებით ფრაზა, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი დააფიქრა ამ პროტესტის რეალურ საფუძველზე. როდესაც ვარლამ გოლეთიანისგან მოვისმინეთ განცხადება, თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთო, ალბათ, ბევრს გაუჩნდა კითხვა, პატრიოტულად განწყობილი და ეროვნულ ფასეულობებზე მოფიქრალი ჯგუფი ქალაქის პარალიზებას რატომ უნდა გეგმავდესო? ამან ბევრ რამეს დაუსვა კითხვის ნიშანი. ვფიქრობ, საზოგადოების ნაწილს ამ ჯგუფის გულწრფელობაში ეჭვი შეეპარა. საეჭვო გახდა პროტესტის დაფინანსების წარმომავლობაც, შესაბამისი კითხვებიც გაჩნდა, რასაც ხელისუფლებამაც ამაზე მუდმივი პედალირებით შეუწყო ხელი. როდესაც კითხვები ისმის და პასუხები არასაკმარისია, ბუნებრივია, ეჭვქვეშ ბევრი რამ დგება. ეს, სხვათა შორის, შეეხება ხელისუფლებასაც, რომელმაც ამ ჰესის მშენებლობისთვის დადებული ხელშეკრულებისა თუ ამ საქმეზე არსებული ეჭვების გასაქარწყლებლად, ფაქტობრივად, არაფერი გააკეთა, მან არ თუ ვერ გასცა პროტესტის მონაწილეების კითხვებს პასუხი.
ითქვა, რომ ამ საპროტესტო აქციებს ქართველი ემიგრანტები აფინანსებენ, მაგრამ აქაც ძალიან ბევრი რამ არის გაურკვეველი, გაურკვევლობა კი ამ პროცესს მხოლოდ აზარალებს.
მოკლედ, ზოგმა კითხვა ასეც დასვა: რა იყო დედაქალაქში გამოთქმული პროტესტის მიზანი - ნამდვილად "ნამოხვანჰესი" თუ არეულობა? შესაბამისად, იმათი ნაწილიც კი, ვინც ფიქრობს, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს, არ მივიდა აქციაზე.
ამ ცოტა ხნის წინ ჩვენმა საზოგადოებამ ასეთივე თავშეკავება გამოიჩინა, როდესაც მელიას დაკავებისას "ნაციონალურმა მოძრაობამ" სცადა დესტაბილიზაცია. საზოგადოებას არ სურს არეულობა, ამიტომაც არ უდგება გვერდში მას, ვინც ამას აპირებს.
დასრულდა "ნაციონალური მოძრაობის" რაუნდი და უცებ ისევ გაჩნდა "ნამოხვანჰესის" მოწინააღმდეგეებისგან დესტაბილიზაციის მუქარა. ეს შემთხვევით მოხდა თუ ერთნაირი მოტივები იყო, არ ვიცი.
გვახსოვს, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მიშელის დოკუმენტზე შეთანხმების პროცესში პირდაპირ უთხრეს ქართულ ოპოზიციას, თუ შეთანხმებაზე არ წავიდოდნენ, პირდაპირ რუსეთის წისქვილზე დაასხამდნენ წყალს, რამაც გავლენა იქონია და პროცესი ნელ-ნელა განიმუხტა.
თუ ისინი დესტაბილიზაციის მცდელობით რუსეთის წისქვილზე ასხამდნენ წყალს, რატომ უნდა გამოირიცხოს, რომ იმავე მოტივით არ მოქმედებენ "ნამოხვანჰესის" მოწინააღმდეგეებიც?
კიდევ ერთი საკითხი - როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამ პროტესტის თუ რაიმე სხვა საეჭვო ღონისძიების დაფინანსებაზე იწყებენ ლაპარაკს, ეს მიუღებელია, რადგან სახელმწიფოს აქვს ყველა ბერკეტი ნებისმიერი დაფინანსების წარმომავლობის დასადგენად და თუ ქვეყნისთვის საზიანოა, აღკვეთოს კიდეც. მხოლოდ ლაპარაკი და ეჭვების დათესვა ხელისუფლებისგან ყოვლად მიუღებელია.
- თუმცა ამ პროტესტს ძალიან ბევრი ნამდვილად პატრიოტი, ქვეყნის გულშემატკივარი იზიარებს. აქციებში მონაწილეთაგან უმეტესობა გულწრფელად შეშფოთებული ადამიანები არიან. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებაზე, ასე კვლევებზეც საფუძვლიანი კითხვები არსებობს, რასაც სვამენ კიდეც "რიონის ხეობის მცველები"... გასულ კვირას გავრცელდა ხელშეკრულების თაობაზე იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები, რაც ასევე ემთხვევა პროტესტანტთა დასმულ კითხვებს. - როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა იუსტიციის სამინისტროს დასკვნაზე განაცხადეს, ის მომზადებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე და შენიშვნების ნაწილი გაითვალისწინეს კიდეც. სამწუხაროდ, მე არა ვარ ამ საკითხებში ჩახედული, როგორც ენერგეტიკული თვალსაზრისით, ისე იურიდიული, შესაბამისად, გამიჭირდება შეფასება. მე ზოგადად თუ შევაფასებ მიმდინარე პროცესებს და გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს.
აშკარად ჩანს, რომ ამ ჰესთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა დაუდევრად არის მიტოვებული და ბევრ კითხვაზე პასუხი დღემდე გაუცემელია. ის, რომ საზოგადოებასთან დიალოგი არ მიმდინარეობს, ხელისუფლების დიდი შეცდომაა. თუ ასე გააგრძელეს, შეიძლება ქვეყანა ქაოსში გადაისროლონ. ჩვენი ხელისუფლება ძალიან ბევრი მიმართულებით უშვებს სერიოზულ შეცდომებს, მისი არასწორი მოქმედების შედეგი იყო ის ექვსთვიანი იწილო-ბიწილოც ოპოზიციასთან, რაშიც დიდი დრო დაიკარგა.
დღეს ოპოზიცია უკვე პარლამენტშია, ჰოდა, ტრიბუნიდან დააყენონ ამ "ნამოხვანჰესის" საქმეში არსებული გაუგებარი საკითხები, ბოლოს და ბოლოს, შეუძლიათ საგამოძიებო კომისია შექმნან და ნათელი ამ გზით მოჰფინონ მთელ პროცესს. ეს ნამდვილად მისაღები და კანონიერი გზა იქნება.
- ლევან ვასაძემ, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინ პოლიტიკური მიზნები გაასაჯაროვა, ამ საკითხზე განაცხადა, სასურველი იქნებოდა რეფერენდუმის ჩატარებაო. - ჩემი აზრით, მცდარი ინიციატივაა. სხვათა შორის, შვეიცარიაში ჰქონდათ მსგავსი ინიციატივა, არათუ რეფერენდუმით, სოციოლოგიური გამოკვლევებით მივიღოთ გადაწყვეტილებებიო, მაგრამ ამან ისეთ დალაგებულ ქვეყანაშიც არ გაამართლა, როგორიც შვეიცარიაა. ეს ისეთი საკითხია, რომელიც პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონ და არა რიგითმა მოქალაქეებმა, რომელთა დიდ ნაწილსაც ამ საკითხის ბევრი არაფერი გაეგება. ჩვენ ახლა პანდემიაში ვცხოვრობთ, შეიძლება რეფერენდუმით გადაწყვეტილიყო, მაგალითად, შეზღუდვების საკითხი? კი, ხალხის უმრავლესობა იტყოდა, არ გვინდა შეზღუდვებიო, მაგრამ ეს დღეში რამდენიმე ათეული მოქალაქის სიცოცხლედ დაგვიჯდებოდა. უმრავლესობის გადაწყვეტილება ყოველთვის არ არის სწორი. გზა, პროფესიონალები ჩავანაცვლოთ უმრავლესობითო, შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს ქვეყანასაც და ბევრ კონკრეტულ პირსაც.
- 29 მაისს გაიმართა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი ყრილობა, თუმცა ამ ღონისძიებამდე მასზე პირდაპირ იერიში მიიტანეს როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. საინტერესოა, რას ფიქრობთ გახარიას სიტყვაზე, რომლის მთავარი გზავნილი ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: "ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ!" - მართალი ბრძანდებით. გახარიასა და მის პარტიას, შეიძლება ითქვას, ცეცხლი ორმხრივად გაუხსნეს... ეს განსაკუთრებით ცხადად გამოჩნდა პოლიტიკურ მხარედ ქცეული ტელევიზიების მიერ გახარიას პარტიის ყრილობის გაშუქებაში, როდესაც პროსახელისუფლებო და პროოპოზიციური ტელევიზიების სიუჟეტები ლამის იდენტური იყო. ამ ფონზე მისი გზავნილი: "არავის წინააღმდეგ" კიდევ უფრო საინტერესო და მომგებიანი ჩანს. გახარია კონკრეტულ დისკუსიებში როგორ მოიქცევა, ვნახოთ. მას ოპონირება, თან საკმაოდ მწარედაც, რომ შეუძლია, ვიცით. მან გააკრიტიკა მმართველი ძალა, მაგრამ ისე, რომ ამ კრიტიკისგან საკუთარი დისტანცირების გარეშე - თქვა, რომ ისიც იზიარებს პასუხისმგებლობას ყველაფერზე და მეტიც, პასუხისმგებლობას რომ გრძნობს, სწორედ ამიტომ ბრუნდება პოლიტიკაში. მას აქცენტი "ნაციონალურ მოძრაობაზე" არ გაუკეთებია, ზოგადად ისაუბრა ოპოზიციაზე, რაც მისასალმებელია. თქვა ისიც, რომ უნდა დასრულდეს წარსულთან მუდმივი შედარება. მკაფიოდ გამოკვეთა, რომ მისი პარტიის საგარეო პოლიტიკური კურსი ევროპაზე ორიენტაციაა, შიდა კი ადამიანის უფლებების დაცვა წესრიგისა და კანონიერების ფარგლებში. რაც შეეხება მის გუნდს, ძირითადად, ყოფილი სახელმწიფო მოხელეები არიან, მათ შორის ბევრია საქმის მკეთებელი, თუმცა არიან სპიკერობის გამოცდილების მქონენიც. ახლა მნიშვნელოვანი იქნება, როგორ უდირიჟორებს მათ გიორგი გახარია.
როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე შემოდის ახალი მოთამაშე, მას ოპონენტად განიხილავენ და უპირისპირდებიან კიდეც. მით უფრო, რომ ერთი შეხედვით გახარია ისეთი ნიშის დაკავებას აპირებს, რომელიც შესაძლოა როგორც სახელისუფლებო პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერთათვის საინტერესო აღმოჩნდეს.
ვფიქრობ, საინტერესო პოლიტიკური პროცესები იწყება. ჩნდებიან ძალები, რომლებიც არ იქნებიან ორიენტირებული მუდმივად მაგიდის აყირავებაზე, ისინი არ ივლიან რევოლუციის მუქარის გზით.
ამ შემთხვევაში ორ მნიშვნელოვან ახალ აქტორს ვგულისხმობ - გიორგი გახარიასა და ლევან ვასაძეს, ჩემი აზრით, ორივე უფრო ორიენტირებული იქნება არგუმენტებითა და ლოგიკური მსჯელობით ოპონირებაზე. ეს თქვა კიდეც გახარიამ, როდესაც განაცხადა, ჩვენ რევოლუციაზე კი არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, არამედ თითოეული ადამიანისთვის შესაძლებლობის შექმნაზეო.
თუ გავითვალისწინებთ იმ შავ პიარს, რომელიც ხელისუფლების და მისი მხარდამჭერი მედიისგან გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ უსაფუძვლოა თქმა, გახარიას უკან ბიძინა ივანიშვილი დგასო. ასე რომ იყოს, "ქართული ოცნების" ის ფრთა, რომელიც კვლავაც ივანიშვილის გავლენაშია, ასეთი გააფთრებული არ იქნებოდა. თუმცა ყველაფრის გამორიცხვაც არ შეიძლება. ახლა საინტერესოა, გაუძლებს თუ არა გიორგი გახარია დარტყმებს ისე, რომ არ გადაიხაროს რომელიმე პოლიტიკური ცენტრისკენ. ჩემი აზრით, სწორედ ამის მიღწევას ცდილობდნენ ისინი, ვინც ააგორა ჭორი, თითქოს გახარიას კეზერაშვილი აფინანსებს. შეეცადნენ ისე წარმოეჩინათ, თითქოს გახარია მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერილი ჯგუფებისკენ იხრება, რისიც აბსოლუტურად არ მჯერა. გახარია იყო ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკის მინისტრი, პრემიერი და დარწმუნებული ვარ, მოახერხა იმგვარი ავტორიტეტის მოპოვება ბიზნესწრეებში, რომ დაფინანსება იშოვოს, თან მან კარგად იცის, რომ დაფინანსების გასაჯაროება, ადრე თუ გვიან, დასჭირდება. შესაბამისად, ბევრი რამ მისთვის წამგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ არასწორი პირებისგან მიიღო ფინანსები.
დღეს გახარიას არსებითი, უმნიშვნელოვანესი პლუსი ის არის, რომ აქვს პერსპექტივა, იქცეს "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის შუა, მესამე ძალად და არც ერთი ცენტრისკენ არ გადაიხაროს. ასეთ შემთხვევაში უკვე მომავალ არჩევნებზე შესაძლოა დიდი მხარდაჭერაც მოიპოვოს.
- მიმდინარე კვირას აშშ-დან სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით კონგრესის წარმომადგენლობით დელეგაციას ველოდებით. როგორც აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის მიზანია კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს კვლავაც მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად. "რუსეთის მზარდი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინა და საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან... ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინასა და საქართველოს მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში. ამერიკის შეერთებული შტატები მოწადინებულია ხელი შეუწყოს ნატოსა და ევროკავშირის წევრობის რეალობად ქცევას", - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. - ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობების დალაგების პროცესში ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპა იყო მთავარი მოთამაშე. რეაქციები კი ჰქონდათ ოკეანის გაღმიდანაც, მაგრამ აშშ-ის ჩართულობა, თუ არ ჩავთვლით საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობას, მაინც ეფემერული იყო. ვფიქრობ, ახლა ამ გამოტოვებული შანსის კომპენსირება სურთ. თავისთავად ცხადია, რომ საქართველოში ვითარების სტაბილიზაცია აშშ-ის ინტერესებშია. ის, რომ რუსეთის გავლენა იზრდება კავკასიაში და შავ ზღვაზე, ყველაზე მეტად ამერიკის პრობლემაა. შავი ზღვის აუზის პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა,¸რომელიც, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში უფრო გამძაფრდება. სწორედ ამიტომაც ცდილობს აშშ მოიკიდოს ფეხი შავი ზღვის აუზში და კავკასიაშიც. დღესდღეობით ასეთი ფეხის მოსაკიდებელი ადგილი, რომელიც ზღვასაც უკავშირდება და კავკასიის გულიც არის, სწორედ საქართველოა.
თუ ვინმეს ინტერესშია, რომ მიიწეროს საქართველოში სტაბილიზაციის პროცესისთვის ხელშეწყობა, უპირველესად ამერიკის შეერთებული შტატებია. ერთ ეტაპზე დაუტოვეს ინიციატივა ევროპას, ახლა კი ცდილობენ ინიციატივა ისევ უკან დაიბრუნონ.