წარსულის ფოტოგრაფია - მომავლის ინსპირაციის წყარო
ფოტოგრაფები 1911 წლამდე მოდას მხოლოდ ილუსტრაციების სახით გადმოსცემდნენ, შემდეგ თანდათან დაიწყეს ამ ჟანრის ათვისება. გასული საუკუნის საუკეთესო ნამუშევრებს დრომ ვერაფერი დააკლო, პირიქით, სწორედ წარსულის ფოტოგრაფია გახდა მომავლის ინსპირაციის წყარო. 2018 წელს ამერიკის ყველაზე დიდ, პოლ გეტის მუზეუმში 180 ფოტოხელოვანის ფოტოები გამოიფინა. პირველად დამთვალიერებელს შესაძლებლობა მიეცა, ისეთი ფოტონამუშევრები ენახა, რომლებმაც მოდის ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი და შექმნა ეპოქა. სწორედ ამიტომ კრიტიკოსებმა გამოფენას "საუკუნის პროექტი" უწოდეს. პოლ გეტის მუზეუმის კურატორი, მსოფლიო მოდის შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორი პოლ მარტინი "კვირის პალიტრის" მკითხველს იმ ფოტოხელოვანებზე მოუთხრობს, რომელთა შესახებ აქამდე არ გვსმენია.
- თქვენ მოდის ინდუსტრიის შესახებ რამდენიმე გავლენიანი წიგნის ავტორი ხართ. თქვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი კვალი რომელმა ფოტოხელოვანმა დატოვა მოდის ისტორიაში?
- ადოლფ დე მეიერისა და ედვარდ სტაიქენის შემდეგ, ალბათ, ყველაზე გავლენიან ფოტოგრაფად, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მოდის ისტორიაში, უნგრელი ფოტოგრაფი მარტინ მუნკაცი უნდა მივიჩნიოთ.
ადოლფ დე მეიერი, ფრანგი მხატვარი და ფოტოგრაფი, 1900-იან წლებში მოღვაწეობდა, 1913 წელს ის გახდა ჟურნალ "ვოგის" პირველი ოფიციალური მოდის ფოტოგრაფი. მის ნამუშევრებს შორის არის ბრიტანეთის მონარქების პორტრეტები.
ფოტოგრაფების ნამუშევრების ათვლის წერტილად 1911 წელი მიიჩნევა. ამ წელს ფრანგმა გამომცემელმა ლუსიენ ვოგელმა სთხოვა ფოტოგრაფ ედვარდ სტაიქენს, ჟურნალისთვის პირველი მოდური ფოტოები გადაეღო. მანამდე ფოტოგრაფები ზედმიწევნით რეალისტურად უდგებოდნენ საქმეს. მოდის ისტორიაში 1911 წლამდე მხოლოდ ილუსტრაციები არსებობდა და მათში ასახული იყო მოდური ტენდენციები. შემდეგ გაჩნდა ფოტო და მოდის სამყაროში პირველ ფოტოგრაფად ედვარდ სტაიქენი მიიჩნევა. რაც შეეხება მარტინ მუნკაცის, მას საერთაშორისო მედია ხშირად"ფოტოგრაფიის მამას უწოდებს. მარტინ მუნკაცი, წარმოშობით ებრაელი, 1896 წელს უნგრეთში დაიბადა. თავდაპირველად მუშაობდა როგორც სპორტული ფოტოჟურნალისტი, 1928 წელს საცხოვრებლად ბერლინში წავიდა და იქაური გამოცემებისთვის დაიწყო მუშაობა. მუნკაციმ მოდის სფეროში სახელი გაითქვა თავისი ფოტოთი, რომელიც მოდელ ლუსილ ბროკოს მოძრაობისას გადაუღო - მოდელი სანაპიროზე მირბის. ექსპერტები ამ ფოტოს მოდის ფოტოგრაფიის საწყისად მიიჩნევენ. მსგავსი დინამიკური ფოტო მანამდე არავის გადაუღია.
- როგორი გავლენა მოახდინა ისტორიულმა მოვლენებმა მოდის ფოტოგრაფიაზე? - მოდის ისტორია 1911 წლიდან დღემდე პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკასა და ეკონომიკასთან. მოდის პირველი ფოტოგრაფების წყალობით მოაღწია ჩვენამდე იმ წლებში გადაღებულმა ფოტოებმა. ისინი იღებდნენ "დიდი დეპრესიისა" და მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც. მათ ფოტოებში ჩანს, როგორი გავლენა მოახდინა მოდაზე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ცვლილებებმა.
"დიდი დეპრესიის" პერიოდში გამოცემები ყურადღებას გლამურულ და მდიდრულ სილუეტებზე ამახვილებდნენ, სურდათ, მკითხველს თვალი დაეხუჭა მძიმე რეალობაზე. მეორე მსოფლიო ომის დროს მოდა უფრო მოკრძალებული გახდა, გამარტივდა. არსებობს რამდენიმე ფოტო, სადაც კარგად ჩანს პატრიოტული მუხტი. მაგალითად, ლუიზ დალ-ვულფის 1941 წელს გადაღებულ ფოტოზე მოდელი ზის ბუხართან და ელოდება ქმარს, რომელიც ომიდან უნდა დაბრუნდეს!.. ეს პირდაპირი ანარეკლია იმ პერიოდის რეალობისა.
- რატომ ითვლება 1950-1959 წლები ფოტოგრაფიის "ოქროს ხანად"? - მეორე მსოფლიო ომის შემდგომმა პერიოდმა დიდი გამოხმაურება პოვა მოდის ინდუსტრიაში. გამოცემების ბიუჯეტი გაიზარდა, რომ მათ მეტი ფოტოგრაფი დაექირავებინათ. მოდელის პროფესია ტექნიკური თვალსაზრისით განვითარდა, საერთაშორისო მასშტაბით გადაადგილებამ ფოტოგრაფებს გადაღებებისთვის სხვადასხვა ადგილის არჩევის საშუალება მისცა, გამომცემლებმა კი თავიანთი შემოქმედებითი იდეების განხორციელება დაიწყეს. ზუსტად ამ პერიოდში ჩნდებიან ასპარეზზე რიჩარდ ავედონი და ირვინგ პენი. თავიანთი მრავალფეროვანი ხედვით მათ სული შთაბერეს მოდას. ირვინგ პენი უფრო სტუდიურ ფოტოებს იღებდა, ავედონი კი დინამიკურ, მოძრავ კადრებზე მუშაობდა. ომის შემდეგ პენმა და ავედონმა სრულიად განსხვავებული, ოპტიმიზმით აღსავსე ფოტოები აჩვენეს საზოგადოებას.
- ამჟამად ვის თვლით ასეთ გავლენიანად ამ ინდუსტრიაში? - ნიკ ნაითი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანია მოდის ინდუსტრიაში. ის წინასწარმეტყველებდა სტილისტურ და ტექნოლოგიურ ცვლილებებს, რაც ფოტოშოპის გაჩენისა და ციფრული რევოლუციის შედეგად რეალობად იქცა. ნიკ ნაითს უკავშირდება 2016 წელს ჰონკონგში, "ფილიპსის" აუქციონზე მომხდარი გახმაურებული ფაქტი - 1992 წელს ბრენდ "ჯილ სანდერისთვის" გადაღებული ფოტო ტატიანა პატიტცის მონაწილეობით 304.204 დოლარად გაიყიდა. ფოტოზე ნიკ ნაითის მიერ ხელით დატანილი პიგმენტაციაა.
- 2000-დან 2011 წლამდე პერიოდს რეალიზმისა და ფანტაზიის, ასევე ფოტოშოპისა და ციფრული ტექნოლოგიების ერა ეწოდება. თანამედროვე ფოტოგრაფიაში ხშირად ემოციების სიმცირეს ვაწყდებით, რაც, ალბათ, ციფრულმა ტექნოლოგიებმა განაპირობა. - პოლ გეტის მუზეუმში გამოფენილმა 180 ფოტოხელოვანის ფოტოებმა მოდის ეპოქა შექმნა. მას მოდის საერთაშორისო ექსპერტებმა "საუკუნის პროექტი" უწოდეს. 21-ე საუკუნეში გაჩნდა მოდის ბლოგები, დაიწყო ინტერნეტის ეპოქა, დამკვიდრდა ქუჩის სტილი, რომელიც ძალიან პოპულარულია. გასული საუკუნის ფოტოგრაფია კი არა მხოლოდ აღაფრთოვანებს დამთვალიერებელს, არამედ შთაგონების წყაროდ იქცევა ბევრი ხელოვანისთვის და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ხელოვნებას საზღვრები არა აქვს. მოდის ფოტოგრაფიის მთავარი მიზანია, აღძრას სურვილი. დღეს ციფრული ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში და მოდის ფოტოგრაფიის ნაწილიც გახდა.
თანამედროვე ფოტოგრაფიის შემქმნელებს, ადამიანებს, ვინც გამოსახულებაზე მუშაობს, ვურჩევდი, ისწავლონ ფოტოგრაფიის ისტორია. ყველაზე ღირებული გამოსახულება ჩემთვის არის ის, რომელიც წარსულს მიანიშნებს, ან მას ინოვაციური გზით გადმოგვცემს.