"ამომრჩეველი, რომელიც წლიდან წლამდე ჩვენი ერთგულია, არ გადაიხრება იმ ადამიანისკენ, რომელმაც გუნდს უღალატა" - კვირის პალიტრა

"ამომრჩეველი, რომელიც წლიდან წლამდე ჩვენი ერთგულია, არ გადაიხრება იმ ადამიანისკენ, რომელმაც გუნდს უღალატა"

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენისას "კის" ვერ მიიღებს. მისი თქმით, გაფართოების საკითხზე ევროკავშირში არ არსებობს კონსენსუსი და გაწევრიანება არ იქნება რეალისტური ახლო მომავალში. "ყველა ერს უნდა ჰქონდეს უფლება გადაწყვიტოს მათი მომავალი. ქართველებს აქვთ უფლება განაცხადი შეიტანონ ორგანიზაციაში, რომელსაც სურთ, რომ ეკუთვნოდნენ. თუმცა იმის ნაცვლად, რომ სხვადასხვა აზრს ეკითხებოდე სხვადასხვა ქვეყნებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ - ეს არის პოლიტიკური საკითხი, რაც გულისხმობს ერთსულოვან მხარდაჭერას ევროკავშირში. ეს არის გაფართოების ერთადერთი გზა. მე ვიტყვი ძალიან ღიად და გულწრფელად - არ არსებობს კონსესუსი ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ევროკავშირში. ეს არის რეალობა. ამიტომაც არ გავამახვილებდი ამდენ ყურადღებას წევრობის საკითხზე. რადგან როგორც ვთქვი, ეს არ იქნება რეალისტური ახლო მომავალში. ამის ნაცვლად, გაცილებით მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება უფრო ახლო თანამშრომლობაზე სექტორულ რეფორმებში. აქვე მინდა მივულოცო საქართველოს - თქვენი მიდგომა, რომ შექმნათ ახალი პროგრამები და სტრატეგიები ევროკავშირთან, შესანიშნავია.

იქნება ეს ციფრული განვითარება, მწვანე ენერგიის საკითხები, კლიმატური ცვლილებები, თუ სხვა. ევროკავშირთან მოკავშირეობა მნიშვნელოვანია და თქვენ ამას აკეთებთ. ასე რომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გააზრება და ქართველი ხალხის ამბიციების შემცირება, რადგან თქვენ ვერ მიიღებთ "კის" 2024 წელს. უკეთესია იკლოს მოლოდინებმა და ახსნათ რეალობა. გეტყვით, რომ ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ 2004 წელს გაფართოების გადაწყვეტილება შეცდომა იყო. რეალობაა, რომ ისაუბროთ წევრობაზე რომ - ეს არის პოლიტიკური საკითხი, ამას სჭირდება კონსენსუსი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამაზე. მე დიდი მხარდამჭერი ვარ ღია კარის პოლიტიკის. მე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ ჩემი პოლიტიკური ჯგუფის სახელით. ჩვენ ჯერ არ გვიმსჯელია და ვიცი, ჩემს ჯგუფშიც იქნება განსხვავებული მოსაზრებები", - აღნიშნა მან კითხვაზე პასუხისას, თუ როგორ განიხილავს ევროპარლამენტი საქართველოს მომავალ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და დაუჭერს თუ არა მისი ჯგუფი "სოციალისტ-დემოკრატები" მხარს ამ განაცხადს. ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებზე და დღეს მიმდინარე მთავარ პოლიტიკურ პროცესებზე მმართველი გუნდი წარმომადგენელი, ნინო წილოსანი გვესაუბრება.

ნინო წილოსანი:

- ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირისკენ მისწრაფების თაობაზე განაცხადი უკვე რამდენი ხანია გააკეთა. ამას ალტერნატივა არა აქვს. ერთ დღეს აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი. ამ გზაზე, გარკვეული სირთულეები, რა თქმა უნდა, გვექნება. სწორედ ამის შესახებ გვაფრთხილებს ქალბატონი მარინა კალიურანდი. ჩვენ მზად ვართ, გავიზარდოთ, განვვითარდეთ იმდაგვარად, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. ამ განცხადებაში მხოლოდ იმის მოწოდებაა, რომ ეს გზა არ იქნება ადვილი.

- გუშინ ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სუსტი ინსტიტუციები, ნეპოტიზმი და კორუფცია. მან, ასევე, თქვა, რომ პრემიერის პოსტი დატოვა მაშინ, როდესაც მიხვდა, რომ მისი პარტია ხალხს დაშორდა. საკმაოდ მძიმე ბრალდებები ხომ არ არის ევროპული ოჯახის წევრობის მოსურნე ხელისუფლებისთვის?

- გიორგი გახარიამ გუშინ წარუდგინა თავისი პარტია საზოგადოებას და იდეოლოგია გააცნო. თუმცა ჩემთვის მისი იდეოლოგია და მსოფლმხედველობა ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც გუნდისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო. ის, რის გამოც პრემიერის პოსტი დატოვა, წინა დღეებში მის მიერვე იყო მხარდაჭერილი. ამის მერე ყველაფერი ნათელია.

- ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გიორგი გახარია ძირითადად "ქართულ ოცნებას" წაართმევს ამომრჩეველს. თქვენი ვერსია როგორია?

- ასე ვერ ვიტყოდი. მე მჯერა, რომ ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც წლიდან წლამდე ჩვენი ერთგულია, ამჯერადაც "ქართულ ოცნებას" დაუჭერს მხარს და არ გადაიხრება იმ ადამიანისკენ, რომელმაც გუნდს უღალატა და ყველაზე რთულ მომენტში დატოვა პარტია. რაც შეეხება მის პოტენციურ ამომრჩეველს, ეს, შესაძლებელია, იყოს ნებისმიერი ამომრჩეველი, რომელიც არცერთ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს და წლიდან წლამდე, არჩევნებიდან არჩევნებიდან, მესამე პოლიტიკური ძალას ეძებს.

თუმცა, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებმა დაგვანახა, რომ ასეთი ამომრჩეველი იმედგაცრუებული რჩება. ხალხს "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლისგანაც" ჰქონდა მგავსი მოლოდინი, მაგრამ საბოლოოდ, ყველამ დაინახა, რომ ისინიც დესტრუქციულობისკენ იყვნენ მოწოდებულნი.

- თქვენ როგორ გგონიათ, რატომ დატოვა სინამდვილეში გიორგი გახარიამ თქვენი გუნდი?

- ჩემთვის, როგორც მაშინ, ისე ახლა, სრულიად გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა მისივე მონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაში დაენახა პრობლემა და საკუთარი თავის წინააღმდეგ წასულიყო. მისი ამჟამინდელი ახსნა-განმარტებები, უბრალოდ, დამაჯერებელი არ არის.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)