"ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცახადა.

მისივე თქმით, შეთანხმებაში არის ერთი პუნტქი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ, მაგრამ უდიდეს პატივისცემას ვუდასტურებ ევროკავშირს, პერსონალურად პრეზიდენტ მიშელს, დანიელსონს, კელი დეგნანს და განსაკუთრებული მადლობა კარლ ჰარცელს. ამ შეთანხმებაში არის ერთი პუნქტი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელი არის და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ხელმოწერას ამ დოკუმენტზე ვერ დავსვამთ, თუმცა რა თქმა უნდა , სხვა საკითხებთან მიმართებაში ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩავერთვებით საკანონმდებლო საკითხების გადაწყვეტაში და ვიბრძოლებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომ ეს მავნებლობა, რომელსაც ადგილი აქვს "ქართული ოცნების" მხრიდან და უკვე დაარღვიეს არაერთი შეთანხმება, შევბოჭოთ და არ მივცეთ გასაქანი დამატებით მავნებლობას" , - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პარლამენტში შედის.

"მე როგორც ცალკე აღებული პოლიტიკოსი, ამ ქვეყნის წარმატებას, თუ არა ერთობა, თუ არა დემოკრატიული კოალიციური მმართველობა, უბრალოდ, ვერ ვხედავ - ეს არის უებარი გამოსავალი ამ ქვეყნის ჭაობიდან გამოსაყვანად"

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა, ოპოზიციამ კვლავ აჩვენოს ერთობა.

მისივე თქმით, რჩება მხოლოდ ორი არჩევანი: ან საქართველო იმარჯვებს, ან მთელი საქართველო იცლება და გადის ქვეყნიდან.

"მე პირადად თავს არ დავზოგავ, მე ამ ქვეყანაში, ამ ხელბორკილ დადებულ სახელმწიფოში ცხოვრებას წლების განმავლობაში, მით უმეტეს, იმ ცოდნით, რომ შვილი უნდა გავზარდო ამ ქვეყანაში, დიახაც, მირჩევნია, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი.

ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ისტორია გვიკრძალავს ჩვენ უკან დახევას, რუბიკონი გადალახულია, გავლებული ხაზი გადალახული აქვს ბიძინა ივანიშვილს და რჩება მხოლოდ და მხოლოდ ორი არჩევანი: ან საქართველო იმარჯვებს, ან მთელი საქართველო იცლება და გადის ქვეყნიდან და დაგარწმუნებთ, რომ საქართველო გაიმარჯვებს უკანასკნელ 4 თვეში.

მინდა მივმართო ჩვენს მეგობრებს ოპოზიციური პარტიებიდან, მე არ ვმალავ, ბევრ მათგანთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ჩვენ კვლავ უნდა გავერთიანოთ საერთო ძალისხმევა, ყველა ჩვენგანს გვყავს ოჯახში დედა, მამა, შვილები, შვილიშვილები, თანამოქალაქეები, რომლებსაც ვაკვირდებით, რამდენად სიდუხჭირეს განიცდიან და უნდა დავივიწყოთ წყენა, ყველა წვრილმანი, რომელზეც შესაძლოა ვკონცენტრირდებოდით, რადგან ყველა წვრილმანი, რომელზეც შესაძლოა ვკონცენტრირდებოდით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მართლაც წვრილმანია იმ დიდ ამოცანასთან შედარებით, რასაც სახელმწიფოს გათავისუფლება მტაცებლებისგან ჰქვია, მე არ ვამბობ, რომ ვინმე დამნაშავეა ან უდანაშაულო, არ ვამბობ, რომ ჩვენც "ნაციონალურმა მოძრაობამაც" ყველაფერი ზუსტად და კარგად გავაკეთეთ სხვა ოპოზიციური პარტიებთან მიმართებაშიც. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთობა შედუღაბდეს, რადგან მე როგორც ცალკე აღებული პოლიტიკოსი, ამ ქვეყნის წარმატებას, თუ არა ერთობა, თუ არა დემოკრატიული კოალიციური მმართველობა, უბრალოდ, ვერ ვხედავ, ეს არის უებარი გამოსავალი ამ ქვეყნის ჭაობიდან გამოსაყვანად. ძალთა გაერთიანებით ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს შანსს არ დავუტოვებთ, რომ მომდევნო დამატებით თვეების განმავლობაში ყვლიფოს ეს ქვეყანა", - განაცხადა მელიამ.