"მოვუწოდებ ხელისუფლებას, იყოს ადეკვატური - ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ" - კვირის პალიტრა

"მოვუწოდებ ხელისუფლებას, იყოს ადეკვატური - ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ"

"გუმათჰესთან" დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეები რკინის ჯებირებს აწვებიან. ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ "საქართველო! საქართველო!". ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

მანამდე, "რიონის ხეობის მცველები" ტყის ბილიკით შეეცადნენ ხეობაში მოხვედრას. ადგილზე მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

"ჩვენი დამონება გინდათ, ვერ მოგართვით! მონები აქ გყავთ პოლიციელების სახით",-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება ვიდრე, ხეობაში ჰესის მშენებლობა არ შეწყდება.

ვარლამ გოლეთიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, ნუ შეიყვანს ჩიხში იმ ვითარებას, რაც ხეობაში "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით შეიქმნა.

ის რიონის ხეობაში აღმართული ბარიკადების აღებას მოითხოვს.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ და ისინი კანონს არ არღვევენ.

"მთელი საქარველო ხედავს ახლა რა უსამართლო პროცესი მიმდინარეობს რიონის ხეობაში ამ ბარიკადების სახით. ჩვენი სახლებისკენ მიმავალი გზაა, ამიტომ, გზის გადაკეტვის უფლება არავის აქვს, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლების დარღვევა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, იყოს ადეკვატური. ჩვენი მოთხოვნებით პირველ რიგში, ბარიკადის აღებას ვგულისხმობ, არ შეიძლება ის, რაც დღეს ხდება. ჯებირი უკანონოდ არის აღმართული. არავის ეგონოს, რომ ვინმე კანონს არღვევს, თუნდაც იმის მცდელობით, რომ ხელს უტყამს და აჯანჯღარებს ბარიკადს. ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ. ჩვენ ვცდილობთ, ხელისუფლება მოვიყვანოთ გონს, რომ ადეკვატურად იმოქმედოს. ნუ შეიყვანს ჩიხში იმ ვითარებას, რაც აქ არის",-განაცხადა გოლეთიანმა.

სოფელ გუამთში, "გუმათჰესთან" კვლავ დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეები რკინის ჯებირებს აწვებიან და ხელს უტყამენ. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მანამდე, "რიონის ხეობის მცველები" ტყის ბილიკით შეეცადნენ ხეობაში მოხვედრას. ტერიტორიაზე მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"