ბირთვული ბომბების საიდუმლო საცავი გაამჟღავნეს... ერთი ფოტოთი!
თითქმის ყველა ქვეყნის სამხედრო უწყება ერთმანეთს იმაში წააგავს, რომ ხშირად ჟურნალისტებს ამა თუ იმ სამხედრო საიდუმლოების გამჟღავნებაში სდებს ბრალს.
მაგრამ ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ თავად სამხედროები, ზოგჯერ, თავიანთი გაუთვლელი მოქმედებებით, უნებლიეთ ბევრად უფრო მნიშვნელოვან სახელმწიფო და სამხედრო საიდულოებას გასცემენ, ვიდრე ამას ჟურნალისტების მთელი არმია შეძლებდა.
ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ცნობილმა საერთაშორისო საგამომძიებლო მედიაჯგუფმა Bellingcat -მა აღმოაჩინა, როდესაც ინტერნეტში დადებული ფოტოთი ზუსტად განსაზღვრა ნიდერლანდებში ამერიკული საავიაციო ბირთვული ბომბების სრულიად საიდუმლო ბუნკერის გეოგრაფიული კოორდინატები.
მოკლედ, ნიდერლანდებში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების დანაყოფმა ჯგუფური ფოტო გაავრცელა ინტერნეტით, რომელშიც ისინი თავს იწონებდნენ ცენტრში მოთავსებული საავიაციო ბომბის ფონზე.
მცირე სამხედრო განათლებაც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ეს ჩვეულებრივი საავიაციო ბომბი არ არის, ის B61 ტიპის ბირთვული ბომბია!
პირველი "ცივი ომის" შემდეგ პენტაგონს ევროპის ოთხ ქვეყანაში - გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და იტალიაში, ასევე, თურქეთში, არანაკლებ 150 ერთეული ტაქტიკური ბირთვული იარაღი, კერძოდ კი - სწორედ B61 ტიპის საავიაციო წყალბადის ბომბები ჰქონდა დასაწყობებული ათწლეულების განმავლობაში. 33 სმ დიამეტრისა და 3,5 მ სიგრძის ამ, 320 კგ მასის წყალბადის ბომბის წაღება თითქმის ყველა ტაქტიკურ საბრძოლო თვითმფრინავსაც კი შეუძლია (პირველ რიგში კი - F-16 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენებს, რომლებიც ზემოჩამოთვლილი ნატოს წევრი ქვეყნების შეირაღებაში დღესაც რჩებიან) და "ცივი ომი" "ცხელში" გადაზრდის შემთხვევაში, საჰაერო ბირთვული დარტყმები ლა-მანშისკენ გაჭრილი საბჭოთა სატანკო არმადების შესაჩერებლად უნდა მიეყენებინათ, თითოეული ამ წყალბადის ბომბის სიმძლავრე კი 0,3-დან 340 კილოტონა ტროტილის აფეთქების ეკვივალენტი გახლდათ, ბომბის მოდიფიკაციებიდან გამომდინარე ანუ ერთი ასეთი წყალბადის ბომბის აფეთქება 340 ათასი ტონა ტროტილის აფეთქებას უდრიდა!
ბოლო წლებში პენტაგონმა მნიშვნელოვნად შეამცირა ამ ბირთვული იარაღის რაოდენობა ევროპაში, სავარაუდოდ, დაცალა თურქეთის ინჯირლიყის საჰაერო ბაზის მიწისქვეშა საცავიც, მაგრამ რამდენიმე ათეული ასეთი წყალბადის ბომბი კვვლავ რჩება გერმანიაში, ბელგიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში, თუმცა მათი საცავების ზუსტი ადგილსამყოფელი განსაკუთებულადაა გასაიდუმლოებული...
და, აი, ინტერნეტში იდება მაღალი ხარისხის ფოტო, რომელზეც ამ წყალბადის ბომბის გარშემო შექუჩულია რვა ათეულამდე ამერიკელი სამხედრო და უდარდელად პოზირებს, რადგან მათი სახეები შავი კვადრატებითაა დაფარული და არხეინად გრძნობენ თავს - მათ ხომ ვერავინ გაშიფრავს!
მაგრამ ფოტოს გადაღებისას ობიექტივში მოხვდა ისეთი დეტალები, რამაც ჟურნალისტებს საშუალება მისცა, შედარებით ადვილად დაედგინათ არა მარტო ქვეყანა, სადაც ეს ფოტოა გადაღებული, არამედ - კონკრეტული სამხედრო ბაზა და, რაც ყველაზე ნაკლებად სასიამოვნოა პენტაგონისთვის - ბირთვული იარაღის საიდუმლო საცავის კოორდინატები, რამდენიმე სანტიმეტრის სიზუსტით!
ფოტოს მარცხენა კუთხეში მდგომი "გელენვაგენის" ჯიპის მარცხენა ფრთაზე დახატულია ნიდერლანდების დროშა, ფოტოს სიღრმეში მოჩანს ცალკეული ნაგებობა, ხოლო, პირველ რიგში, უშუალოდ ბირთვულ ბომბთან მდგომი ამერიკელი სამხედროების ფეხებთან დახაზული ყვითელი ხაზი მიჰყვება...
ეს მცირე დეტალებიც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ Bellingcat -ის "გუგლის" რუკაზე, რომელიც დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოებისგან დგება, ადვილად მოეძებნა ნიდერლანდებში ამერიკული ბირთვული იარაღის მანამდე ძალზე გასაიდუმლოებული საცავის კოსმოსური ფოტო და უზუსტესი გეოგრაფიული კოორდინატები...
პ.ს. ბირთვული იარაღის შესანახი, თითქმის, ანალოგიური მიწისქვეშა ბუნკერები საბჭოთა პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზეც ფუნქციონირებდა.
ერთ-ერთი მათგანი ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გახლდათ და მასში ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული შეიარაღება, კერძოდ კი - გომბორისა და შაუმიანის სარაკეტო ბრიგადების, "ტემპისა" და "სკადის" ტიპის ბალისტიკური რაკეტებისთვის განკუთვნილი ბირთვული ქობინები ინახებოდა.
კოპიტნარისა და სენაკის აეროდრომებზე, ასევე, იყო გასაიდუმლოებული საცავები ბირთვული ბომბებისა და რაკეტების შესანახად, ხოლო თბილისთან ახლოს, ფონიჭალაში, ჯერ კიდევ 1992 წელს, ამ ბლოგის ავტორს თავად აქვს ნანახი მიწისქვეშა საცავი, სადაც საზენიტო რაკეტებისთვის განკუთვნილი ბირთვული ქობინები ინახებოდა მანამდე, ხოლო ამ ბუნკერში ჩემი ჩასვლის დროს იქ მხოლოდ ბირთვული ქობინის იმიტატორი დაგვხდა.
რუსი გენერალიტეტის განცხადებით, საბჭოთა პერიოდში საქართველოში 320 ერთეულამდე ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების შეირაღების სისტემებისთვის განკუთვნილი 320-მდე ერთეული ბირთვული მუხტი ინახებოდა, რომელთა გატანა საქართველოდან 1989 წელს განხორციელდა...
პ.ს.ს. თუ როგორ იცავენ სამხედრო უწყების წარმომადგენლები და ჟურნალისტები, მართლაც ოპერატიულ სამხედრო საიდუმლოებას, პირადად ნანახი მახსენდება:
2008 წლის 8 აგვისტო, დღის 12 საათი ხდება. სოფელ მეღვრეკისის შესახვევთან, აბრასთან დგება ჟურნალისტი და პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ჩართვა იწყება...
ჟურნალისტური თვალსაზრისით, პირდაპირი ჩართვისთვის საუკეთესო ადგილია შერჩეული - აბრა წარწერით "მეღვრეკისი", რომლის უკან ცხინვალის შენობები მოჩანს, კვამლი ამოდის და აფეთქებების გრუხუნი ისმის და ამასთან კადრში ჯდება ცხინვალისკენ, გზაზე მიმავალი ქართული ტანკების კოლონა...
ამით შეიძლება იმ ტელეკომპანიამ მაყურებლის თვალში წუთიერად მოიგო, მაგრამ წააგო ქვეყნის უსაფრთხოებამ და დიდი საფრთხის წინაშე დადგა ქართველი ჯარისკაცი, რადგან მოწინააღმდეგეს მხოლოდ ტელევიზორის ჩართვა სჭირდებოდა საუკეთესო სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად - კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილზე, კონკრეტული სატანკო კოლონის კონკრეტული მიმართულებით სვლის "ლაივში" დასაფიქსირებლად...
უფრო მეტიც, "რუსთავს", "იმედმა" და "პირველმა არხმაც" მიბაძეს, იქვე მდგომი თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლებს კი ყოველივე ამაზე რეაქციაც კი არ ჰქონდათ, სიტუაცია საერთოდ კომიკური მაშინ გახდა, როდესაც ათიოდე მეტრში, ბუჩქებიდან ვიღაც ჟურნალისტი და ოპერატორი გამოძვრნენ, რომელთა პროფესიონალურ ვიდეოკამერას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ტელეარხის ლოგო ამშვენებდა...
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს