1-ლი ივნისი ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეა - კვირის პალიტრა

1-ლი ივნისი ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივნისს ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენებას დღესასწაულობს.

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა გაიმართება.

წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.

რელიგიური სწავლების თანახმად, ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისი მამა ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად მიიჩნევა, წმინდა ნინო ვაზის ჯვრით საქართველოში IV საუკუნეში შემოვიდა, როდესაც ტახტზე მეფე მირიანი და დედოფალი ნანა იმყოფებოდნენ. წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.

ცნობისთვის, წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი სიონის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული და მორწმუნეებს შესაძლებლობა აქვთ, ნინოობის ყოველ დღესასწაულზე სიწმინდეს მიეახლონ.

ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნება ბოდბეში, სადაც წმინდანის საფლავია.