ე.წ. კომენდანტის საათი დილის 05:00 საათის ნაცვლად 04:00 საათამდე იმოქმედებს - გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეიდან შედის ძალაში - კვირის პალიტრა

ე.წ. კომენდანტის საათი დილის 05:00 საათის ნაცვლად 04:00 საათამდე იმოქმედებს - გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეიდან შედის ძალაში

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 1 საათით შემცირდა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით მიიღეს.

მისივე თქმით, გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვის 1 საათით შემცირება ყველა მოქალაქეზე გავრცელდება.

"სასოფლო -სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ღამის საათებში გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იქნება", - განაცხადა ღიბრაძემ.

როგორც გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განხილულ საკითხებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ საბჭო ვიზიტორებს მოუწოდებს და მიმართავს რეკომენდაციით, საზღვრის კვეთისას თან ჰქონდეთ ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს კოვიდ 19-ის მკურნალობის ხარჯებს.

"შეგახსენებთ, რომ დღეიდან ძალაში შედის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გასულ კვირას მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება. კერძოდ, 1-ლი ივნისიდან, იხსნება სახმელეთო საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვა. სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით; ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, პირი ვალდებული იქნება, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტაროს PCR-ტესტირება;

ამასთან, საბჭო ვიზიტორებს მოუწოდებს და მიმართავს რეკომენდაციით, საზღვრის კვეთისას თან ჰქონდეთ ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს კოვიდ-19-ის მკურნალობის ხარჯებს", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

იხილეთ ვიდეო