"2022 წლისათვის შესაძლებელია უკვე ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე" - კვირის პალიტრა

"2022 წლისათვის შესაძლებელია უკვე ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე"

"ქვეყანაში საკმაოდ ბევრია ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა - 2022 წლისათვის შესაძლებელია უკვე ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე", - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ "მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ბავშვებში რეინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

"ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში რჩება მაინც მძიმე. ბავშვების კუთხით მდგომარეობა ზუსტად იმეორებს იმ მაჩვენებელს, რაც გვაქვს მოზრდილებში, ვგულისხმობ ინფიცირების მაჩვენებელს. ჩვენი სტატისტიკით საქართველოში ბავშვების წილი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში 9,5-10%-ს შეადგენს, ასე, რომ ქვეყანაში საკმაოდ ბევრია ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა. თუ 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე დავთვლით დაახლოებით, 35 000 ბავშვია კორონავირუსით ინფიცირებული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მეორე ტალღისა და მესამე ტალღის დროს მომართვიანობა განსაკუთრებით მომატებული იყო, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ აისახა მძიმე შემთხვევების მატებაში, იმდენად მძიმე შემთხვევების, რომ გამოეწვია ლეტალური გამოსავალი - ჩვენ ერთეული შემთხვევები გვაქვს დაფიქსირებული ბავშვებში გარდაცვალების.

არის იმედი და მოლოდინი იმისი, რომ მას შემდეგ რაც ვაქცინაციის პროცესი იქნება ქვეყანაში წარმატებით დასრულებული, ამის შემდეგ 2022 წლისათვის შესაძლებელია უკვე ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე, ვინაიდან უკვე ორმა ქვეყანამ - კანადამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს 12 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება, "ფაიზერის" ვაქცინით", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.