"ნაცმოძრაობამ“ კვლავ დაამტკიცა, რომ არასერიოზული პარტიაა. გახარიას პერსპექტივა ადგილობრივ არჩევნებში კი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება" - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობამ“ კვლავ დაამტკიცა, რომ არასერიოზული პარტიაა. გახარიას პერსპექტივა ადგილობრივ არჩევნებში კი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება"

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკაში საკუთარი პარტია "სამშობლოსთვის" და თავის თანამოაზრეებთან ერთად დაბრუნდა.

მას პირდაპირ ეთერში ჰქონდა შეხვედრა თოქშოუების წამყვანებთან. მიუხედავად იმისა, რომ ექპრემიერმა იცოდა, რომ ამ ეთერში მას მწვავე კითხვებზე მოუწევდა პასუხების გაცემა, იგი ამ ფორმატით მედიასთან შეხვედარს არ მოერიდა, პირიქით, ამ ტიპის შეხვედრა სწორედ მისი ინიციატივით გაიმართა.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ექსპრემიერ გახარიას პირდაპირ ეთერში თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრამ?

- ალბათ, ამ შეხვედრის შეფასება იმის მიხედვით უნდა გაკეთდეს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო, წესით, ჟურნალისტის ინტერვიუ პოლიტიკოსთან და მისი პასუხები.

ნაწილობრივ, ასეთ ეტალონურ ინტერვიუდ შეიძლება ჩაითვალოს, ალბათ თქვენც გახსოვთ, მრავალი ჯილდოს მფლობელი ესტონელი ჟურნალისტის ურმას ოტტის ინტერვიუ ზვიად გამსახურდიასთან 1990 წელს (ინტერნეტშიც არის ეს ინტერვიუ). ოტტი ინტერვიუს ხელოვნებას სწავლობდა ლარი კინგის და დონაჰიუს ჩანაწერების შტუდირებით.

ალბათ, ამ გამოცდილების შედეგი იყო, რომ ზვიადთან ინტერვიუში ჟურნალისტი მოკლე და სხვადასხვანაირ კითხვას სვამდა - პოლიტიკურს და ცხოვრებისეულს. იგი შეძლებისდაგვარად დიდხანს ალაპარაკებდა რესპოდენტს, რათა იგი მაქსიმალურად გახსნილიყო. თავად ჟურნალისტის პოზიცია საერთოდ არ ჩანდა. იგივე პრინციპები დიდი ხანია მოქმედებს ფსიქოლოგიურ ინტერვიუში, აქედან მეცნო.

სამწუხაროდ, პროფესიული პრინციპი, რომ რესპოდენტი ჟურნალისტმა უნდა გახსნას შეკითხვით, და არა პროკურორის სტილში წარმოებული დაკითხვით და მასთან კამათით, გახარიასთან დიალოგში ჟურნალისტების "ნაცურმა" ნაწილმა გვერდზე გადადო.

ხშირი იყო ერთიდაიგივე კითხვის დაჟინებული გამეორება - კონკრეტული გვარების დასახელების მოთხოვნა, გრძელი დეკლარაციული ტექსტი, სადაც კითხვა იკარგებოდა. რესპოდენტის ჟურნალისტური ბულინგი - "თქვენგან ახალი ვერაფერი გავიგე" ანუ - პასუხები არ გივარგა და ა.შ.

ჟურნალისტური პროფესიის და დამოუკიდებლობის მწვერვალი იყო შემოთავაზებული "ქოცური" ჟურნალისტიკის მხრიდან - ცარიელი სკამები, ანუ "იმედის" და "Pოსტ თV"-ის ჟურნალისტების მოუსვლელობა. "ჟურნალისტური" ჟურნალისტებიც იყვნენ შეხვედრაზე, მაგრამ მორიდებულობის გამო მათ ნაკლებად მოახდინეს გავლენა შეხვედრით მიღებულ ზოგად შთაბეჭდილებაზე, თუმცა თავად მათი კითხვები საინტერესო იყო.

თქვენს კითხვაზე პასუხში ჟურნალისტებზე იმიტომ ვაკეთებ ამხელა აქცენტს, რომ მათ უნდა გაეხადათ ეს შეხვედრა საინტერესო მოულოდნელი კითხვებით, სადაც გახარია იძულებული იქნებოდა მოულოდნელი და საინტერესო პასუხები გაეცა.

ჟურნალისტების კითხვებში ახალი არაფერი იყო და, შესაბამისად, არც პასუხებში არ იყო დიდად ახალი არაფერი. სიახლის შეთავაზებას ისევ გახარია ცდილობდა - ღირებულებები და ქვეყნის პერსპექტივა განვიხილოთო. ოღონდ ღირებულებებზე და ქვეყანაზე მსჯელობაში ჟურნალისტები მას არ აჰყვნენ და კვლავ კონკრეტული სახელები მოითხოვეს.

ისევ ურმას ოტტს დავუბრუნდები. პოლიტიკური კითხვების გვერდით მან გამსახურდას ჰკითხა - თქვენს ძველ მეგობრებთან ახლა მწვადს შეექცევით თუ არაო?... ამ ტიპის კითხვებმა სხვა გამსახურდია დახატა. ანალოგიური, ცხოვრებისეული კითხვები რომ დაესვათ გახარიასთვის, შეიძლება უფრო ინფორმატული დიალოგი გამოსულიყო გახარიას მომავალი ამომრჩევლისთვის.

უკმარობის გამო დადგა, ალბათ, შეხვედრის პარადოქსული შედეგიც - ამ შეხვედრით უკამყოფილო ჟურნალისტებმა შესთავაზეს გახარიას მათ სტუდიებში ხელახალი შეხვედრა.

- პარტიის დაფუძნებისას ექსპრემიერ გახარიას ნათქვამმა რომ იგი ნეპოტიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლებს, გააჩინა განცდა, რომ მმართველ გუნდში მისი პრემიერობის დროს ნეპოტიზმიც საკმარისზე მეტი იყო და კორუფციაც.

პირდაპირ ეთერში ყოფნისას გახარიას რომელ კითხვაზე პასუხი მოგეწონად ყველაზე მეტად, და რომელ კითხვაზე პასუხმა გაგაკვირვათ, ან დაუკმაყოფილებლობის განცდა დაგიტოვათ?

- ვიმეორებ, იყო "ძველი" კითხვები და "ძველი" პასუხები. ეტყობა, ჟურნალისტები ელოდნენ, რომ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ყოფილი პრემიერი დაიწყებდა ხელისუფლების დაუნდობელ კრიტიკას. ამის ბევრი მაგალითი იყო ადრე, მაგრამ გახარიამ ამისგან თავი შორს დაიჭირა.

მომეწონა, რომ გახარიამ არც ოპოზიციაზე არ გადაიტანა აქცენტი სიტუაციის კრიტიკის დროს და არ აჰყვა სახელისუფლო შაბლონს. ეს ყოველივე მომეწონა, რადგან გამოდის, რომ სტერეოტიპული შაბლონების ტიპი არაა გახარია.

გულახდილობის კი რა მოგახსენოთ, არ ვთვლი, რომ ასეთ სტანდარტულ დიალოგებში პოლიტიკოსმა გული უნდა გადაუშალოს ჟურნალისტებს. ბჟეზინსკი პოლიტიკას აიგივებდა ჭადრაკთან. ჭადრაკის ისტორიას არ ახსოვს, რომ მოჭადრაკე გულახდილად ჰყვებოდეს ყველაფერს, რასაც ფიქრობს სათამაშო პარტიაზე.

გახარიამ კარგად აარიდა თავი ზედმეტ გულახდილობას, თუმცა ამას დაბეჯითებით ითხოვდნენ მისგან. რესპოდენტის გულს ფარდა უნდა აჰხადოს თავად ჟურნალისტმა, თუ პროფესიონალიზმი ეყო. ჟურნალისტების სტერეოტიპულობა გახარიამ ადვილად გამოიყენა და დააზუსტა მხოლოდ ის საკითხები, რომელთა დაზუსტება თავად უნდოდა.

- გახარიას პოლიტიკურ პერსპექტივებს ზოგი არც ძალიან ოპტიმისტურად აფასებს, ზოგიც, არც ძალიან პესიმისტურად.

თქვენ როგორ შეაფასებდით ექსპრემიერ გახარიას პარიის შანსებს შემოდგომისთვის დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე?

- გახარიას პარტიას დიდი რესურსი აქვს ნიჰილისტურად განწყობილ ამომრჩევლების სახით, ვისაც არც "ნაცები" მოსწონს და არც "ქოცები". მათმა ნახევარმაც რომ გახარიას მისცეს ხმა, ეს უკვე, სულ მცირე, 20% არის. ხმების დიდი რაოდენობა მიუვა გახარიას "ოცნებიდან", ეს ტენდენცია უკვე მკაფიოდ ჩანს "ოცნების" წევრების გახარიასთან გადასვლაში.

ამგვარი ტალღა უფრო დიდი იქნება ამომრჩევლებში. ამას დაემატება ოპოზიციის და "ოცნების" ძალისხმევის შედეგად გაჩენილი ბუმერანგი - ოპოზიცია იძახის, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია, "ოცნება" ვერ მალავს თავის შიშს. ისინი არ ითვალისწინებენ, რომ ყველა ქვეყანაში არის ამომრჩევლების ნაწილი, რომელიც სახელისუფლო პარტიას აძლევს ხოლმე ხმას. დღეს კი, ოპოზიციის მხრიდან ივანიშვილის ხსენების და "ოცნების" პანიკის ფონზე სახელისუფლო პარტიის მოყვარულები დაასკვნიან, რომ მომავალი სახელისუფლო პარტია იქნება "საქართველოსთვის" და ისინიც გახარიას პარტიას მისცემენ ხმას. გააგრძელეთ კითხვა