"პარტიის პრეზენტაციაზეც და პრესკონფერენციაზეც, გახარია ყოფილი პრემიერი უფრო იყო, ვიდრე ახალი პარტიის ლიდერი" - კვირის პალიტრა

"პარტიის პრეზენტაციაზეც და პრესკონფერენციაზეც, გახარია ყოფილი პრემიერი უფრო იყო, ვიდრე ახალი პარტიის ლიდერი"

"პარტიის პრეზენტაციაზეც და პრესკონფერენციაზეც, გიორგი გახარია უფრო იყო ყოფილი პრემიერი, ვიდრე ახალი პარტიის შემართებული ლიდერი, რომელიც პოლიტიკაში იმისთვის მოდის, რომ არსებული რეალობა უკეთესობისკენ შეცვალოს", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, გახარიამ მის მიმართ საზოგადოებაში არსებული მოლოდინი ვერც პრეზენტაციაზე გაამართლა და სასურველია უფრო გააქტიურდეს.

"საზოგადოებაში გიორგი გახარიას პრეზენტაციასთან დაკავშირებით გაცილებით მაღალი მოლოდინი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ გახარიას გუნდელების მიერ პარლამენტში შექმნილ ფრაქციას პოლიტიკური კაპიტალი არ გააჩნია და მათი აქტიურობა პარლამენტში მაინდამაინც ბრწყინვალე ვერ იყო, მოლოდინი იყო ის, რომ პრეზენტაციაზე გაცხადდებოდა არამხოლოდ სურვილი, რაღაც მიმართულებები მაინც, რომ თუ რას და როგორ აპირებს პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსული გახარია.

ჩემი აზრით, ეს იყო საკმაოდ ნელთბილი, უფერული გამოსვლა, პრეზენტაციასთან დაკავშირებით. თითქოს, რაღაცებზე იყო საუბარი, მაგრამ რაიმე ხელშესახები ან ახალი არაფერი უთქვამს. იყო ზოგადი საუბარი, რომელსაც ვერც წარსულის შეფასებას დაარქმევ და ვერც მომავალში რისი სურვილი აქვს იმას გაიგებდა კაცი. უფრო დეტალური უნდა ყოფილიყო თითქოს პრესკონფერეცია, მაგრამ პრესკონფერენციაზე ვნახეთ გახარია, რომელიც ლაპარაკობდა წარსულზე, ისევე როგორც პრეზენტაციის დროს. უფრო იყო ყოფილი პრემიერი, ვიდრე ახალი პარტიის შემართული ლიდერი, რომელიც მოდის პოლიტიკაში იმისთვის, რომ არსებული რეალობა უკეთესობისკენ შეცვალოს.

შეიძლება ითქვას, რომ პარტია "საქართველოსთვის" უფრო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დროს მოპოვებული პოლიტიკური კაპიტალით არსებობს ამ წუთში, ვიდრე იმით, რომ ამ კაპიტალს რაიმე შემატებოდა და რაიმე ახალი მოლოდინები გაეჩინა. პირიქით, უფრო არსებული მოლოდინები, რაც მის მიმართ იყო, გაქარწყლდა და უფრო კითხვის ნიშნები გაჩნდა. უნდა მას ეს თუ არა, იძულებული იქნება გააქტიურდეს. ერთია პოლიტიკური კარიერა ხელისუფლებაში და მეორეა, რომ ეს კარიერა გააგრძელო ოპოზიციაში, მაშინ როცა ოპოზიციაში არასდროს ყოფილხარ და ამ არეალის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვს. ამას ემატება ისიც, რომ სხვა არის პრემიერი გახდე და იქიდან გააკეთო განცხადებები და სხვა არის თავად შექმნა პარტია, რომელსაც ბევრი რამ სჭირდება იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს. ამიტომ ორი სრულიად განსხვავებული სფეროა და სრულიად განსხვავებულ აქტივობას მოითხოვს იმ ადამიანებისგან, ვინც ამ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას აპირებს", - განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ პარტია "საქართველოსთვის" პრეზენტაცია 29 მაისს გამართა. გუშინ კი ტელეკომპანიების გადაცემების წამყვანებს შეხვედა და მათ კითხვებს უპასუხა.