"ტიკარაძის მეორე დოზით ვაქცინაციის საკითხი გადაიხედება" - რას აცხადებს თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

"ტიკარაძის მეორე დოზით ვაქცინაციის საკითხი გადაიხედება" - რას აცხადებს თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის მდგომარეობაზე?

დღეს მეცნიერება მსჯელობს იმაზე, რომ გადატანილი დაავადება ვაქცინაციასთან ერთად არის საფუძველი მეტად მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განუცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი მეორე დოზით ვაქცინაციის საკითხი გადაიხედება.

"დღეს გახდა ცნობილი, რომ ეკატერინე ტიკარაძეს დაუდასტურდა კოვიდი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რჩება ბინაზე, თვითიზოლაციაში და აგრძელებს დისტანციურად მუშაობას. რაც შეეხება აცრის სტატუსს, ქალბატონ ეკატერინეს ჩატარებული აქვს აცრა, მეორე აცრის თარიღი განსაზღვრული იყო 14 ივნისისთვის, რაც არის 12 -კვირიანი ინტერვალით დადგენილი პერიოდი, თუმცა, ამ მდგომარეობის გამო, ბუნებრივია, მისი მეორე ვაქცინაცია გადაიხედება და გადაიდება. რაც შეეხება ვართ თუ არა კონტაქტები, ჩვენ პერიოდულად კონტაქტი, რა თქმა უნდა, გვქონდა, თუმცა, ვმუშაობთ ნიღბით, რაც ჩვეული მუშაობის რეჟიმია ჩვენთვის და სტრატეგიული ჯგუფების ფორმატში ვაგრძელებთ ტესტირებას. ჯერჯერობით, სხვა თანამშრომელი ინფიცირებული არ გამოვლენილა", - განაცხადა გაბუნიამ.

"ინტერპრესნიუსი"