"მეგობარმა დამირეკა - გილოცავ, მამა ხარო! საოცრებაა! ენით აღუწერელი ამბავია!..." - კვირის პალიტრა

"მეგობარმა დამირეკა - გილოცავ, მამა ხარო! საოცრებაა! ენით აღუწერელი ამბავია!..."

ახლახან მსახიობ ანდრია გველესიანს - პირველი, ჯანო იზორიას კი მეორე შვილი შეეძინა. დედამიწაზე ახალმოვლენილი თებე იზორიას და ალექსანდრე გველესიანის მამებს შევეხმიანეთ და ემოციების გაზიარება ვთხოვეთ...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ჯანო იზორია:

"დაიბადა თებე იზორია ჯანსუღის (ოფიციალურად, ასე მქვია) ასული (იცინის). 3 კგ-სა და 900 გ-ს იწონის. გუშინ მთელი ღამე არ მეძინა. საკეისრო კვეთა გაკეთდა. ბავშვის დაბადება ისეთ დღეს დავამთხვიეთ, როცა მეცალა - დილის 5 საათზე ისევ გადასაღებ მოედანზე მივდივარ... ბუნებრივია, ძალიან ვნერვიულობდი. მერე მეგობარმა - სოფო ჩხეიძემ (რომელიც იმ კლინიკაში მუშაობს, სადაც თებე გაჩნდა) დამირეკა - გილოცავ, მამა ხარო! საოცრებაა! ენით აღუწერელი ამბავია!.. კი, ჩემთვის თებე პირველი შვილი არაა, მაგრამ შვილის დაბადებას ყოველთვის თავისებური, ინდივიდუალური, ძლიერი ემოცია ახლავს თან... სხვათა შორის, ევაც (პირველი შვილი) გულმკერდზე დავიწვინე და თებეც. ასე რომ, ორივეს სათქმელი ექნება - მამას გულმკერდზე ვეწექიო. ბარი ბარში არიან (იცინის)..."

ანდრია გველესიანი:

"26 მაისს, გამთენიისას, 08:28 სთ-ზე, არც აცია, არც აცხელა და ალექსანდრე ანდრიას ძე გველესიანი დაიბადა. მის დაბადებასთან დაკავშირებული არც ერთი პროგნოზი არ გამართლდა - დაბადებისთვის ალექსანდრემ მართლაც რომ მაისის საუკეთესო დღე აირჩია. გაგვახარა ჩვენც და მგონი, უამრავი ადამიანიც, რადგან მოლოცვები არ წყდება... მშობიარობას დავესწარი - "ჩავიბარე", რა (იღიმის)... სიმართლე გითხრა, არ ვნერვიულობდი, რადგან მაიკოს (მეუღლის) გმირობაში დარწმუნებული ვიყავი და მართლაც ყველაფერმა ღირსეულად ჩაიარა. პატარა ხელში რომ ავიყვანე, ენით აღუწერელი გრძნობა დამეუფლა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 3 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი