"ეშინოდა, ამბობდა - მომკლავსო და ფსიქიატრიულისთვის ეცოდებოდა" - გოგონას, რომელმაც ფოთში ბებია მოკლა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა - კვირის პალიტრა

"ეშინოდა, ამბობდა - მომკლავსო და ფსიქიატრიულისთვის ეცოდებოდა" - გოგონას, რომელმაც ფოთში ბებია მოკლა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა

ჟურნალისტი ელისო ჯანაშია გუშინ ფოთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რა დროსაც ბებიის მკვლელობის ბრალდებით შვილიშვილი დააკავეს. როგორც ჟურნალისტი წერს, მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიკურად გაუწონასორებელი ადამიანია, რასაც მეზობლებიც ადასტურებენ. ელისო ჯანაშიას თქმით, დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი დროული და ადეკვატური მკურნალობის არ არსებობა გახდა, რაშიც სახელმწიფოს ადანაშაულებს.

"გუშინ, ფოთში, შვილიშვილის მიერ მიყენებული ფიზიკური დაზიანებებით, 70 წლის ბებია დაიღუპა. მეზობლები ადასტურებენ, რომ გოგონას ფსიქიური პრობლემები ქონდა. ღამე დაძინების ეშინოდა, ამბობდა - მომკლავსო და ფსიქიატრიულში გამწესებისთვის ეცოდებოდაო. დროული და ნორმალური მკურნალობის შემთხვევაში, ხომ არ დატრიალდებოდა ეს ტრაგედია, მაგრამ აქ არც სერვისი ვარგა და არც თავად საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს წლობით ასე ეგუება, როგორც "ღობეს ჩხირს."

ადამიანებში ტყუილად კი არ ეშინიათ ფსიქიატრიული დაწესებულების. იქაური პირობები რამდენიმე წლის წინ სურამის ფსიქიატრიულში საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და ეს იყო სრული კატასტროფა. სახალხო დამცველის ანგარიშებშიც წერია მსგავს დაწესებულებებში არსებულ არაადამიანურ მოპყრობასა და უსაშინლეს სანიტარულ მდგომარეობაზე.

ანუ ქალი მოკვდა ტანჯვით და ტკივილებით საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და სახელმწიფო ფსიქიატრიული სერვისების მიუღებლობის გამო და ჩვენ სახელმწიფო გვქვია ან რაღაცაზე პრეტენზია გვაქვს.

ე.ი რამდენი რამეა გამოსასწორებელი. ზოგჯერ მაქვს განცდა, რომ საერთოდ დაშლილი ვართ, როგორც სახელმწიფო და ხელახლაა ყველაფერი ასაწყობი. სახელმწიფომ მიიღო მხოლოდ მძარცველის სახე: გართმევს იმისთვის, რომ ცალკეული ჩინოვნიკები გაამდიდროს, თორემ ის დანიშნულება, რაც წესით უნდა ქონდეს იმ ინსტიტუციებით, რომელთა არსებობაში ფულს იხდიან მოქალაქეები, ამის ნატამალი აღარაა", - წერს ელისო ჯანაშია.