"გახარიას მოვუწოდებდი, პარტიის დაფინანსების წყარო გაასაჯაროოს"
"ბატონი გახარია, "ქართული ოცნებისთვის" არანაირ დღის წესრიგს არ წარმოადგენს - ჩვენთვის ასე არ არის, რომ სერიოზულ კონკურენტად ან პოლიტიკურ ოპონენტად განვიხილოთ, საერთოდ არ არის საინტერესო, გახარიაზე ვიყოთ ფოკუსირებული", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განუცხადა.
დავით კეზერაშვილის მიერ გიორგი გახარიას პარტიის შესაძლო დაფინანსების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად, ღუდუშაურმა განაცხადა, რომ ვიდრე გახარია დაფინანსების წყაროს არ ასაჯაროებს, ნებისმიერი ასეთი ინფორმაცია რელევანტურია.
"აღნიშნულთან დაკავშირებით გახარიამ და მისმა გუნდმა მკაფიო განმარტება უნდა გააკეთოს. უმჯობესია, მათ საზოგადოებას ღიად დაანახონ, თუ საიდან ფინანსდებიან. ვიდრე ბატონო გახარია დაფინანსების წყაროს არ ასაჯაროებს, რასაკვირველია, ნებისმიერი ასეთი ინფორმაცია შეიძლება რელევანტური იყოს. რაც შეეხება გახარიას მოქმედებებს, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა მან თანამდებობა დატოვა და "ნაციონალური მოძრაობის" იმდროინდელ ქმედებებსა და განცხადებებს, თუ მათ ერთმანეთს შევადარებთ, გამოჩნდება, რომ მათ შორის შესაძლოა იყოს ჯაჭვი და რაღაც ბმა. მე მას მოვუწოდებდი, გაასაჯაროოს დაფინანსების წყარო", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.