"საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო, მაგრამ არ მიჰყვებიან" - რას ითხოვენ შუქრუთელები აშშ-ის საელჩოსთან - კვირის პალიტრა

"საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო, მაგრამ არ მიჰყვებიან" - რას ითხოვენ შუქრუთელები აშშ-ის საელჩოსთან

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის 10 ოჯახის წარმომადგენლები მეხუთე დღეა თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან მართავენ საპროტესტო აქციას. მათი გარკვეული ნაწილი 24-ე დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეთაგან ხუთმა კაცმა და სამმა ქალმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ჩვენთან აცხადებს, რომ მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. "სასწრაფო სასწრაფოზე მოდის. საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო, მაგრამ არ მიყვებიან. გამოდის, რომ უნდა შევეწიროთ ამ უსამართლობას", - გვეუბნება აქციის მონაწილე. შუქრუთელები ამბობენ, რომ მათი პრობლემებით არავინ ინტერესდება, ამიტომ სხვა გზა არ დარჩათ - დახმარების სათხოვნად მეგობარი ქვეყნის ელჩთან მივიდნენ.

"ვიდრე რეალურად არ გადაიჭრება ჩვენი პრობლემა, ამერიკის საელჩოდან წასვლას არ ვაპირებთ. აქედან ან გათიშულებს წაგვიყვანენ, ანაც ცოცხლები წავალთ, პრობლემამოგვარებულები. მთელი სოფელი კატასტროფის წინაშე დგას. ნგრევის პროცესია დაწყებული. არის იმის საფრთხე, რომ ერთ დღეს სოფელი, უბრალოდ, ჩაინგრეს და მიწაში ჩაიძიროს. ვინ აიღებს პასუხისმგებლობას თუ ასე მოხდა? ყველაზე დამთრგუნველი ის არის, რომ ჩვენი პროტესტის პარალელურად მადნის მოპოვების სამუშაოები კი არ შეჩერდა, უფრო მეტად გაააქტიურეს.

დავრწმუნდით, რომ შუქრუთში მცხოვრებთ ადამიანებად არ აღგვიქვამენ. ჩვენს სოფელში შექმნილი ვითარება არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არავის აინტერესებს ამ ქვეყანაში ადამიანები, სამართალი და კონსტიტუცია. ერთ კომპანიაზეა მორგებული მთელი სოფელი. ისინი ყველგან იმას აკეთებენ, რაც უნდათ და როგორც უნდათ. ამათ არც არავის საკუთრება აინტერესებთ და არც ადამიანური შეხედულებები", - ამბობს გიორგი ნეფარიძე, რომელიც პირველივე დღიდან შიმშილობს და პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი.

რას ითხოვენ შუქრუთელები?

გიორგი ნეფარიძე ამბობს, რომ "ჯორჯიან მანგანეზი", მისი შვილობილი კომპანიის "შუქრუთი+" მეშვეობით მადანს უკანონო, სწრაფი წესით მოიპოვებს. რის გამოც სოფლის ქვეშ 12 გვირაბია შეჭრილი და მათ სახლებს ქვემოთ ოთხი მეტრის სიცარიელეა.

"როდის დაგვენგრევა სახლები თავზე და ამოვიხოცებით, არ ვიცით. ვითხოვთ, რომ ელჩმა გვიშუამდგომლოს სახელმწიფოსთან, რათა დაინტერესდნენ ჩვენი პრობლემებით. მოვითხოვთ, რომ ზარალის შეფასების პროცესში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო ჩაერთოს. რათა შეაფასოს ჩვენი ზარალი და გადმოგვეცეს შესაბამისი კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობის თანახმად. გვინდა, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე", - ამბობს გიორგი ნეფარიძე.

შუქრუთელებმა საკუთარი მოთხოვნები, ის რაც მათი პოზიციით, ორმხრივ ხელშეკრულებაში უნდა ჩაიწეროს, "ჯორჯიან მანგანეზს" ერთი კვირის წინ გაუგზავნეს. კომპანიამ პროცესში სამხარაულის ეროვნული ბიუროს ჩართვაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა კონკრეტულად როგორ და რა პრინციპით აანაზღაურებენ ზარალს, ხელშეკრულებაში არ ჩაუწერიათ. რაც ადგილობრივებს უჩენს განცდას, რომ კომპანია მათ ატყუებს.

რას სთავაზობს "ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთელებს გააგრძელეთ კითხვა