"მეუღლე ადრე დაეღუპა, ვაჟი გაურკვეველ ვითარებაში გარდაეცვალა... მსახიობის საფლავს 27 წელი ეძებდნენ" - კვირის პალიტრა

"მეუღლე ადრე დაეღუპა, ვაჟი გაურკვეველ ვითარებაში გარდაეცვალა... მსახიობის საფლავს 27 წელი ეძებდნენ"

"კარგს იზამდი. ქალი რომ გეთხოვა... ქალი ისეთი მოიყვანე, რომ მაინდამაინც მახინჯი არ იყოს, არაა სასიამოვნო სახლში რომ მიხვალ და უშნო ქალი დაგხვდება... ექიმი უნდა იყოს, თერაპევტი ჯობია ყველას, პატიოსანი, წყნარი, ოჯახიშვილი," - ასე ეუბნება პიპინია ერისთავი შვილს ფილმში "არაჩვეულებრივი გამოფენა", რადგანაც ასეთი ცოლი უნდოდა აგულისთვის... "ბიჭოს, ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან, ბრუნვადი", "არა ბატონო არა, ასეთი ცოდნით ვერ გავფრინდებით, არადა, უნდა გავფრინდეთ", - ეს ფრაზები კი ქრისტეფორე მგალობლიშვილს, იგივე ბიძია-ბაბუას ეკუთვნის, რომელიც გენიალური ფილმის ("შერეკილები") გენიალური პერსონაჟია და ერთაოზ ბრეგვაძესთან ერთად, საპატიმროში მყოფი ცათმფრენს აგებს... ამ ეკრანულ სახეებს მაყურებელი კარგად იცნობს და უყვარს, თუმცა მსახიობ, ვასილ ჩხაიძეზე, რომელმაც პიპინია ერისთავისა და ქრისტეფორე მგალობლიშვილის როლები შექმნა, შეიძლება ითქვას, ბევრი არც არაფერი იცის.

ვასილ ჩხაიძე 1905 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი გერმანული ენის განხრით დაამთავრა, სწავლობდა ასევე თეატრალურ სტუდიაში. იყო ბათუმის თეატრის მსახიობი, მოგვიანებით - სახელმწიფო თეატრში მუშაობდა. 1937-1956 წლებში სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა, რუსული და გერმანული ენის მასწავლებელი გახლდათ.

იყო ასევე ფოთის ვ. გუნიას სახელობის თეატრის მსახიობი. 1967 წლიდან კი, როცა უკვე რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ აღმოაჩინა, კინოსტუდია "ქართულ ფილმის" თანამშრომელი გახდა. კინოდებიუტი სწორედ "არაჩვეულებრივ გამოფენაში" 1968 წელს შედგა. ელდარ შენგელაია რომ არა, ალბათ, ეს ადამიანი პროვინციაში დარჩებოდა და ქართულ კინოს ისეთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი პერსონაჟები არ ეყოლებოდა...

"პიპინიას როლზე თბილისში ვერავინ ვიპოვე. ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთში იყო. იქ მსახიობ აკაკი დობორჯგინიძეს წავაკითხე სცენარი და ვკითხე, - ვინმეს ხომ არ იცნობდა, ვინც პიპინიას როლს შეასრულებდა. აკაკი დობორჯგინიძე ის კაცია, რომელსაც "არაჩვეულებრივ გამოფენაში" ძაღლი მოჰყავს. მან მითხრა, რომ გურიაში, სოფელ აცანაში იყო ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა, გამოგვდგომოდა - ვასილ ჩხაიძე ფოთის თეატრში მუშაობდა, იქიდან გარიცხეს და სოფელში პედაგოგიური საქმიანობა განაგრძო. გურამ ლორთქიფანიძე, რომელიც ჩემი ასისტენტი იყო და არ ვფიქრობდი, აგულის როლზე ამეყვანა... გურიაში ჩასულებს საოცარი სახლი დაგვხვდა, - ზღაპრებში რომაა, ისეთი. გამოვიდა კაცი, რომელიც ისეთივე ჩაცმული იყო, როგორიც შემდეგ ფილმშია. ფაქტობრივად, მის ჩაცმულობაში ბევრი არაფერი შეგვიცვლია. გურამი და ვასილ ჩხაიძე ერთად რომ დავინახე, მივხვდი, რომ ესენი აგული და მამამისი, პიპინია იყვნენ. ვასილ ჩხაიძემ მთავარ როლზე უარი მითხრა, - ეპიზოდში ვითამაშებო. შევეცადე, გადამერწმუნებინა და თბილისში დავიბარე. როცა ჩამოვიდა, რკინიგზის სადგურში გურამი დახვდა და პირდაპირ კინოსტუდიაში მოიყვანა. პირველად კამერის წინ რომ დარჩა, შეშინდა, მაგრამ სინჯების შემდეგ, პიპინიას როლზე დავამტკიცეთ," - ამბობს რეჟისორი ელდარ შენგელაია ერთ-ერთ ინტერვიუში.

მოკლედ, ვასილ ჩხაიძის პირველი კინოროლი "არაჩვეულებრივ გამოფენაში" პიპინია ერისთავი იყო, რასაც 29 ქართული მხატვრული ფილმი მოჰყვა, მათ შორის, - "ლაზარე", "ფეოლა", "შერეკილები", "ჩირიკი და ჩიკოტელა", "მიმინო", "დათა თუთაშხია", "რაჭა ჩემი სიყვარული", "სამანიშვილის დედინაცვალი", "პირველი მერცხალი" და სხვ. მნიშნელოვანია, რომ მსახიობის გარეგნობას, მანერებს, არტისტულობას ძალიან უხდებოდა მსახიობ ეროსი მანჯგალაძის ხმა, რადგანაც უმეტესად მის როლებს ეროსი ახმოვანებდა.

მაია ჩხაიძემ, ლანჩხუთის ვ. წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის განყოფილების გამგემ კი აი, რა გვიამბო მსახიობზე: "ვასილ ჩხაიძე ქართული კინოს ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია. 1979 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა... მსახიობის მამა - ისააკი ღარიბი გლეხი იყო, დედა ჩიჩუას ქალი გახლდათ, წარმოსადეგი, კარგი დედა და დიასახლისი. ვასო გარეგნობით, სიმაღლით, ინტელექტით მას ჰგავდა... ბატონ ვასოს ძმაც მასწავლებელი იყო და დიდხანს ხელმძღვანელობდა ლანჩხუთის განათლების განყოფილებას. ვასილ ჩხაიძემ შესანიშნავად იცოდა, არა მარტო რუსული ლიტერატურა, გერმანულიც, მსოფლიო ლიტერატურა, ასევე ინგლისელი, ფრანგი, იტალიელი მეცნიერებისა და ხელოვნების მოღვაწეების ცხოვრება. ქართველი ფილოსოფოსებიდან მაღალ შეფასებას მოსე გოგიბერიძეს აძლევდა, მწერლებიდან - მიხეილ ჯავახიშვილს, პოეტებში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეებს... განაგრძეთ კითხვა