"რუსები საქართველოში "შეუსვლელები" გახდნენ: შორი გზიდან მოუარე, თუ თბილისში ჩასვლა გინდა..." - რას წერს რუსული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"რუსები საქართველოში "შეუსვლელები" გახდნენ: შორი გზიდან მოუარე, თუ თბილისში ჩასვლა გინდა..." - რას წერს რუსული გამოცემა?

საქართველოში ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, რუსულ გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცში" ("Московский комсомолец") 4 ივნისს გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "რუსები საქართველოში "შეუსვლელები" გახდნენ: მათ იქ მოხვედრა მხოლოდ მესამე ქვეყნების გავლით შეუძლიათ", რომელშიც გადმოცემულია გაზეთის ჟურნალისტის, ოლღა ბოჟევას პირადი შთაბეჭდილებები - დიდი მცდელობის მიუხედავად, მან პირდაპირი გზით საქართველოში შემოსვლა ვერ შეძლო.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დიდი ხანია, შეწყვეტილია. თუ თბილისში ჩასვლა გინდათ, უნდა იფრინოთ მინსკის, რიგის, ერევნის ან სტამბოლის გავლით. მაგრამ არავინ არ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ამ მარშრუტით საქართველოს ნახავთ. სწორედ ასე მომივიდა მეც, როცა ჩემი შვილიშვილის თბილისში, სპორტულ ტურნირზე ჩასაყვანად მოვემზადე", - წერს ავტორი. იგი ფიქრობდა, რომ თბილისში სტამბოლის გავლით ჩაფრინდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, რადგანაც "კორონავირუსთან" დაკავშირებით რუსეთმა ფრენების აკრძალვის ვადა, რომელიც პირველ ივნისს უნდა დასრულებულიყო, 16 ივნისამდე გააგრძელა და, შესაბამისად, მოსკოვი-სტამბოლის ავიარეისი გაუქმდა, იგი იძულებული გახდა ბილეთები უკან დაებრუნებინა.

"კარგია, რომ ფინანსური დანაკარგები არ განმიცდია, მაგრამ რა ვქნა, როცა თბილისში წასვლა აუცილებელია, თანაც მარტო კი არა, არამედ - შვილიშვილთან ერთად? დავუჯერე რუსულ მასმედიას, სადაც წერდნენ, რომ პირველი ივნისიდან საქართველოსთან სახმელეთო საზღვრები იხსნებაო და მოსკოვ-ვლადიკავკაზის ავიარეისის ბილეთების ყიდვა გადავწყვიტე. ეჭვი მაინც მქონდა და წინასწარ თბილისში ნაცნობს დავურეკე, - როგორ არის საქმე, რუსეთთან საზღვარი ნამდვილად იხსენება-მეთქი? - კიო, - მითხრა, - ჩვენთანაც ასე წერენ გაზეთებიო.

მოკლედ, შევიძინე თვითმფრინავის ბილეთები და ახლა ვლადიკავკაზიდან თბილისამდე მგზავრობის საკითხის მოგვარებას შევუდექი. შევარჩიე გადამყვანი სამგზავრო კომპანია და ჰოი, საკვირველებავ, დისპეტჩერი მეუბნება, რომ ჯერჯერობით თბილისისაკენ მგზავრობა შეუძლებელია, რადგან საქართველომ კი გახსნა საზღვარი, მაგრამ რუსეთს ისევ დახურული აქვსო. ვიფიქრე, იქნებ დისპეტჩერს არასწორი ინფორმაცია აქვს-მეთქი და დავრეკე ეფ-ეს-ბეს სასაზღვრო სამსახურში (რაც, ჩემდა გასაკვირად, იოლი აღმოჩნდა), იქ მკაფიოდ და მხედრულად მიპასუხეს: "დიახ, რუსეთის მოქალაქეებს, მცირე გამონაკლისების გარდა, საქართველოში გამგზავრება არ შეუძლიათ, რადგან საზღვარი ნამდვილად დახურულია". ვეკითხები, სპორტულ ტურნირში მონაწილეებისთვის რამე გამონაკლისის დაშვება თუ შეიძლება-მეთქი. "მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სია წინასწარ არის შეთანხმებული რუსეთის ეფ-ეს-ბესთან და სპორტკომიტეტთან", - მპასუხობენ. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ვლადიკავკაზამდე ბილეთებიც ტყუილად ვიყიდე. ამ რთულ სიტუაციას არ დავნებდი, შევედი ინტერნეტში და ახლა ერევნის გავლით გადავწყვიტე საქართველოში ჩასვლა. თან ნაცნობმაც მითხრა, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვარზე რუსებს არ აჩერებენ, თბილისისკენ სახმელეთო გზით თავისუფლად წახვალ, ოღონდ ანტიკოვიდური წესების დაცვა, ტესტების ჩაბარება და ცნობების წარდგენა მოგიწევსო.

მე უკვე ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ როგორმე თბილისში ჩავსულიყავი... ნოსტალგიით ვიხსენებდი ჩემს ახალგაზრდობას, როცა ყოველდღიურად მოსკოვიდან თბილისში რამდენიმე პირდაპირი ავიარეისი სრულდებოდა: გაფრინდებოდი "შერემეტიევოდან" ან "დომოდედოვოდან" და ორსაათ-ნახევარში უკვე იმ ადგილს ნახავდი, "სადაც და-ძმურად, ხელგადახვევით შეერთებულა არაგვი, მტკვარი".

ვინ წარმოიდგენდა იმ დროს ისეთ სიტუაციას, რომ ვთქვათ, სკოლის მოსწავლე თანაკლასელებს მოუყვებოდა, თუ როგორ ჩავიდა თბილისში მინსკის ან რიგის გავლით... მას დაცინვას დაუწყებდნენ და ეტყოდნენ - გეოგრაფია ცუდად გისწავლიაო. დღეს კი გეოგრაფია ზუსტად ვიცით: "შორი გზიდან მოუარე, თუ თბილისში ჩასვლა გინდა...", -  წერს ავტორი სტატიის დასასრულს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ