"მაპატიე, რომ არ გამოგტაცე სიკვდილს ხელიდან... რომ მიგატოვე... I love you Lenø. 2 წელი უშენოდ" დედის ემოციური პოსტი - კვირის პალიტრა

"მაპატიე, რომ არ გამოგტაცე სიკვდილს ხელიდან... რომ მიგატოვე... I love you Lenø. 2 წელი უშენოდ" დედის ემოციური პოსტი

2 წლის წინ ლულუ კახიანის და გიორგი გვარჯალაძის ტრაგედიამ თბილისი შეძრა. ლენომ - წყვილის საერთო შვილმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. იმ პერიოდისთვის გიორგი და ლულუ უკვე დაშორებულები იყვნენ, თუმცა შვილის ცხოვრებაში ორივე აქტიურად იყო ჩართული. სამწუხაროდ, ლენოს წასვლის შემდეგ, მშობლებს დარჩათ დიდი ტკივილი და დანაშაულის გრძნობა.

დღეს 2 წელი გავიდა ლენოს გარდაცვალებიდან, ლულუ ემოციური სტატუსით შეხვდა ამ დღეს:

"მაპატიე, ლენო, რომ აღარ ვტირი ამდენს, რომ აღარ ვფიქრობ ამდენს, რომ არ მოვდივარ ხშირად შენთან; მაპატიე, რომ ვერ ვიხსენებ როგორ დამესიზმრე, მაპატიე რომ

გელოდები, რომ ვეძებ პასუხებს. მაპატიე, რომ ხანდახან ისევ გადანაშაულებ, რომ ბოლომდე ვერ გპატიობ, რომ ვთვლი, რომ მიღალატე და გამწირე უსასრულო ტკივილისთვის. მაპატიე, რომ ვარ ეგოისტი, არც ისე კარგი დედა. მაპატიე, რომ ვერ დაგიდექი სათანადოდ გვერდში, არ დაგიცავი, არ შევეწინააღმდეგე ყველას და ყველაფერს. მაპატიე ყველაფრისთვის რისი თქმაც და გაკეთებაც ვერ მოვასწარი. მაპატიე, რომ ვერ შეგინარჩუნე, რომ გაგიშვი, რომ ვერ ჩაგკიდე მაგრად ხელი, რომ არ გადაგეფარე, რომ არ გამოგტაცე სიკვდილს ხელიდან, რომ დავიძინე, რომ ხელი შეგიწყვე, რომ მიგატოვე...

I love you Lenø. 2 წელი უშენოდ..."

ანალოგიური გაწყობა აქვს ლენოს მამას გიორგის, რომელიც ყოველთვის თავს იდანაშაულებს ამ ტრაგედიის გამო. "მე გამოვიგონებ დროის მანქანას, აი ნახავ! მერე გამოვიქცევი შენსკენ,

ხელში აგიტაცებ და გულში ჩაგიკრავ, აღარასდროს გაგიშვებ, რომ შევივსო უშენობა ამ ცხოვრებაში, მამას ტკბილო და ლამაზო ხულიგანო " - წერს გიორგი.

რამდენიმე კვირის წინ გიორგის ცხოვრებაში ახალი სიცოცხლე გაჩნდა, მეოთხე შვილი შეეძინა. ის წლებია ცხოვრობს მარიკო მიქელაძესთან და ახლა უკვე საერთო შვილი ლევანიც ჰყავთ. მამამ ეს სასიხარულო ამბავი პირველს იმ ქვეყნად მყოფ ლენოს ახარა:

"Lenø, მა, ლევანი დაიბადა, შენი ძმა და ცრემლების ზღვაში ღიმილი შემოიტანა. სამშობიარო ბლოკის ფანჯარასთან სულ 2 ადამიანი იყო – ლულუ კახიანი და კარლო, შენი დიდი ბებო, ნათელა კი ტელეფონში ლექსებს ამბობდა. მარიკომ ისე შეასრულა, 100-ჯერ მეტად შემიყვარდა. მიხარია, რომ შენც მოასწარი მარიკოს შეყვარება. ყველამ ვისწავლეთ სიყვარული, მაგრამ შენ აღარ ხარ… აუჰ, შენ იქნებოდი ლევანის მთავარი მეგობარი, შენს ხელში აიდგამდა ფეხს, ისწავლიდა ხატვას, ხმებში სიმღერას. რომ გაიზრდება, შენს Apple Music-ს მივცემ, თან ავუხსნი, რომ შენ დაუთმე. ახლა ჩემი და შენი ტანსაცმელი მისიც გახდება და თან ეცოდინება, რომ შენი სხეულის სითბოს ატარებს. გილოცავ, თუ სადმე ხარ, მიყვარხარ და მენატრები, მა"."

გიორგისა და ლულუს კიდევ ერთი გოგონა, ნინი ჰყავთ, გიორგის ასევე ჰყავს ქალიშვილი ქეთი, პირველი ქორწინებიდან.

წყარო