"ჩვენ განსხვავებული სამი კაცი ვართ, ვერავის ვერგებით"
"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, "ქართული ოცნების" ვერსია ამნისტიის კანონპროექტზე უფრო ახლოს არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტთან, ვიდრე ოპოზიციის.
როგორც მან ჟურნალისტებთან ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია კანონპროექტი ისეთი იყოს, რომ მას პარლამენტში შემოსულმა მთელმა ოპოზიციამ დაუჭიროს მხარი.
"იმედი გვაქვს, მეორე მოსმენაზე გვექნება დისკუსიები, ვეცდებით, რომ ან აქეთ დაგვარწმუნოს ვიღაცამ, ან იქეთ დავარწმუნოთ. ეს არის პროცესი. მე კომპრომისის იმედი მაქვს, არამხოლოდ "გირჩთან" დაკავშირებით, არამედ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი ისეთი იყოს, რომ მას პარლამენტში შემოსულმა მთელმა ოპოზიციამ დაუჭიროს მხარი.
ჩვენ ახლა ორი დოკუმენტი გვაქვს, შეიძლება არცერთი არ მიმაჩნდეს ზუსტად ისეთად, როგორიც შარლ მიშელის დოკუმენტშია მითითებული, მაგრამ ჩემი აზრით, ამ დოკუმენტთან უფრო ახლოს არის "ქართული ოცნების" ვერსია, ვიდრე ოპოზიციის",-აღნიშნავს ხვიჩია.
"ჩვენ განსხვავებული სამი კაცი ვართ, ვერავის ვერგებით, მიუხედავად იმისა, რომ ფრაქციას რა ჯობია პარლამენტში",- ამის შესახებ, იაგო ხვიჩიამ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა პარლამენტში ფრაქციის შექმნას .
მისივე თქმით, "ცოტა ხანში შევატყობთ, რა იგულისხმება მათ განსხვავებულობაში".
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში გუშინ კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შეიქმნა.