"უკვე იმ ასაკში ხარ, ბავშვი უნდა გააჩინოო"
"როცა პირადად გამიცნობენ, ძალიან ხშირად მეუბნებიან: - აი, ხომ ვიცოდით, რომ ლამაზი ხარ, თურმე, როგორი ჭკვიანიც ყოფილხარო"
"არ არსებობს შეზღუდვა, რის გამოც შეიძლება, რაღაც ვერ გააკეთო, რაც გიხდება, სიამოვნებას განიჭებს და მით უმეტეს - გამოგდის", - გვითხრა მომღერალმა თათა გიორგობიანმა, რომელსაც სტერეოტიპების შესახებ ვესაუბრეთ. 2 თვეა, რაც თათა ჰიპჰოპის შესწავლითაა დაკავებული. საუბარიც ასაკთან დაკავშირებული სტერეოტიპების შესახებ დავიწყეთ...
- ჰიპჰოპის შემსწავლელ სტუდიაში შევედი - ვცეკვავ, რადგან ძალიან მიყვარს. უფროსი ასაკის (28, 29 და 30 წლის) 3 გოგო ვართ, დანარჩენები - პატარები არიან. ის სტერეოტიპი დავამსხვრიე, თითქოს 28 წლის ასაკში რაღაც ახალს ვერ დაიწყებ ადამიანი (იცინის). ჰიპჰოპის სტუდიაში დროებით ვარ, რადგან დატვირთული რეჟიმი მაქვს. ჩემთვის ცეკვა უბრალოდ განტვირთვაა. ცეკვის შემდეგ ენერგიით ვივსები. სულ მინდა, სტუდიაში ვიყო, მაგრამ ვერ ვახერხებ - ხშირად ვაცდენ და მასწავლებელს ვაბრაზებ (იცინის), მაგრამ რა ვქნა?
- პედაგოგი, სხვა მოსწავლეები თავდაპირველად როგორ შეგხვდნენ? - დამამშვიდეს - არა უშავს, ძალიან კარგად გამოგდისო. ვიცინოდით, ამ ფაქტზე ვხალისობდით. "დიდების" ჯგუფში ვართ - მოსწავლეების ასაკი 17 წლიდან იწყება. ჩვენთან ერთად, 17-18 წლის გოგონები ცეკვავენ. სხვათა შორის, მეუბნებიან, - 28 წლისას არ ჰგავხარო. ასაკი გოგონებსაც არ ეტყობათ. შესაბამისად, ერთმანეთის წლოვანება გვიან გავარკვიეთ. მერე ერთმანეთზე ვხალისობდით (იცინის), მაგრამ ცეკვის და საერთოდ, ხელოვნების სიყვარული ისეთია, რომ ასაკი არა აქვს. თუ რაღაც გიხდება და კარგად გამოგდის, ნებისმიერ ასაკში უნდა აკეთებდე.
- ჰიპჰოპის შესწავლა წინათაც გინდოდა და სურვილი ახლა აიხდინე თუ?.. - ბავშვობაში დავდიოდი ცეკვაზეც, ფორტეპიანოზეც... მერე დრო სწავლას დავუთმე: აბიტურიენტობის პერიოდიდან ასეთ წრეებთან კონტაქტი აღარ მქონია. სურვილი ახლა ავიხდინე. სახლში ან კლუბებში, მეგობრებთან ერთად მაინც ვცეკვავდი ხოლმე.
- ასაკთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს თუ აწყდები? - ხშირად მეუბნებიან, - უკვე იმ ასაკში ხარ, ბავშვი უნდა გააჩინოო. ეს უფრო მეგობრული რჩევაა. ამ ადამიანების მესმის და მადლობელი ვარ, რომ განიცდიან, ფიქრობენ ჩემს ცხოვრებაზე, მაგრამ რომ ვეუბნები, - ჯერჯერობით მაინც სწავლაზე, კარიერაზე ორიენტირებული ვარ-მეთქი, ცოტათი უკვირთ. ვფიქრობ, ცუდი არაფერია, რომ საკუთარი მომავალი კარგად დაგეგმო და თუნდაც რაღაცა გვიან, მაგრამ წინასწარ განსაზღვრულად, დამშვიდებულმა გააკეთო. ჩემი აზრით, ასე უკეთესია.
- შენთვის ყველაზე გამაღიზიანებელი სტერეოტიპი რომელია? - ალბათ ყველა სტერეოტიპი გამაღიზიანებელია, მაგრამ ვფიქრობ, ნორმალურია - ეს ყველა საზოგადოებაში არსებობს, უბრალოდ მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებები სწრაფად არ უნდა მივიღოთ. მგონია, სტერეოტიპებიც და ცრურწმენებიც ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია. უბრალოდ, საკუთარი თავი სხვის ადგილას უნდა წარმოვიდგინოთ. ამ შემთხვევაში, უკვე გაგვიმარტივდება, რომ მოვლენებს სხვა კუთხიდან შევხედოთ და მივხვდებით, ყველაფერი რაღაც ჩარჩოებში არ ზის - გამონაკლისის არსებობაც შეიძლება, რომელიც ასევე, საზოგადოების ნაწილია. ადამიანებს ქცევის საკუთარი ნორმები გვაქვს, რის შესახებაც ვფიქრობთ, რომ სწორია და განვაზოგადებთ ხოლმე, - ყველა ასე უნდა იქცეოდესო, მაგრამ ჩვენ ხომ ინდივიდები, სხვადასხვანაირები ვართ, არა? რაღაცნაირად უნდა მოვინდომოთ, ცხოვრების ისეთი გზა მოვნახოთ, რომ ყველა ადამიანმა ერთ სოციუმში მშვიდობიანად, ლამაზად და ხალისით ისე ვიარსებოთ, რომ ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ. ცოტათი რთულია წარმოიდგინო, სხვას რა გზა აქვს გავლილი, რატომ არის ასეთი... ალბათ სხვის გამოცდილებას ბოლომდე ვერავინ გაიგებს და ვერ ახსნის, ასეთი რატომ არის, მაგრამ განსხვავებულის მიმართ ტოლერანტულები უნდა ვიყოთ. აბსოლუტურად ყველას შეუძლია, რაღაც მოსწონდეს, რაღაცა - არა, მაგრამ ერთმანეთის უფლებებში არ უნდა შევიჭრათ, ანუ ჩვენი უფლებები იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება.
- სტერეოტიპების მსხვერპლი გამხდარხარ, თუნდაც - მცირე ასაკში? - საერთოდ, არ მიყვარს, როდესაც გოგონები რაღაცას ამტკიცებენ. უბრალოდ, როცა პირადად გამიცნობენ, ძალიან ხშირად მეუბნებიან: - აი, ხომ ვიცოდით, რომ ლამაზი ხარ, თურმე, როგორი ჭკვიანიც ყოფილხარო. რატომღაც, ცოტათი რთულია, ლამაზი ქალისგან ელოდე რაიმე უფრო ღრმააზროვანს... ჩემ მიმართ არსებულ ამ სტერეოტიპს მტკივნეულად, მძაფრად არ აღვიქვამ. ვფიქრობ, საქმეში ჩანს, ვინ რას წარმოადგენს. ადამიანმა ამაზე არ უნდა ილაპარაკო - საქმით უნდა დაამტკიცო. მგონია, რომ 21-ე საუკუნეში ქალის როლი შეიცვალა: უკვე საოჯახო საქმეების და კარგ ფორმაში ყოფნის გარდა, სხვა სოციალური როლებიც შევითავსეთ. ამიტომ, ნელ-ნელა ეს სტერეოტიპი, რომ მაგალითად, არ შეიძლება, მოდელიც იყო და პარალელურად რაიმე დარგის პროფესორიც, დავიწყებას მიეცემა. თანდათან ისეთი თაობა მოდის, რომ მხოლოდ გარეგნობაზე აღარ ზრუნავენ - საკუთარი თავის განვითარებაზე მუშაობენ... კიდევ ერთი სტერეოტიპი, რაც ჩემთვის უთქვამთ, ესაა: ცხოვრებაში როგორი უბრალო ყოფილხარ; გვეგონა, რომ საერთოდ, "გამარჯობას" არ გვეტყოდიო. ადამიანებთან მივსულვარ, ჩავხუტებივარ, ფოტო გადამიღია... გაკვირვებიათ, რადგან "სწერვა" ვეგონე. - როგორი უბრალო, უშუალო, ჩვეულებრივი ყოფილხარო (იცინის). ცნობილი ადამიანების მიმართ ასეთი სტერეოტიპიც არის: ალბათ ყურადღება ყელში ამოსული აქვს და უკარებააო.
- შენ გარშემო მყოფი ცნობილი ადამიანებიდან ამ სტერეოტიპს ვინმე ამართლებს? - ახლა მათ გვარ-სახელებს არ ვიტყვი (იცინის). ალბათ ზოგი ასეთიც არის, რადგან მართლა ძალიან რთულია, როცა უამრავ ადამიანს უნდა, გამოგელაპარაკოს, გაგიცნოს, დაგიახლოვდეს, შენ კი - ერთი ხარ. ამისთვის დრო არ გეყოფა... ისინი ამას ვერ იაზრებენ. რატომღაც ჰგონიათ, რომ ყოველთვის მზად ხარ, მათ გამოელაპარაკო და ა.შ. ყოველთვის ვცდილობ, "ოქროს შუალედი" დავიცვა - ადამიანი კულტურულად, ზრდილობიანად მივახვედრო, რომ დროში შეზღუდული ვარ, მაგრამ უპასუხოდაც არავის ვტოვებ. ერთხელ ქალბატონმა მომწერა: გამარჯობა. ვიცი, არ მიცნობ. შენთვის აბსოლუტურად უცხო ვარ, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის ისეთი ახლობელი ხარ და ჩემს ორივე შვილს ისე ძალიან უყვარხარ, რომ მინდა, ბავშვები მომინათლოო (იცინის). - ძალიან დიდი სიხარულით, მაგრამ არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა-მეთქი, - ვუპასუხე. სიტუაცია ასე კულტურულად ავუხსენი... ეს ფაქტი ძალიან დამამახსოვრდა.
- გაგიგო თუ გაგინაწყენდა? - შეიძლება, გულში ცოტათი სწყენოდა, მაგრამ გამიგო, მიხვდა... საერთოდ, ბავშვებთან დაკავშირებით დიდი ამბავი ხდება: დაქალების, სამეზობლოს ბავშვებიდან დაწყებული, ყველა პატარა ინუსხება, როცა "ღამის შოუს" ბენდის წევრებს გვიყურებს. მართლა არ ვიცი, რა ხდება. მთელი საქართველოს დედები გვემადლიერებიან. ბავშვებს ასე ვაჩერებთ, ასე ვაჭმევთ, თუ ცუდ ხასიათზე არიან, "ღამის შოუს" ბენდის სიმღერას ჩავურთავთ და ხასიათი გამოუკეთდებათ ხოლმეო. ამის ამსახველ ვიდეოებსაც მიგზავნიან - პატარები როგორ ღიღინებენ და ცეკვავენ. წარმოიდგინე, ბავშვი ჯერ ფეხზე ძლივს დგას და ჩვენი სიმღერის ფონზე ბუქნებს აკეთებს (იცინის)...
- მოძველებულ სტერეოტიპად რა მიგაჩნია?
- მგონი, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული სტერეოტიპი უკვე მოძველებულია. არ ვიცი, თუ კიდევ დარჩა ვინმე, ვინც ვერ იაზრებს, რომ უფლებრივ თანასწორობაზეა საუბარი, თორემ მამაკაცი და ქალი თანასწორები თუნდაც ფიზიოლოგიურად რომ არ არიან, ამას არავინ ამტკიცებს და ვერც დაამტკიცებს. შესაბამისად, ადამიანების ბიოლოგიური, სოციალური, ფიზიოლოგიური როლი სხვადასხვაა, თუმცა თუნდაც, რელიგიური თვალსაზრისით, ყველანი ღვთის შვილები ვართ და უფლის თვალში თანაბარი ვართ. ასევე, იურიდიული, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ქალიც და კაციც თანასწორია უფლებების გაგებით. მგონი, ის სტერეოტიპი მოძველდა, თითქოს ქალებს გვჩაგრავენ. არა მგონია, ამ მხრივ, უთანასწორობა იყოს, მით უმეტეს - ახლანდელ თაობაში. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე, ასე ვხედავ. შეიძლება, კონკრეტულ რეგიონებში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, პრობლემები მაინც იყოს...
- ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში, შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით რას ფიქრობ? - მაგალითად, მეგობარი ექიმი მყავს და მსმენია, რომ ქალს ცოტათი მეტი მუშაობა დასჭირდა, რომ მისი პროფესიონალიზმი ეღიარებინათ, ვიდრე კაცს, თუმცა მგონია, რომ ესეც თანდათან მოძველდა, რადგან დღესდღეობით ყველაფერი ჩანს, აღარ იმალება, კორუფციაც ისე ხშირი აღარაა... ყველა საქმით ამტკიცებს, ვინაა და რა შეუძლია. შესაბამისად, უამრავი წარმატებული ქალი გვყავს. ამ ფაქტს მივესალმები.
- რომელ სტერეოტიპს დაამსხვრევდი სიამოვნებით? - იცი, როგორ არის?.. ვფიქრობ, საერთოდ, არასდროს არ უნდა უყურო არც სტერეოტიპებს, არც - სხვა ადამიანებს. უბრალოდ, შენი მაქსიმუმი უნდა გააკეთო და შემდეგ ამას საზოგადოება განსჯის. რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი აღიარებაც არ არის. მთავარია, უბრალოდ კარგი, ბედნიერი ადამიანი იყო და ირგვლივ მყოფებიც გააბედნიერო. არ არსებობს ადამიანი, რომელიც "ჩარჩოში არ ჩაგსვამს" და არ გაგაკრიტიკებს, რადგან, როგორც აღვნიშნე, ყველას მაინც თავისი დამოკიდებულებები, ინდივიდუალური ფილოსოფია აქვს და ამას სხვებზეც განაზოგადებენ, - მათთვის სხვაც აუცილებლად მათ შეხედულებებსა და წესებს უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ ასე ვერ მოხდება. მრავალფეროვნები ვართ. მით უმეტეს, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები, ერთმანეთისგან კიდევ უფრო განსხვავდებიან. ამიტომ მთავარ ღირებულებად მაინც სიკეთე, განვითარება მიმაჩნია და რა თქმა უნდა, ადამიანის შინაგანი ბედნიერება, თავისუფლება. თუ ამ გზას მივყვებით, მერე ყველაფერი კარგად იქნება, სტერეოტიპების ხანაც დასრულდება და ერთმანეთის მიმართ უფრო ტოლერანტულები ვიქნებით...
ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"