"ამერიკელი სენატორები ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია არ შეფერხდეს, ამაში კი პრობლემას ორივე მხარე ქმნის, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც" - კვირის პალიტრა

"ამერიკელი სენატორები ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია არ შეფერხდეს, ამაში კი პრობლემას ორივე მხარე ქმნის, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც"

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან საუკეთესო, იდეალური ერთობის შექმნის მიზნით", - ამის შესახებ საქართველოში მყოფმა ამერიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა განაცხადა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმება გამოხატავს ნამდვილად იმ სულისკვეთებას, რომელიც წაადგება ქვეყანას და მის მომავალს. "მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება განხორციელდეს, მასში გაკეთებული პუნქტები იყოს აღსრულებული. მათ შორის ვიცით, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით არის ფართო შეთანხმება მხარეებს შორის, სასამართლო რეფორმას რაც შეეხება აქ არ არის ერთიანი სულისკვეთება. ვიცით, რომ დამატებითი დეტალებია, რომელზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ვთვლით, რომ 19 აპრილის შეთანხმება ეს არის მნიშვნელოვანი და იგი ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, გამოხატავს ნამდვილად იმ სულისკვეთებას, რომელიც წაადგება ქვეყანას და მის მომავალს", - აღნიშნა პორტმანმა.

შეგახსნებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოში ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ჩამოვიდნენ. მათ შეხვედრები გამართეს პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ოპოზიციასთან. კონგრესმენების ვიზიტის მიზეზებსა და მიზნებზე ანალიტიკოსები გვესაუბრებიან.

თორნიკე შარაშენიძე:

- ჩემი ვერსიით, ამერიკელი სენატორების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო შარლ მიშელის გეგმის შესრულების პროცესი. მინდა ვთქვა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება მხოლოდ მმართველი გუნდის ვალდებულება არ არის, ამ მიმართულებით ოპოზიციაც თანაბრად ვალდებულია. შესაბამისად, მათი ურთიერთბრალდებები უკვე კომიკურ ხასიათს იღებს. ორივე მხარე 24 საათის განმავლობაში კბენს ერთმანეთს. ამერიკელი სენატორები ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია არ შეფერხდეს, ამაში კი პრობლემას ორივე მხარე ქმნის, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. ეს არის სიმართლე.

ამირან სალუქვაძე: - საქმე ისე მარტივად და პარტიულად არ არის, როგორც ხშირად განიხილავენ, - თითქოს ამერიკელი სენატორები აქ ოპოზიციის პარლამენტში შესაყვანად ჩამოვიდნენ. ჩემი არით, მათი ჩამოსვლა უკავშირდება ორ საკითხს, - საქართველო-ამერიკის თანამშრომლობას და ამ მხრივ ნამდვილად პოზიტიურად ვითარდება პროცესები. მეორე საკითხი არის ვითარება მსოფლიოში, განსაკუთრებით რეგიონში. ამ საკითხებზე სასაუბროდ, გარკვეული გზავნილების ჩამოსატანად, შესათათანხმებლად იყვნენ ჩამოსულები. ეს არის დადასტურება იმისა, რომ საქართველო ამერიკაში სარგებლობს ორპარტიული მყარი მხარდაჭერით, როგორც წინა ადმინისტრაციის დროს, ასევე ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებშიც.

- ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ერთი კვირის წინ გვითხრა, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადის წარდგენისას "კის" ვერ მიიღებს, რომ ეს პოლიტიკური საკითხია და ამასთან დაკავშირებით არ არსებობს კონსესუსი. ამერიკელი სენატორი, რობ პორტმანი კი გვეუბნება, რომ მათი ხედვით, საქართველო უნდა გახდეს დასავლეთის ნაწილი და ეს გულისხმობს ნატოს წევრობასაც. რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, საქართველოს ნატოში გაწევრების თვალსაზრისით? - მხოლოდ ერთმა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში 146 რეგულაცია განახორციელა, როგორც საკანონმდებლო, ისე სამთავრობო დონეზე. ეს გეგმა გაწერილი არის 2024 წლამდე. ანალოგიური გეგმებია გაწერილი სხვა სამინისტროებშიც. ამით იმის თქმა მინდა, მთავრობა მუშაობს რომ დაუახლოვდეს ევროკავშირის რეგულაციებს. ჩემი მეგობარმა, რომელიც თაფლს აწარმოებს, მითხრა, რომ კონტროლის არარსებობის შედეგად თაფლის მაგივრად ნაგავი გაჩნდა ჩვენს ბაზარზეო. ნაგავს რომელი ევროპული ქვეყანა შეგატანინებს თავის ბაზარზე?! ასე არ ხდება, ჩვენ განაცხადი დავწეროთ და ევროკავშირში მაშინვე თანხმობა განგვიცხადონ. მუშაობაა საჭირო. 2024 წელი შემთხვევით არ დასახელებულა. დაგეგმილია, რომ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები 2024 წლამდე შესრულდეს. რაც შეეხება ნატოს, ჩემი შეფასებით, ალიანსთან თანამშრომლობის გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. პოლიტიკურად ნატოში გაწევრება უფრო რთულია, ვიდრე ევროკავშირში, მაგრამ მზადყოფნის თვალსაზრისით, ნატოსთან უფრო თავსებადი ვართ, ვიდრე ევროკავშირთან.

- თქვენც აღნიშნეთ და მართლაც პოლიტიკური თვალსაზრისით ნატოში გაწევრება სერიოზულ სირთულებთან არის დაკავშირებული. ეს სირთულე კი უმთავრესად რუსეთია. რა პერსპექტივა შეიძლება გვქონდეს ალიანსში გაწევრების თვალსაზრისით? - "რუსეთის არ გაღიზიანება" - ეს ერთგვარი თემა გახდა შიდა პოლიტიკური კინკლაობისთვის, ორ დაპირისპირებულ პარტიას "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის. სინამდვილეში, ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვაიძულებს გავითვალისწინოთ, რომ ნატოს გაფართოება არ იქცეს ამ ალიანსისთვის საფრთხედ. საქართველოს ნატოში გაწევრების გამო რუსეთსა და ნატოს შორის სამხედრო დაპირისპირება არც ჩვენ გვაწყობს და არც ამ ალიანსს. ეს არ არის მარტივი საქმე. მესმის პრორუსული პარტიების, რომლებიც ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებენ და ცდილობენ, მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ ნატოში მაინც არავინ მიგვიღებს და უბლოკო სტატუსის აუცილებლობაში არწმუნებენ. მე მათ სულ ვეკითხები, - რა გაქვთ საპირწონე? 2014 წელს უკრაინას უბლოკო სტატუსი ჰქონდა, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბირთული იარაღი ჩააბარეს, უსაფრთხოების გარანტიით, მაგრამ რა? ხომ გამონახა რუსეთმა საბაბი ახალი დაპირისპირებისთვის?! ვეკითხები ჩვენს ევროსკეპტიკოსებს, ჩვენ რომ დასავლეთთან თანამშრომლობა შევწყვიტოთ და უბლოკო სტატუსი გამოვაცხადოთ, რის ამარა ვრჩებით?! მოლაპარაკების მაგიდასთან დავხდებით თუ არა "ჩაყლაპულები" ვართ. დასავლური კურსი, რომ სავაჭრო საგანი არ არის, წესით ამას უკვე ყველა უნდა ვხვდებოდეთ. რამდენი ხანია მოვუწოდებ პასუხისმგებლიან პოლიტიკურ პარტიებს, დასხდნენ და შეთანხმდნენ ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანის სტრატეგიაზე. ესენი წლებია კინკლაობენ, ამასობაში კი ფსკერზე ჩავიდა ჩვენი პოლიტიკა. ნატოში ქვეყანას, პოლიტიკური ელიტის გარეშე ხომ ვერ მიიღებენ?! ვერც იმას გვეტყვიან გამოცვალეთ ეს პოლიტიკური ელიტა და ნორმალური ხალხი მოიყვანეთ პარლამენტშიო.

- ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა უკრაინის მოქალაქეა, ამბობს, რომ ის აქტიურად ჩაერევა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რეფერენდუმში, უხელმძღვანელებს კამპანიას, რომელიც "მოაშორებს საქართველოდან ამ ხელისუფლებას" და ამ საკითხში ვერავინ ვერაფერს უკარნახებს. მისი ამ განცხადებით გამოეხმაურა უკრაინის პრემიერს, რომელმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საკონსულტაციო ორგანოში ერთ-ერთ თანამდებობას იკავებს და უკრაინის ხელისუფლებას რეფორმების მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას უზიარებს, თუმცა მას არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან, ის არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკაზე, მითუმეტეს, უკრაინის საერთაშორისო პოლიტიკაზე. როგორ გგონიათ, მოახერხებს სააკაშვილი გავლენის მოხდენას საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებზე? - ეს განცხადება ყველამ ისე გაიგო როგორც აწყობდათ. "ნაციონალებმა" გაიგეს ისე, რომ თითქოს, უკრიანის პრემიერმა სააკაშვილს დაუჭრია მხარი, სინამდვილეში მან ძალიან დიპლომატიურად მიანიშნა, რომ ის ვერ მოახდენს გავლენას უკრაინის დღის წესრიგზე.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)