"შეშინებული "ქართული ოცნება" ყველანაირად ცდილობს საკუთარი თავი გაამხნევოს" - კვირის პალიტრა

"შეშინებული "ქართული ოცნება" ყველანაირად ცდილობს საკუთარი თავი გაამხნევოს"

შეშინებული "ქართული ოცნება" ყველანაირად ცდილობს საკუთარი თავი გაამხნევოს - მხოლოდ ეს დავინახე მის განცხადებაში, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და "ნაციონალურ მოძრაობაზე" ისაუბრა.

დეკანოიძის თქმით, მსგავსი განცხადებები არის "ქართული ოცნების" სცენარი, რადგან "მათ იციან, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ის მოგროვება ძალიან გაუჭირდებათ".

"ეს არის ზუსტად ის მოცემულობა "ქართულ ოცნებაში", რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვუყურებთ. ჩამოშლილი და დანაწევრიანებულია "ოცნება", შეშინებული მისი წარმომადგენლები. როდესაც მთელი ამ ხნის მანძილზე გიორგი გახარია იყო მათი სიის პირველი ნომერი, ყველაზე მნიშვნელოვანი "კრიზისმენეჯერი" ახლა ვისმენთ აბსურდულ დამოკიდებულებას და აბსურდულ ბრალდებებს. ეს არის მათი სცენარი, იციან რომ ძალიან გაუჭირდებათ 43%-ის მოგროვება თვითმმართველობის არჩევნებზე. სერიოზული კომენტარის გაკეთება კობახიძის ამ განცხადებაზე სერიოზულ პოლიტიკოსს გაუჭირდება, მაგრამ შეურაცხყოფას აყენებ საკუთარ ამომრჩეველსაც კი ამ განცხადებებით. შეშინებული "ქართული ოცნება" ყველანაირად ცდილობს საკუთარი თავი გაამხნევოს მხოლოდ ეს დავინახე მის განცხადებაში. ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა არასერიოზულია", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, "რუსთავი 2"-თან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების წინ ოპოზიციურ პარტიას ალტერნატიული მთავრობის შექმნა ჰქონდა დაგეგმილი და მმართველ პარტიაში ეს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები გაუჩნდათ.