PHR: "სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო" - კვირის პალიტრა

PHR: "სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო"

არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივი გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. როგორც უფლებადამცველმა, ანა აბაშიძემ განაცხადა, მოსამართლე ივანე ღლონტმა განიხილა მათი შუამდგომლობა და სრულად დაეთანხმა მათ საფრთხის არსებობაში.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ ჯერი მათზეა და თუ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო დაწესებულებიდან მხოლოდ შშმ პირებს გაიყვანს, ეს დანარჩენი ბავშვების საფრთხის შემცველ გარემოში დატოვება იქნება. მისი თქმით, დღეს ყველანაირი საფუძველია, რათა ყველა ბავშვი სტატუსის მიუხედავად დაწესებულებიდან გავიდეს.

"ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რომ ამ პანსიონატში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არის პრაქტიკულად დასაბუთებული ეჭვი, რომ ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა, რაც ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს და ბავშვები განარიდოს საფრთხის შემცველ გარემოს. მოსამართლე დაგვეთანხმა აბსოლუტურად ყველა ნაწილში და გვითხრა, რომ წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა, მას, რა თქმა უნდა, გაუჩინა ვარაუდის საფუძველი, რომ დიდი ალბათობით, ამ ბავშვებთან მიმართებით არის სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკი. ყველა ბავშვთან დაკავშირებით - მოსამართლეს არ დაუზუსტებია, რომ მხოლოდ შშმ ბავშვებთან მიმართებით ხედავს რისკს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაციას - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" კანონმდებლობის საფუძველზე სარჩელის აღძვრის უფლება აქვს მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და ზრადასრულ შშმ პირებთან დაკავშირებით, ტექნიკურად ვერ ვიქნებოდით მოსარჩელე სხვა ბავშვებთან მიმართებით. თუ სახელმწიფო გაბედავს და ამ ტექნიკურ ნაწილს გამოიყენებს იმგვარად, რომ ზოგიერთ ბავშვს გაიყვანს საფრთხის შემცველი გარემოდან და ზოგიერთს დატოვებს მარტო იმის გამო, რომ შშმ სტატუსი არ აქვს, ეს იქნება ბავშვების დატოვება სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში, რაც ახალი სარჩელის საფუძველი იქნება, იმიტომ რომ ეს არის დისკრიმინაცია",- განაცხადა აბაშიძემ.

"ინტერპრესნიუსი"