"იმ მძიმე წლებმა ჩემს მხრებზეც გადაიარა: აირია ქვეყანა, აირია ჩემი ოჯახი..." - კვირის პალიტრა

"იმ მძიმე წლებმა ჩემს მხრებზეც გადაიარა: აირია ქვეყანა, აირია ჩემი ოჯახი..."

"ჩემს შვილიშვილებს რომ ვხედავ, ყველა დარდი და საფიქრალი მავიწყდება"

"ზვიად გამსახურდია დაამხვეს და ჩემი მეუღლე იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს - რუსეთში"

ყველამ ვიცით, რომ საქმიანი ქალის ცხოვრება რთულია. ორმაგად რთული აღმოჩნდა საზოგადოებაში თავის დამკვიდრება სევდია უგრეხელიძისთვის, რომელიც ქართულ პოლიტიკაში 1990-იანი წლებიდან ჩაერთო.

"იმ მძიმე წლებმა ჩემს მხრებზეც გადაიარა: აირია ქვეყანა, აირია ჩემი ოჯახი, შვილებს მარტო ვზრდიდი და ყველანაირად ვცდილობდი, ცხოვრების სუსხი მათ ნაკლებად ეგრძნოთ", - გვითხრა ქალბატონმა სევდიამ, რომელიც ახლა ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტია, პარალელურად, მცხეთის საკრებულოშიც მუშაობს და საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებში აქტიურად მონაწილეობს. ის ძალზე უშუალო, გულახდილი რესპონდენტია.

- იმ დროისათვის პროგრესულ ოჯახში გავიზარდე - მამაჩემი გურამ უგრეხელიძე დისიდენტური აზროვნების კაცი იყო და ჩვენი სამშობლოს ბედზე ყველაფერი მისგან გავიგე: როგორ შეიქმნა საბჭოთა კავშირი, როგორ მოხდა საქართველოს ანექსია და დაპყრობა. ჩემი ბიძა, ანუ მამაჩემის ძმა - ვიტალი უგრეხელიძე 1921 წელს იარაღით ხელში იბრძოდა და საქართველოს მე-11 არმიისგან იცავდა. მან ბრძოლით გააღწია ბათუმამდე და ემიგრაციაში წავიდა. მამა თავიდანვე ქართული სულისკვეთებით გვზრდიდა. ის ძალიან ცნობილი ადვოკატი იყო. პრინციპულად არ შევიდა არც ერთ სახელმწიფო სამსახურში, რადგან საბჭოთა პერიოდში ადვოკატობა შედარებით თავისუფალი პროფესია იყო და ეს გზა აირჩია. ყველაზე მძიმე სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობდა და სიკვდილით დასჯის წინააღმდეგაც ერთ-ერთი პირველი გამოვიდა. ამავე დროს, ძალიან კარგი მთარგმნელი და ლიტერატორი იყო. პარტიის წევრი არასდროს ყოფილა და ვერც ვერასდროს იქნებოდა, რადგან ემიგრანტი ძმა ჰყავდა. ხშირად იბარებდნენ "კაგებეში" და სისტემატურად აკონტროლებდნენ. დედა - ლიანა ეზიკაშვილი საქართველოში ერთ-ერთი პირველი ინჟინერი ქალი იყო. კარგი პროფესიონალი გახლდათ და ამის წყალობით, სულ მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. დღეს გენდერულ თანასწორობაზე ამდენს რომ ლაპარაკობენ, ჩვენს ოჯახში ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. ცოლის ჩაგვრა, სახლში გამოკეტვა, ცემა-ტყეპა, რაც რუსული და აღმოსავლური სამყაროდან შემოვიდა, ჩვენს ოჯახში წარმოუდგენელი იყო. თავიდანვე "ვეფხისტყაოსნის" სულისკვეთებით ვიზრდებოდით და ვიცოდით, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორია.

- სად სწავლობდით?

- ქუთაისის პირველი სკოლა დავამთავრე - ეს იყო ქალაქში ყველაზე ცნობილი სკოლა. ძალიან კარგად ვსწავლობდი მათემატიკას, მაგრამ ჰუმანიტარული მიმართულებაც მიყვარდა: მამას სახლში სულ ჰქონდა წიგნები, უყვარდა ქართული მწერლობა, პოეზია და ამ სამყაროში ჩვენც ჩაგვითრია. სკოლაში იმდენად კარგად ვსწავლობდი, რომ მამა მეხუმრებოდა: სირცხვილია, ასე კარგად რომ სწავლობ, ხანდახან სამიანი და ორიანიც უნდა გამოურიოო. მას ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა და მოულოდნელად ისეთ შეკითხვას დაგისვამდა, რომ სურვილი გიჩნდებოდა, ის საკითხი კარგად გცოდნოდა. პარალელურად, მუსიკალურ სასწავლებელშიც ვსწავლობდი, სადაც საოცარი პედაგოგი მასწავლიდა - თინა ფოჩხუა. ძალიან თბილი, მოსიყვარულე ადამიანი იყო და მუსიკა სწორედ მან შემაყვარა. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და მაშინვე სერიოზული არჩევნის წინაშე აღმოვჩნდი.

- რა არჩევნის წინაშე?

- მაშინ ოქროს მედალზე ვინც დაამთავრებდა, თითქმის ყველა სამედიცინო ინსტიტუტში აბარებდა, სადაც დიდი კორუფცია და ნეპოტიზმი იყო გამეფებული. რა თქმა უნდა, ეს ჩემში დიდ პროტესტს იწვევდა. შევარდნაძის დრო იყო, შესანიშნავად ვიცოდი, რომ "ცეკას" სიებში თუ არ ვიქნებოდი და "ცეკას" მაღალჩინოსნის რეკომენდაცია თუ არ მექნებოდა, ამოუხსნელ ამოცანას მომცემდნენ და ჩამჭრიდნენ. ამას ალბათ ვერ გადავიტანდი და ექიმობაზე თავიდანვე უარი ვთქვი. მამა მირჩევდა, ადვოკატი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემს ოჯახში სულ ვხედავდი გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებსაც ან ვინმე ჰყავდათ მოკლული, ან მათი ახლობელი ციხეში იჯდა და დახმარება სჭირდებოდა. როგორც წესი, მამა რთულ საქმეებს იღებდა და ჩვენს ოჯახში სულ უბედურ, შავოსან ხალხს ვხედავდი. ამ გაჭირვების ყურება და ასეთი ცხოვრება არ მინდა-მეთქი, და კონსერვატორია ავირჩიე. მუსიკალური სასწავლებელიც წითელ დიპლომზე მქონდა დამთავრებული, ამიტომ ცხრა გამოცდის ნაცვლად სამი ჩავაბარე და მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ეს მართლა უბედნიერესი ხანა იყო ჩემს ცხოვრებაში: მთელი სტუდენტობა ლამაზად, ლაღად გავატარე. იმ ხანებში ჩვენთან ხელოვნება, მუსიკა ყვაოდა და ბედნიერი სტუდენტობა მქონდა. 25 წელი გავატარე კონსერვატორიაში და ეს ყველაზე ბედნიერი წლები იყო. ამას იქ შექმნილი სიტუაციაც უწყობდა ხელს: კონსერვატორიის რექტორი იყო უნიჭიერესი კომპოზიტორი - სულხან ცინცაძე და ჩვენს სასწავლებელში შედარებით თავისუფალი სიტუაცია იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, პარტკომიც კი პარტიაზე ანეკდოტებს ჰყვებოდა და ამის გამო არ ისჯებოდა... კონსერვატორიაში ესთეტიკის კათედრის მეცნიერი-თანამშრომელი ვიყავი. ამავე დროს, იქ საოცარი, ინტერნაციონალური გარემო იყო: სწავლობდნენ და ასწავლიდნენ ებრაელები, სომხები, სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსები. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა და ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი ახლა ისრაელში ცხოვრობს. ზვიად გამსახურდიას დამხობამდე ამ საოცარ გარემოში ვმუშაობდი.

- მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?

- ჩემი მეუღლე - თენგიზ ჩაჩავა სწორედ იქ გავიცანი: კონსერვატორიაში მუშაობდა და ეროვნულ მოძრაობაში თავიდანვე იყო ჩაბმული, თუმცა, მანამდეც კარგა ხანს ვმეგობრობდით: ცნობილი მუსიკოსის, დავით ანდღულაძის, ჯგუფში სწავლობდა და სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი. ძალიან მეგობრული, წესიერი ადამიანია და ჩემი ყურადღება პირველად ამ თვისებების გამო მიიქცია. გარდა ამისა, საერთო შეხედულებებიც გვაერთიანებდა, ევროპული მენტალიტეტის ადამიანი იყო და ვატყობდი, რომ ჩემს საქმიანობას ხელს არ შეუშლიდა. თენგიზი ზვიად გამსახურდიას დროს შექმნილი "მრგვალი მაგიდის" წევრი გახდა, 1990-1991 წლებში კი უზენაესი საბჭოს წევრიც იყო. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წლები - ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში.

- რა მოხდა შემდეგ?

- ზვიად გამსახურდია დაამხვეს და ჩემი მეუღლე იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს - რუსეთში. აქ ე.წ. ზვიადისტებს "ბანდიტებს და ყაჩაღებს" უწოდებდნენ. ასე დავრჩი მარტო - ორი პატარა გოგონათი ხელში... გარეთ "მხედრიონი" დათარეშობდა და რაც მანამდე ბედნიერად ვიცხოვრე, 1991 წლის შემდეგ ყველაფერი უკუღმა წამივიდა: თავზე დამემხო ქვეყანა, დამემხო ოჯახი და ყველაფერი, რისთვისაც ვცოცხლობდი! მეც თანდათან ჩამოვშორდი მუსიკას და იძულებული გავხდი, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში დამეწყო მუშაობა. რომ მეკითხებიან, პოლიტიკა როგორ აირჩიეო, გულში ვპასუხობ: მე არ ამირჩევია, ამ სფეროში ცხოვრებამ გადამაგდო-მეთქი. გადავწყვიტე, იურისტი გავმხდარიყავი და ადამიანის უფლებები დამეცვა. ამ მიზნით, პროფესორ ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში ჩავაბარე და ადვოკატთა კოლეგიის წევრი გავხდი. 1990-იან წლებში ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ხშირად დევნიდნენ, ჰოდა, უკეთესად ვინ დაიცავდა მათ უფლებებს? ზოგჯერ, ფულსაც კი ვაგროვებდით და რას არ ვაკეთებდი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის დახმარება გამეწია. მომიტინგე ქალები ზოგჯერ შინ მომყავდა, დავაპურებდი, დავაძინებდი, მათ უფლებებს ვიცავდი... მართალია, ჩემს შვილებს მეტი ყურადღება სჭირდებოდათ, მაგრამ მე სხვაგვარად არ შემეძლო. თქვენ წარმოიდგინეთ, იმ წლებში ზოგიერთმა ნაცნობმა ჩემთვის გამარჯობის თქმაც კი შეწყვიტა. იმ უმძიმესმა წლებმა ჩაიარა! ჩემი მეუღლე ემიგრაციაში კარგა ხანს ცხოვრობდა და პერიოდულად ჩამოდიოდა, რადგან მასზე საქმე იყო აღძრული. კიდევ კარგი, რომ სამშობლოში დაბრუნდა და ახლა ჩვენ გვერდითაა.

- თქვენს შვილებსა და შვილიშვილებზეც მოგვიყევით.

- ორი ქალიშვილი მყავს - ნინო და სოფო. სოფოს სამი შვილი ჰყავს - ნიკოლოზი, მარიამი და ელენე, ხოლო ნინოს ერთი - ანასტასია, რომელიც 8 წლისაა. ისინი ახლა ბერლინში ცხოვრობენ, რადგან ნინო დიპლომატია და 20 წელია, ხან ევროპაშია და ხან - საქართველოში. მეორე ქალიშვილი უნივერსიტეტში ასწავლის, სამართლის დოქტორი და საერთაშორისო მედიატორია. რაც შეეხება შვილიშვილებს, ეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო თემაა. ჩემს ცხოვრებაში თუ რაიმე დიდი სინათლეა, ეს ბავშვები არიან... შვილი რომ გყავს, ეს თითქოს ბუნებრივი მოცემულობაა, შვილიშვილი კი ბევრად უფრო ახლოსაა შენთან. ნიკოლოზი მათ შორის ყველაზე უფროსია, მას მოჰყვნენ: მარიამი, ელენე და ანასტასია - ოთხი დიდი სიხარული! რაც მთავარია, ერთმანეთი ძალიან უყვართ და მათ რომ ვხედავ, ყველა დარდი და საფიქრალი მავიწყდება.

- როგორი ბებიაა სევდია უგრეხელიძე?

- მგონი, კარგი ბებია ვარ: ხაჭაპურსაც კარგად ვაცხობ და სადილებსაც ვამზადებ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ბავშვებისთვის მათთან კონტაქტი უმთავრესია. გარდა ზღაპრებისა, მათ ყოველთვის ვუყვებოდი ჩემი ოჯახისა და ჩემი ცხოვრების ამბავს. ახლაც ვუყვები ეროვნულ მოძრაობაზე, ვუყვები, როგორ მაბედნიერებდა იმაზე ფიქრი, რომ ჩემი შვილები დამოუკიდებელ საქართველოში იცხოვრებდნენ...

- ოჯახი და საზოგადოებრივი საქმიანობა ერთად - ალბათ ეს დიდი ტვირთია ქალისთვის. როგორ გაუძელით ამ დატვირთვას?

- გეთანხმებით, ძალიან რთულია, ერთდროულად გაუძღვე ოჯახს და საპასუხისმგებლო საქმეებს. კიდევ კარგი, მე უფროსი და მყავდა, რომელიც მხარში მედგა და ამ დატვირთვას მიმსუბუქებდა. ძნელია, როცა მეუღლე გვერდით არ გყავს და შვილებს მარტო ზრდი, მაგრამ მე ეს მოვახერხე. შემიძლია, 50-კაციანი სუფრა მარტო გავაწყო და ყველაზე პატივსაცემ სტუმრებსაც კი ვუმასპინძლო. საკმაოდ სწრაფი ვარ და ყველაფერი კარგად გამომდის. ალბათ ისიც დამეხმარა, რომ სტუმართმოყვარე ოჯახში ვიზრდებოდი. მოკლედ, იმ ქალების რიგს მივეკუთვნები, რომლებსაც თავიანთი საქმე უყვართ, მაგრამ ოჯახსაც არაფერს აკლებენ.

- დაბოლოს, თქვენს ახლანდელ საქმიანობაზეც გვიამბეთ.

- ამჟამად, მცხეთის საკრებულოს წევრი ვარ და ვცდილობ, ჩემი საქმე კარგად ვაკეთო. ამავდროულად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტიც ვარ, სადაც 2009 წლიდან ვსაქმიანობ. ხედავენ, რომ ვშრომობ, ჩემს ქვეყანაში დემოკრატიის დაცვა მაინტერესებს და ამ თვისებებს აფასებენ. მართალია, ამ უწყებიდან ხელფასი არ მერიცხება, მაგრამ მისი წევრობა ჩემთვის დიდი პატივია. ვცდილობ, ჩემი ქვეყნის სატკივარი და პრობლემები ამ ორგანიზაციამდე მივიტანო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის.

ხათუნა ჩიგოგიძე ჟურნალი "გზა"