აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - კვირის პალიტრა

აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცის შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად.

ამავე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია დაბა აბასთუმანში გაუჩინარებული ტურისტული ჯგუფის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, 7 ახალგაზრდა მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფი აბასთუმნის ტყე-პარკში რამდენიმე დღის წინ წავიდა, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება.

ტურისტული ჯგუფის ადგილსამყოფელის დასადგენად საძიებო-სამაშველო ღონისძიებები აბასთუმნის ტყის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა დაიწყეს. ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები. უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით. ასევე, პროცესში მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერთა ჯგუფი და პოლიციის შესაბამისი დანაყოფები", - ნათქვამია განცხადებაში.