რა ფაქტორები აფერხებს ბავშვის სიმაღლეში ზრდას
ზრდის დარღვევები ბავშვთა ასაკში ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ ბავშვთა ენდოკრინოლოგთან, თსსუ-ის პროფესორ მარინე ენდელაძესთან.
- ბავშვის სიმაღლეზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს: გენეტიკური, ჰორმონული, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სქესი, სოციალური მდგომარეობა, ეკოლოგია...
ზრდის რამდენიმე ფაზა არსებობს, პირველი გახლავთ მუცლად ყოფნის პერიოდის, რომელიც იწყება განაყოფიერების მომენტიდან. განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს ზიგოტას უწოდებენ და ეს არის მილიმიკრონის მეათასედი ნაწილი, ცხრა თვის შემდეგ კი ჩვენ უკვე ვიღებთ ახალშობილს, რომლის სხეულის სიგრძე საშუალოდ 50 სანტიმეტრია. ასე ინტენსიურად ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში აღარ იზრდება. მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფის სიგრძე დამოკიდებულია დედის ჯანმრთელობასა და კარგ კვებაზე.
მეორე გახლავთ ჩვილობის ფაზა, 0-დან 2 წლამდე. აქაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებას. პირველ ადგილზეა ძუძუთი კვება. ჩვილი პირველი წლის განმავლობაში იმატებს დაახლოებით 25 სანტიმეტრს. მეორე წელს 12,5-13 სანტიმეტრს. შემდეგ ყოველწლიურად, სქესობრივ მომწიფებამდე, იმატებს 6-7 სანტიმეტრს.
მესამე, ბავშვობის ფაზა გახლავთ, როდესაც არენაზე უკვე გამოდის ზრდის და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი. ამ ორი ჰორმონის, ასევე ინსულინის, ლეფტინის, დღეს აქტუალური ვიტამინის გავლენით გრძელდება ბავშვის ზრდა. სწორედ ამ ეტაპზე ვლინდება ზრდის ჰორმონის უკმარისობით გამოწვეული ტანდაბლობა, თორემ ზრდის ჰორმონის უკმარისობა თუ აქვს ბავშვს, პირველი ორი წლის განმავლობაში შეიძლება ამაზე ეჭვიც არ მიიტანოთ. ბავშვობის ფაზას ანაცვლებს სქესობრივი განვითარების ეტაპი და აქ ზრდის ჰორმონს, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს ემატება სასქესო ჰორმონები. აქ საკვანძო ჰორმონი გახლავთ ესტროგენი, რომელსაც ორივე სქესში დოზადამოკიდებული პარადოქსული ეფექტი აქვს. ვაჟებში ეს მცირე რაოდენობით არის, რაც ხელს უწყობს სიმაღლის ინტენსიურ მატებას. გოგონები კი, რომლებსაც სქესობრივი მომწიფებისას დიდი რაოდენობით აქვთ ესტროგენები, ზრდას აჩერებენ. სწორედ ბიჭების შედარებით მოგვიანებითი სქესობრივი მომწიფება აძლევს უპირატესობას მამაკაცებს, რომელთა სიმაღლე ქალებთან შედარებით 10-15 სანტიმეტრია, შეიძლება მეტიც კი იყოს.
- მშობელმა რა სიხშირით უნდა გაზომოს ბავშვის სიმაღლე. - როგორც წესი, დედებმა, ზუსტად იციან, ბავშვი რა სიგრძის დაიბადა, რამდენი იყო მისი სხეულის სიგრძე 1 წლის ასაკში, მაგრამ ამის შემდეგ ამის შესახებ უკვე ნაკლებად არიან ინფორმირებული. ამიტომ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ზრდის შეფასებაზე, ამისთვის არსებობს სპეციალური ზრდის მრუდები. ყველა ქვეყნისთვის, ერისთვის ეს უნდა იყოს სპეციფიკური. ჩვენ რომ ჰოლანდიელებს შევედაროთ, ყველანი ჯუჯები აღმოვჩნდებით, ამიტომ ჩვენ გვაქვს მრუდები, რომლებიც შემუშავდა გერმანელი მეცნიერის, ჰერმან უსენის მიერ პროფესორ ყარამან ფაღავას კათედრაზე. სწორედ ამ მრუდზე უნდა შევაფასოთ ბავშვის სიმაღლე და შევადაროთ საერთო პოპულაციურს... ასევე, ბავშვის სიმაღლე აუცილებლად უნდა შედარდეს გენეტიკურ სიმაღლეს. მაგალითად, 10 წლის ბიჭუნა, იმის მიხედვით, როგორი გენეტიკა აქვს, შეიძლება 125 სმ-დან 155 სმ-მდეც კი იყოს. საშუალოდ კი ამ ასაკის ვაჟები არიან 135-140 სმ სიმაღლის. ამიტომ არის საჭირო მშობლების მონაცემებთან შედარება და თუ მკვეთრად განსხვავდება ფაქტობრივი მონაცემი, საჭიროა ბავშვთა ენდოკრინოლოგის ჩართვა.
- როგორ უნდა გაიზომოს ბავშვი? - წლამდე ბავშვი ყოველ სამ თვეში იზომება, შემდგომ, სამ წლამდე, იზომება 6 თვეში ერთხელ, მერე კი უნდა გაზომოთ წელიწადში ერთხელ. თუ ერთ წელიწადში ბავშვმა 6-7 სანტიმეტრი მოიმატა, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, მაგრამ თუ ეს ნამატი 4 სმ-ს არ აღმატება, უნდა მივმართოთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს.
- ჩვილობის დროს შესამჩნევია თუ არა, ან თუ შეიძლება პროგნოზირება, რომ ბავშვს შეიძლება სიმაღლეში ზრდასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას? - ჩვილობის დროს ამას ვერ შეაფასებ. მხოლოდ ერთი დაავადების - აქონდრო და დისქონდროპლაზიის დროს, როდესაც გვაქვს ხრტილის პათოლოგია, ბავშვს ეს პროპორციების მიხედვით ეტყობა. სხვათა შორის, ეს უკვე მუცლად ყოფნის პერიოდშიც შეგიძლიათ შეაფასოთ. ამ შემთხვევაში ზრდა ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი, რადგან ზრდის პროცესი არის ხრტილის თანდათანობითი გაძვალება და თუ ჩვენ აქონდროპლაზია გვაქვს ანუ ხრტილი არის უმნიშვნელო ან საერთოდ არ არის, რა თქმა უნდა, ზრდის პროცესი დაირღვევა. სხვა შემთხვევაში ვერ შევამჩნევთ, ბავშვი საბოლოოდ როგორი იქნება. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ მრუდებს, რომლებსაც დედა და პედიატრი ერთად უნდა დააკვირდნენ. სხვათა შორის, ბევრი ქრონიკული დაავადება გამოვლენამდე შეიძლება სწორედ მრუდზე აისახოს. მაგალითად, თუ ბავშვი 8-9 წლამდე კარგად იზრდებოდა, ყოველ წელიწადს იმატებდა 6-7 სმ-ს, 9-10 წლის ასაკში კი მისი ზრდა, ფაქტობრივად, შეჩერდა, აუცილებლად უნდა მიიტანოთ ეჭვი თავის ტვინის სიმსივნეზე - კრანიოფარინგიომაზე. ჩვენ, ბავშვთა ენდოკრინოლოგებს, მრუდის ცვლილება ბევრ რამეს გვეუბნება, ამიტომ მოვუწოდებ მშობლებს, მოითხოვონ პედიატრებისგან, რომ მათ შექმნან მათი შვილების ზრდის მრუდი.