"ერევა თუ არა ეკლესია არჩევნებში? რა თქმა უნდა, ერევა, რადგან შეუძლებელია, რომ არ ჩაერიოს" - კვირის პალიტრა

"ერევა თუ არა ეკლესია არჩევნებში? რა თქმა უნდა, ერევა, რადგან შეუძლებელია, რომ არ ჩაერიოს"

"ძალიან დაუცველად ვგრძნობ თავს სახელმწიფოში, რომელსაც ჩემი ეშინია", - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "პოლიტ - ქალაქი" განაცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზი ამბობს, მთავრობის პრობლემაა, თუ სასულიერო პირების ეშინია.

"თუ შსს-ს ან მთავრობას ჩემი, სასულიერო პირის ეშინია, რომ მე გავლენას მოვახდენ, ცუდია, იმათი პრობლემაა. ვცხოვრობ ამ სახელმწიფოში, სახელმწიფოს მოქალაქე ვარ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან დაუცველად ვგრძნობ თავს ასეთ სახელმწიფოში, რომელსაც ჩემი ეშინია. ყველაზე უფრო მეშინია იმ ადამიანების, ვისაც ჩემი ეშინიათ, რადგან მე არ ვარ საშიში", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, ერევა თუ არა ეკლესია საერო საქმეებში და პოლიტიკაში.

"თქვენ ახლა ისეთ კითხვას მისვამთ, რომ ამ კითხვაზე პასუხით ჩავერევი პოლიტიკაში, ჩავერევი ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობაში. მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა გიპასუხოთ. რა თქმა უნდა, ერევა, რადგან შეუძლებელია, რომ არ ჩაერიოს. ახლა, გავჩუმდე ან რაღაცა გითხრათ, ისევ პოლიტიკაში ჩარევაა, მე რომ განცხადება გავაკეთო", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, სინოდის ერთ-ერთ სხდომაზე მღვდელმთავრები შეთანხმდნენ, რომ არ უნდა აკეთონ პოლიტიკური შინაარსის განცხადებები და კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესებში არ უნდა ჩაერიონ.

"ჩვენ ყველამ ამ ოქმს ხელი მოვაწერეთ. ანუ, ეს არის ეკლესიის საერთო პოზიცია. რაც შეეხება კონკრეტული პიროვნებების მიერ სხვადასხვა ხარისხის გადაცდომებს, რომელიც ხდება ეკლესიაშიც, რადგან ადამიანები ვართ, ხდება ერშიც პოლიტიკაშიც, თქვენ სფეროშიც. ეს არის დარღვევები, რომელზეც შესაბამისი რეაგირება უნდა არსებობდეს", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა და დასძინა, რომ მისი ოცნებაა, იცხოვროს სამართლებრივ სახელმწიფოში.

კითხვაზე, ერევა თუ არა არჩევნებში ეკლესია, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა:

"რა თქმა უნდა, ერევა, რათ უნდა მაგას ლაპარაკი. მითხარით, როგორ გავაკეთო, რომ არ ჩავერიო და არ ჩავერევი, როგორც ვქნა ეს. მე ერთადერთი, ჩემი მრევლი მეკითხება აზრს, ვის მივცემ ხმას, არ ვეუბნები. ყველა ხედავს რა ურთიერთობა მაქვს ხელისუფლებასთან, ცალკეულ პარტიებთან", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.