"გიო, თუ ოპოზიცია ხარ ბიძინასი (და არა კობახიძის), გამო და "იბაზრე". თუ არ ხარ, რახთეფა?" - როგორ ეხმაურებიან ივანიშვილის განცხადებას სოცქსელში - კვირის პალიტრა

"გიო, თუ ოპოზიცია ხარ ბიძინასი (და არა კობახიძის), გამო და "იბაზრე". თუ არ ხარ, რახთეფა?" - როგორ ეხმაურებიან ივანიშვილის განცხადებას სოცქსელში

"ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ივანიშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა "თავისთავად არასწორი მოვლენაა", გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა მისთვის ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტიას არ აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც "სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად".

ივანიშვილის განცხადებას, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გიორგი გახარიაც.

"მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო... სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!", - დაწერა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში.

დღევანდელ განცხადებებს უკვე მოჰყვა გამოხმაურება სოციალურ ქსელში:

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "გახარია ბიძინას პროექტი არ არის - სიმართლე

ბიძინა პოლიტიკიდან წავიდა - ტყუილი

კანონის აღსრულების აუცილებლობა - ცინიზმი

ახლა მიშამაც თქვას, რომ გახარია მისი პროექტი არ არის და ესეც შენი მესამე ძალა..."

ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი: "ალასანია რომ წავიდა, ეჭვი, რომ ის ბიძინას პროექტი მაინც იყო... ანუ, წასვლის მოუხედავად იყო! არ გაჩენილა.

წავიდა და წავიდა... ბიძინაც აკრიტიკა, გვარიანად მკვახედ.

უსუფაშვილიც წავიდა... არც მასზე გაჩენილა ეჭვი. ისიც გახდა ბიძინას ოპოზიცია და დღემდე ასეა.

როცა წავიდა კი არა, როცა იყო მარგველაშვილი, ისიც ოპოზიცია იყო. ანუ, პრეზიდენტობისას. არავის უთქვამს, ეს გიორგი, მგონი, მაინც ბიძინასთანააო.

კვირიკაშვილი ხომ წავიდა და წავიდა.

აღარც ჩამი ისმის მისი და აღარც ჩუმი.

ბახტაძეც ასეა.

ჰოდა, გიო - შენი პრობლემაა, ბრატ, ის, რომ ვერც ჯიგრულ პონტში ვერ გავიგეთ შენი და ვერც, მამენტ, ვერანაირში.

თუ ოპოზიცია ხარ ბიძინასი (და არა კობახიძის), გამო და იბაზრე.

თუ არ ხარ, რახთეფა? ეს გვითხარი."

დავით ზურაბიშვილი, ანალიტიკოსი: "საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, მახსოვს არაერთი ექსპერტ-ანალიტიკოსი ამტკიცებდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა დაშალეს იგი, რათა მერე თავიდან აეწყოთ. კარგა ხანს აწვებოდნენ ამ აზრს.

შევარდნაძე-გამსახურდიას ალიანსზე რომ ლაპარაკობდა ზოგიერთი მაშინდელი ოპოზიციონერი, ისიც არ დამვიწყებია.

და ისეთებიც მინახავს, ვისაც ალალად ჯერა, რომ ვარდებს რევოლუცია მიშამ და შევარდნაძემ ერთობლივად გაითამაშეს და აქ სცენარისტი იყო სოროსი.

ასეა. რწმენა ოხერია"

ზაალ ანჯაფარიძე, ანალიტიკოსი: "დაესვა დიდი წერტილი სპეკულაციებს!

როდესაც გახარია და მისი პარტია აცხადებს, რომ ერთიანდებიან "არავის წინააღმდეგ," ნიშნავს თუ არა ეს რომ გახარია მის ოპონენტად აღარ მიიჩნევს "ნაცმოძრაობას" რომელსაც დასრულებას პირდებოდა"