"ერთი რამ, რაც დღეს დადასტურდა, არის, რომ ამ პარლამენტს არ ჰყავს არც პარლამენტის თავმჯდომარე" - კვირის პალიტრა

"ერთი რამ, რაც დღეს დადასტურდა, არის, რომ ამ პარლამენტს არ ჰყავს არც პარლამენტის თავმჯდომარე"

თუ ხვალაც არ გადადეს და ენითაღუწერელი პრეცედენტი, რომელიც დღეს დაუშვეს, კვლავ არ გაიმეორეს, ხვალ მომეცემა შესაძლებლობა?! ხვალ მოვალ. ხვალაც თუ გადადეს?! ზეგ მოვალ, ზეგ თუ არ იქნება - მაზეგ მოვალ, მაზეგ თუ არ იქნება, იმის შემდეგ,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, დღეს დადასტურდა, რომ პარლამენტს არ ჰყავს არც თავმჯდომარე, არც სუვერენული და ლეგიტიმური პირი "ქართული ოცნების" მხრიდან.

"დღეს ორი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტის განხილვაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა. ესენი იყო ამნისტიის კანონპროექტი და საარჩევნო კანონპროექტი. ორივე ჯერ მოხსნეს დღის წესრიგიდან და შემდეგ სხდომა დახურეს. ერთი რამ, რაც დღეს დადასტურდა, არის, რომ ამ პარლამენტს არ ჰყავს არც პარლამენტის თავმჯდომარე, არც არანაირი სუვერენული და ლეგიტიმური პირი "ქართული ოცნების" მხრიდან. ეს არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის მართული ხალხი, ამ ადამიანებს სჭირდებათ შველა, ისინი არიან ტყვეობაში. ჩემზე და თქვენზე კარგად იციან, რა არის რეალობა სახელმწიფოში. უბრალოდ, ისინი თავიანთ თავს უტყდებიან მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან ან ვიწრო წრეში რჩებიან მარტო. ჩემზე უფრო მკვეთრად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მაგრამ როდესაც მედიასთან გამოდიან, ცინიკური ღიმილი აქვთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებაში" არ არის ხალხი, რომელიც ვერ ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა წაყვანილი ჰყავს უფსკრულისკენ და ძალიან ახლოს ვართ გადაჩეხვასთან. ამას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ამისთვის ვართ დემოკრატიული ოპოზიცია, რომ სახელმწიფოს გადაჩეხვის შესაძლებლობა არ მივცეთ. ამიტომ მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ძალიან საინტერესო პროცესები გელოდებათ",- განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით მომზადებულ "ამნისტიის პროექტი" პარლამენტმა პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან მოხსნა. მეორე მოსმენით ჩანიშნული პროექტის განხილვის გადადების ინიციატივა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დასვა, რაც პროექტის ინიციატორმა ანრი ოხანაშვილმა გაიზიარა.

"ინტერპრესნიუსი"