"მე არ ვაღმერთებდი" - რას ამბობს გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილზე? - კვირის პალიტრა

"მე არ ვაღმერთებდი" - რას ამბობს გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილზე?

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, ის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილს არ აღმერთებდა.

კითხვაზე, არის თუ არა მისთვის ივანიშვილი კულტი, გახარია ამბობს, რომ არა.

„არ არის ეს ყველაფერი ასე მარტივი. არა, მე არ ვაღმერთებდი. თუ მის მიმართ პატივისცემა მქონდა, ეს ჩემ მიერ აღიარებული პატივისცემა იყო“,- განაცხადა გახარიამ.

გადაცემაში გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა

ამით უპასუხა კითხვას, ელოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან, რომ მოღალატედ შერაცხავდა.

ამასთან გახარიას თქმით, დღეს, ვინც ამინდს ქმნის, იმ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია. გახარიას აზრით, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას მათთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს.

„სიმართლე გითხრათ, ველოდი, მაგრამ არ ველოდი, ასე სწრაფად და ასეთი ფორმით. ველოდი რამდენიმე ჩემთვის აბსოლუტურად ობიექტური მიზეზის გამო. პირველ რიგში ველოდი, რადგან ობიექტური რეალობა გახლავთ ის, რომ დღევანდელი მმართველი ძალის, პარტიის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს. არც ინტელექტუალური, არც მორალური. სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა. პარტიის ხელმძღვანელობაზე ვსაუბრობ. არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ყველაზე. რა თქმა უნდა იქ არის ბევრი ღირსეული ადამიანი, ხელმძღვანელობაშიც. რა თქმა უნდა, უამრავი ღირსეული წარმომადგენელი „ქართული ოცნების“, ადამიანები,რომლებიც იბრძვიან ქვეყნის და სახელმწიფოსთვის, მაგრამ ისე დალაგდა სიტუაცია, რომ დღეს, ვინც ამინდს ქმნის, ამ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია“, - განცხადა გახარიამ.

ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით გიორგი გახარია ასევე აცხადებს,რომ ის არის „ერთი სიმართლე, ერთი ტყუილი და მორალურად ჩაფენილია, რომ გახარია მოღალატეა. სხვა ყველაფერი იქ არის წყალი და ბელეტრისტიკა“.

ამასთან გახარიას თქმით, ეს განცხადება მისთვის მისი ტონალობით იყო აბსოლუტურად მოულოდნელი’.

,,ამ განცხადებაში არის ორი საკითხი - რომ გიორგი გახარია ჩემი პროექტი არ არის და რომ გიორგი გახარია არის მოღალატე. ძალზედ, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად სწორად დალაგებული განცხადებაა, სადაც არის ერთი სიმართლე - რომ გიორგი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პროექტი. მეორე არის ტყუილი - რომ ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენ ვართ ოცნება ორი - რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს ჩვეულებრივი ტყუილია. და ამასთან ერთად მორალურად ჩაფენილია, რომ გიორგი გახარიამ უღალატა სახელმწიფოს და უღალატა გუნდს. სხვა ყველაფერი იქ არის წყალი და ბელეტრისტიკა. არაფერი სხვა მნიშვნელოვანი იქ არ არის“, - აცხადებს გახარია.

გახარიას თქმით, რაც არ უნდა მოღალატე დაუძახონ, ლექსიკას არ შეცვლის.

,,ყველაფრის მიუხედავად, მე მესმის, რომ მე მომიწია მძიმე ნაბიჯის გადადგმა და მე დღეს რეალურ პოლიტიკაში ვარ. რა თქმა უნდა - რაც არ უნდა დამიძახონ, მოღალატე - თვალთხარიაც დაუძახიათ ჩემთვის - მე ამასაც მოვითმენ. მე მესმის, ეს ჩემი ტვირთია - ის ტვირთია, რომელიც ჩემი მოქალაქეების წინაშე უნდა ვატარო და ამით მე ჩემს ლექსიკას არ შევიცვლი. ჩემი მიდგომა იმ რიგითი მოქალაქეების მიმართ რომლებიც სხვადასხვა ძალას და სხვადასხვა პლატფორმას წარმოადგენენ, რა თქმა უნდა არ შეიცვლება - იმიტომ რომ, მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში - როდესაც მე ვამბობ, რომ ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ - ვგულისხმობ სწორედ ამას. ‘’ - განაცხადა გიორგი გახარიამ გადაცემა ,,რეაქციაში“.