"ვერაფერი შევატყვეთ გახარიას, რომ სინანული ჰქონდეს - პირიქით, 20 ივნისის მოვლენებს ურცხვად ამართლებს" - კვირის პალიტრა

"ვერაფერი შევატყვეთ გახარიას, რომ სინანული ჰქონდეს - პირიქით, 20 ივნისის მოვლენებს ურცხვად ამართლებს"

"იმის ნაცვლად, რომ ადამიანი რაღაც შეცდომას დაუშვებს და სინანული ჰქონდეს, ჩვენ ვერანაირი მსგავსი რამ ვერ შევატყვეთ გახარიას, პირიქით ურცხვად ამართლებს თავის მოქმედებას 20 ივნისს", - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას განცხადებებს გამოეხმაურა.

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას ყოველი გამოსვლა "ტყუილებით აღსავსეა".

"ამ ადამიანის ყოველი გამოსვლა არის ტყუილებით და სიცრუით აღსავსე. მინდა მოგიწოდოთ, რომ თითოეული გამოსვლის შემდეგ დააფიქსიროთ, რამდენ ტყუილს ამბობს. გუშინ მან იცრუა მთელი რიგი მიმართულებებით. იმის ნაცვლად, რომ ადამიანი რაღაც შეცდომას დაუშვებს და სინანული ჰქონდეს, ჩვენ ვერანაირი მსგავსი რამ ვერ შევატყვეთ გახარიას, პირიქით ურცხვად ამართლებს თავის მოქმედებას 20 ივნისს. ამბობს, რომ თვითონ მიიღო დარბევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, თურმე მას არ უბრძანეს, მიიჩნევს იმას, რომ სწორი იყო ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკური დევნა იმის ნაცვლად, რომ მთელმა დასავლურმა სამყარომ აღიარა, რომ ჩვენ მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის დევნა არის პოლიტიკური დევნა და ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, გახარიამ თქვა, რომ თურმე გამოძიება მიმდინარეობს. ეს სამარცხვინო განცხადებები მოვისმინეთ.

რაც შეეხება იმ წერილთან დაკავშირებით, ის ყოველთვის უარყოფს ამ წერილს. მის მიერ ამის აღიარება მას მიაჩნია თავისი პოლიტიკური კარიერის დასასრულად, ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის ყოველთვის უარყოფს სიმართლეს. სიმართლე არის ერთი - ვერცერთ ჩემ განცხადებას ვერ ნახავს, სადაც რაიმე განსხვავებული მითქვამს. წერილი იქნა გადმოცემული მის მიერ ჩემთვის და შემდეგ მე და მამუკა ხაზარაძემ განვიხილეთ ეს წერილი ერთად. მე გადმომცა პირადად წერილი", - განაცხადა ჯაფარიძემ.