"ნიკა მელიას სხდომაზე გამოსვლის არაადეკვატური და პარანოიკული შიში აქვთ" - კვირის პალიტრა

"ნიკა მელიას სხდომაზე გამოსვლის არაადეკვატური და პარანოიკული შიში აქვთ"

"არაადეკვატური და პარანოიული შიში აქვთ ნიკა მელიას გამოსვლის და მე მესმის მათი, რადგან აქ სხედან ადამიანები, რომლებმაც ორჯერ მოუსხნეს მას საპარლამენტო იმუნიტეტი და ერთხელ ციხისთვის გაიმეტეს",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ხელისუფლებამ "ფსევდოპროცედურული სპექტაკლი" დადგა, როცა პლენარული სხდომა დახურა, რადგან ნიკა მელიასთვის თვალებში ჩახედვა უმძიმთ.

"ძალიან იაფფასიანი პროცედურული ხრიკებით ნაადრევად დახურეს სხდომა გუშინ და პრაქტიკულად გაიქცნენ სხდომათა დარბაზიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პლენარულ სხდომათა დარბაზში შესვლიდან 10 წუთის შემდეგ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ არაადეკვატური და პარანოიული შიში აქვთ ნიკა მელიას გამოსვლის და მე მესმის მათი, რადგან აქ სხედან ადამიანები, რომლებმაც ორჯერ მოუსხნეს მას საპარლამენტო იმუნიტეტი. აქედან ერთხელ ის გაიმეტეს ციხისთვის, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა მათგანმა გადასარევად იცოდა, რომ არანაირი მტკიცებულება მელიას წინააღმდეგ არ არსებობს და მათ ძალიან უმძიმთ ნიკა მელიასთვის თვალებში ჩახედვა, მაგრამ ეს გუშინ თუ არ მოხდა, მოხდება ხვალ და მათ საკუთარი თავი აიგდეს მასხრად ამ ფსევდოპროცედურული ომით და სპექტაკლით, რაც გუშინ დადგეს,"- განაცხადა ბოკუჩავამ.