"მოხსენით ეს სასაცილო კანონი დღის წესრიგიდან!" - კვირის პალიტრა

"მოხსენით ეს სასაცილო კანონი დღის წესრიგიდან!"

"აბსოლუტურად არაადეკვატური წინადადებით შემოდიხართ, მოხსენით ეს სასაცილო კანონი დღის წესრიგიდან!" - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს, პლენარულ სხდომაზე, სადაც საკანონმდებლო პაკეტი იხილება, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ამ კანონპროექტს ჰქვია პარტიების "ფულით დასჯა".

"ბატონო ანრი, თქვენ დაისახეთ დიადი მიზანი საბოტაჟის თავიდან აცილების ანუ ამას ჰქვია "ფულით დასჯა" ან სხვანაირად რომ ვთქვათ "ფულით წახალისება". დავუშვათ და რომელიღაც პარტიამ თავისი პრინციპები უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე არის ფული, ამ მიზანს როგორ აღწევთ? რამე სხვა ბერკეტები არსებობს, ფულით დაშინების გარდა? ეს ხომ აბსურდული და არასერიოზული წინადადებაა. სინამდვილეში საბოტაჟის პრევენციას კი არ ახდენთ, თქვენ ახდენთ პარტიების შევიწროვებას და მათი ფინანსური ბაზის შესუსტებას. სინამდვილეში თქვენ კონკურენტების შეზღუდვას ახდენთ ფინანსური კუთხით. ართმევთ იმ ფულს, რომელსაც ამომრჩეველი იხდის. თქვენც გიხდით, ამ შემთხვევაში გამარჯვებულ პარტიას. ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოში და უმეტესობაში, სადაც კი არსებობს პარტიების სახელმწიფო დაფინანსების პრინციპი, ის მიბმულია მიღებული ხმების რაოდენობასთან. იმ შემთხვევაშიც კი თუ პარტია ვერ მოხვდება პარლამენტში, არავითარი კავშირი დაფინანსებასა და პარტიის პარლამენტში მუშაობას შორის არ არის. გერმანიაში 5%-იანი ბარიერია, მაგრამ პარტიები ფულს ერთი პროცენტის გადალახვის შემდეგაც ღებულობენ. რაღა გერმანიაში წავიდეთ. საქართველოშიც 5%-იანი ბარიერი იყო, მაგრამ წინა წესით 3%-იანი პარტია სახელმწიფო დაფინასებას ღებულობდა. აბსოლუტურად არაადეკვატური წინადადებით შემოდიხართ, რომელიც რაღაც საბოტაჟის პრევენციის მიზანს არ ემსახურება. ბოიკოტიც შეიძლება ერთლწიანი გამოაცხადო და ესეც საბოტაჟად შეიძლება ჩათვალო მაშინ. მოხსენით ეს სასაცილო კანონი დღის წესრიგიდან. თქვენ თქვით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შემოვიდა და ამათზე არ გავრცელდებაო. ჩვენ დაფინანსების შეწყვეტის შიშით დავბრუნდით უკან? ეს იყო ბერკეტი იმისა, რომ ჩვენ თქვენი გაგებით საბოტაჟს ვუცხადებდით და ახლა თქვენივე გაგებით დავბრუნდით? თურმე თაფლაკვერისა და მათრახის მეთოდი გამოიყენეთ... კარგით რა არასერიოზულია, დაამთავრეთ, გააჩერეთ ამ კანონის განხილვა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.