"სახელმწიფოს ბიუჯეტი თქვენ ბიძინას ყულაბა ნუ გგონიათ, როგორც გინდათ ისე გადაანაწილებთ" - კვირის პალიტრა

"სახელმწიფოს ბიუჯეტი თქვენ ბიძინას ყულაბა ნუ გგონიათ, როგორც გინდათ ისე გადაანაწილებთ"

"სახელმწიფოს ბიუჯეტი თქვენ ბიძინას ყულაბა ნუ გგონიათ, როგორც გინდათ ისე გადაანაწილებთ, ეს არის საქართველოს მოქალაქეებით შევსებული ბიუჯეტი", - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, ცვლილებები "ჩვეულებრივი პოლიტიკურ სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც თავისი სულისკვეთებით თვით სტალინს და ბერიასაც კი შეშურდებოდა".

"მე არ გკითხავთ რა სამართლებრივი საფუძვლები აქვს ამ კანონპროექტს, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკურ სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც თავისი სულისკვეთებით შეშურდებოდა თვით სტალინს და ბერიასაც კი. ყველა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევით ოპოზიციური პარტიები მმართველ პარტიასთან მიმართებაში ისედაც არათანაბარი დაფინანსებით არიან. რატომ? - კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია: თქვენი რეპრესიული პოლიტიკის გამო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ბიზნესმენებს უჭირთ, სამაგიეროდ, თქვენი შემომწირველები არიან ადამიანები, რომლებიც ქართველი ხალხის ხარჯზე იგებენ ტენდერებს და შემდეგ კლასიკური კორუფციით ხდებიან თქვენი ე.წ. შემომწირველები. თქვენ გავიწყდებათ, რომ ძალიან მალე ოპოზიციაში უნდა იყოთ და ეს ცვლილებები თქვენივე თავსატეხი იქნება საბოლოოდ. თქვენ რომ მართლა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტია იყოთ, კი არ უნდა ცდილობდეთ დაფინანსება შეუწყვიტოთ პოლიტიკურ პარტიას, პირიქით, უნდა ცდილობდეთ, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი იყოს პოლიტიკური ველი, რომელიც სჭირდება ამ ქვეყანას დემოკრატიული განვითარებისთვის. და საერთოდ, სახელმწიფოს ბიუჯეტი თქვენ ბიძინას ყულაბა ნუ გგონიათ, როგორც გინდათ ისე გადაანაწილებთ, ეს არის საქართველოს მოქალაქეებით შევსებული ბიუჯეტი და საქართველოს მოქალაქეები თვითონ გადაწყვეტენ რომელი პოლიტიკური პარეტიის გადაწყვეტილებას დაუჭირონ მხარი. რაზე ვმსჯელობთ საერთოდ აქ, როცა ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი პრობლემები - ეკონომიკური სტაგნაცია, გაუფასურებული ლარი. იცით თუ არა უმრავლესობის წევრებმა რამდენი ადამიანი ტოვებს ქვეყანას? ეს არის საკითხები, რომელზეც უნდა ვმსჯელობდეთ და არა ამ სადამსჯელო ოპერაციაზე, რომელსაც აქ ატარებთ", - განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო, რომლითაც, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და რიგ პრივილეგიებს კარგავს. საკანონმდებლო პაკეტი "ქართული ოცნების" ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა, პირველი მოსმენით მალევე მიიღეს და დასკვისთვის ვენეციის კომისიას გაეგზავნა. საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება