"თბილი ადამიანი ვარ, მიყვარს ჩახუტება, მოფერება..."
როგორი გოგონები მოსწონს და როდის იბნევა დათა ჩაჩუა
"სიყვარული სამყაროსავით უკიდეგანო და უსასრულოა. ვერ აღწერ, მაგ დროს რას გრძნობ, ვერ გადმოსცემ, სიტყვები ჯერ არ მოგონილა, ეს უნდა აგრძნობინო", - ამბობს მსახიობი დათა ჩაჩუა. არის თუ არა შეყვარებული, რას საყვედურობს დედა, რა არ მოსწონს საკუთარ ხასიათში, რა მოსწონს და რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...2003 წლის 1-ლი ივნისი.
- მომავალში მინდა გამოვიდე... - ...მსახიობი. სხვა ვარიანტს არც განვიხილავ. ბევრი წელია, ეს სურვილი მაქვს. მსახიობი ძმა მყავს, სულ მსახიობებისა და რეჟისორების გარემოცვაში ვიყავი. პირველად სცენაზე 7 წლის ასაკში ვითამაშე, მას შემდეგ 12 წელი გავიდა და ამ პროფესიისადმი ინტერესი კი არ გამინელდა, უფრო და უფრო გამიმძაფრდა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც "თესეაში" გადამიღეს და ახლა "ჩემი ცოლის დაქალებში" ვთამაშობ.
- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"... - "თესეას" გადაღება რომ დასრულდა, გადასაღები მოედანი, იქაური სიტუაცია მენატრებოდა. ამ მიმართულებით ცოტა უსაქმოდ ვიყავი, მინდოდა, კამერით გადაღება მესწავლა. ეს პროფესია რომ ამეთვისებინა, სერიალის გადაღებებზე სიარული დავიწყე. მოგეხსენებათ, ამ სერიალზე "თესეას" გადამღები ჯგუფი მუშაობს. ერთ დღეს ოფისში ვიყავი და ეკა მჟავანაძემ მითხრა, მოდი, კასტინგი გაიარეო. მივედი, გავიარე და მალე მათეს როლზე დამამტკიცეს. ძალიან გამიხარდა, თუმცა "თესეაში" გადაღების სიხარული ვერ გადაფარა, მაშინ ჩემთვის ეს ამბავი დიდი შოკი იყო.
- მათეს როლში მაყურებელმა... - ...კარგად მიმიღო, მაგრამ ყველა ვაჟიკოს მეძახის, ეს პერსონაჟი ახსოვთ.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის... - ...ჩემს ძმას. მე რომ ამ სფეროში ვარ, ეს გიორგი ჩაჩუას დამსახურებაა. ხშირად კრიტიკული თვალით მიყურებს, რჩევებს მაძლევს და ეს პროფესიულ ზრდაში ძალიან მეხმარება.
- ჩემზე ამბობენ... - ...რომ ვარ ხალისიანი და ნიჭიერი (ნიჭიერებაზე ხაზგასმა თავის ქებად არ ჩამითვალოთ). ყოველთვის ბევრი რამ მაინტერესებს და ყველა ინტერესს ბოლომდე ვიკმაყოფილებ.
- ჩემი პირველი წარმატება... - ...მჯერა, რომ ეს სიამოვნება და სიხარული წინ მელოდება. "თესეაში" რომ გადამიღეს და ეკრანზე გამოვჩნდი, "ინსტაგრამზე" გამომწერების რაოდენობამ მოიმატა, უეცრად ძალიან პოპულარული გავხდი, ეს მომენტი მქონდა, მაგრამ არ ვიცი, წარმატება რამდენად შეიძლება ეწოდოს. მგონია, რომ წარმატების გზას ვადგავარ, ყოველ შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებ და ვეცდები, რომ ასე იყოს.
- ბედნიერი ვარ, რომ... - ...ახლა, ასეთ რთულ დროს, მაინც იმას ვაკეთებ, რაც ძალიან მიყვარს.
- ყოველთვის მაქვს სურვილი... - ...ეკრანზე როდესაც ჩემს თავს ვუყურებ, მაქვს სურვილი, მომავალში უფრო და უფრო კარგად ვითამაშო.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს... - ...გამბედობა არ მაკლია, მაგრამ მკაცრად ვაკონტროლებ, სითამამე უზრდელობაში არ ამერიოს.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო... - ...ზოგჯერ ბუზღუნა და წუწუნა ვარ. როცა გულით მინდა, რაღაც გავაკეთო, როცა კონკრეტულ საქმეს ვგეგმავ და ისე არ გამომდის, როგორც ჩავიფიქრე, ამ დროს ბუზღუნს ვიწყებ.
- დაშვებულ შეცდომებს... - ...ვიღებ, როგორც გამოცდილებას, რომლითაც ცხოვრებას ვსწავლობ.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე... - ...წლების წინ, ადამიანთან პლუსების დასაწერად რაღაცის თქმა, გაკეთება შემეძლო. ამ თვისებამ ერთ დღეს თავი ცუდ მდგომარეობაში ამომაყოფინა. მაშინ მივხვდი, გავიაზრე, რომ მომავალში ასე აღარ უნდა მოვქცეულიყავი, ეს ჩვევა წარსულში დავტოვე.
- პატიება შემიძლია, თუ... - ...ის ადამიანი მიყვარს. შემიძლია, უცხოსაც ვაპატიო, მაგრამ გააჩნია დანაშაულს და მისი მხრიდან სინანულის შეგრძნებას.
- როცა მომავალზე ვფიქრობ... - ...იმედი მაქვს, წარმატებული მსახიობი ვიქნები. ერთხელ დამესიზმრა, დიდ დარბაზში, უამრავი ადამიანის წინაშე, ძლიერი აპლოდისმენტების თანხლებით, "პაკლონზე" გამოვდიოდი (იცინის), მადლიერების ნიშნად მაყურებლის წინაშე თავს ვხრიდი.
- ვიბნევი... - ...როცა ვნერვიულობ. ერთხელ გადაცემაში ვიყავი მიწვეული, ჩემი პირველი პირდაპირი ეთერი იყო, ჟარგონი წამომცდა და ეს რომ გავიაზრე, ვინერვიულე, ძალიან დავიბენი. მერე ეს გადაცემა რომ ვნახე და ჩემს თავს ვუყურე, უცნაური მიმიკა მქონდა. ბევრი ვიცინე.
- ვნანობ... - ...ვინმეს თუ ვეჩხუბე, რამე ვაწყენინე, ძალიან ვნანობ, მერე მივდივარ და ბოდიშს ვუხდი, ამის გაკეთება არ მიჭირს.
- ამ წუთში ძალიან მინდა... - ...არ იყოს პანდემია, ზღვის სანაპიროზე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდე. მახსოვს, ჩემთან პირველი ინტერვიუ რომ ჩაწერე, ზღვის სანაპიროზე ვიმყოფებოდი, მაგ დროს ძალიან ბედნიერი ვიყავი.
- ჩემი ჰობია... - ...ამ ეტაპზე ჩემი ახალი ჰობი, კამერით გადაღების სწავლაა. მინდა ეს საქმე კარგად ვიცოდე. ერთი პერიოდი კულინარიით ვიყავი გატაცებული, უფრო ადრე - ხატვით. ეს განტვირთვის საუკეთესო საშუალება იყო. ფოტოგრაფიაც მაინტერესებს.
- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია... - ...ბევრ რამეს არ შეუძლია, ფეთქებადი ხასიათი არ მაქვს.
- მეზარება... - ...სიცხეში ფეხით სიარული, ჩემი მეგობრები ამ დროს ბევრს დადიან. მე ერთ ადგილზე გაჩერება მირჩევნია, როცა ძალიან ცხელა, ენერგია არ მაქვს.
- სიყვარული - ეს... - ...ძალიან დიდი გრძნობაა. ის სამყაროსავით უკიდეგანო და უსასრულოა. ვერ აღწერ, მაგ დროს რას გრძნობ, ვერ გადმოსცემ, სიტყვები ჯერ არ მოგონილა. ეს უნდა აგრძნობინო.
- ახლა შეყვარებული... - ...არა ვარ.
- პირველად რომ შემიყვარდა... - ...აჟიტირებული ვიყავი. საერთოდ, ძალიან თბილი ადამიანი ვარ, მიყვარს ჩახუტება, მოფერება.
- მომწონს გოგონები... - ...ვისთანაც გარკვეულ თემებზე საინტერესო ლაპარაკი შეიძლება, რომლებიც სითბოთი და ადამიანური თვისებებით გამოირჩევიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
- მაკვირვებს... - ...სამყაროს საიდუმლოებები, ბევრი რამ ამოუცნობი და აღმოუჩენელია, ჩვენი პლანეტის გარდა, კიდევ რამდენი რამ არსებობს, რამდენი რამ ხდება და არ ვიცით.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს... - ...მუსიკამ. ყველანაირ მუსიკას ვუსმენ, თანამედროვე როკი არ მიყვარს.
- ვრისკავ... - ...ძალიან ხშირად. დაუფიქრებლად რისკზე წლების წინ უფრო მივდიოდი, დღეს - ნაკლებად.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე... - ...იმ დონეზე გახსნილი ვარ, იმ დონეზე ახლოს ვუშვებ ადამიანებს, მერე დგება მომენტი, როცა ვრწმუნდები, რომ შევცდი, იმედგაცრუება ძალიან ცუდი განცდაა. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები მქონია.
- როცა საჯაროდ მაქებენ... - ...მსიამოვნებს, მადლიერებას გამოვხატავ.
- შიში მაქვს... - ...ობობების. ფობიებს თუ არ ვიგულისხმებ, ამ სამყაროში ყველაზე მეტად ახლობელი და საყვარელი ადამიანების დაკარგვის მეშინია.
- ხშირად მსაყვედურობენ... - ...ცოტა სერიოზული იყავი, ნუ ცანცარებო! ამ საყვედურს ყოველთვის დედისგან ვიღებ.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი... - ...არაფერსაც არ შევცვლი, ჩემს კეხიან ცხვირსაც კი შევეჩვიე. მსახიობისთვის ინდივიდუალიზმი მნიშვნელოვანია.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...დაუთოება. ეს საქმე ძალიან ცუდად გამომდის. კიდევ ადამიანების ახლოს არმოშვება ვერ ვისწავლე.
- ვჯიუტდები... - ...როცა რაღაცის გაკეთება არ მინდა. საკუთარი სურვილების წინააღმდეგ წასვლა არ მიყვარს.
- მენატრება... - ...ზღვა, რომელიც ძალიან მიყვარს. აქამდე ზაფხული მენატრებოდა და მოვიდა.
- ყოველთვის მრცხვენია... - ...როცა ვიბნევი.
- თავისუფლებაა... - ...როცა აკეთებ საყვარელ საქმეს და გრჩება დრო, თავისუფალი პერიოდი საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარო. მე თავისუფალი ადამიანი ვარ, ეს დიდი ბედნიერებაა.
- როცა მარტო ვარ... - ...გააჩნია, იმ დროს როგორ ხასიათზე ვარ: ხან ვხატავ, ხან მუსიკას ვუსმენ.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს... - ...აფრიკაში სამოგზაუროდ წავიდოდი. იქაური კულტურა მაინტერესებს. ცხოველები ძალიან მიყვარს. რამდენიმე დღის წინ, მათ სანახავად ზოოპარკში წავედი. ზაზუნა მყავდა, მე გავზარდე, წლების განმავლობაში ვუვლიდი, რამდენიმე დღის წინ დამეკარგა. პირველ სართულზე ვცხოვრობ, სავარაუდოდ აივანზე გავიდა და დაბლა ჩავარდა. ზაზუნებს სიმაღლის შეგრძნება არა აქვთ.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს... - ...ამ დროს საუკეთესო "წამალი" მუსიკაა და ფიქრი, ამის შედეგად გამოსავალს ადვილად ვპოულობ.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება... - ...ადამიანების მოსმენა ძალიან მიყვარს, სიტუაციის მიხედვით დარიგებაც ბევრი მიმიღია, მაგრამ ახლა კონკრეტული ფრაზა არ მახსენდება.
- დაბოლოს, გეტყვით... - ...რაც გულით გინდათ, იმ სურვილის ასასრულებლად ძალისხმევა არ დაიშუროთ, უკან არ დაიხიოთ!.. და კიდევ, ამ ქვეყანაზე არასდროს არაფერი გვიანი არ არის.
თამუნა კვინიკაძე ჯურნალი "გზა"