რას ცვლის დიდ პოლიტიკაში რაკეტების მიზნამდე მიფრენის წუთები?!
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, რომ ნატოს რაკეტების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსება მისი ქვეყნისთვის წითელი ხაზია, რადგან იქიდან გაშვებული რაკეტების მოსკოვამდე მიღწევის დრო 7-10 წუთამდე მცირდება... ვეცდებით, ავხსნათ, რატომ აქვს დიდი მნიშვნელობა სარაკეტო შეტევის ხანგრძლივობას.
საჰაერო თავდაცვის სისტემას რამდენიმე წუთი სჭირდება მოწინააღმდეგის სტარტაღებული რაკეტების თავისი რადიოლოკატორებით აღმოჩენის, მათი ფრენის ტრაექტორიის დადგენისა და მართვის პუნქტში შესაბამისი საპასუხო მოქმედებისთვის (იქნება ეს ანტირაკეტების გაშვება თუ საპასუხო სარაკეტო ზალპის განხორციელება), თუმცა დროის სიმცირე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყნის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის, რათა მათ, მაგალითად, კრემლის მიწისქვეშა ბირთვულსაწინააღმდეგო ბუნკერში მოასწრონ თავის შეფარება.
ეს პრობლემა აქტუალური იყო ჯერ კიდევ პირველი "ცივი ომის" დროს, როდესაც ამერიკულ საკონტინენტთაშორისო რაკეტებს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან მოსკოვამდე მისაღწევად 25-30 წუთი სჭირდებოდათ. ნახევარი საათი საკმარისი იყო, რომ თვით "მოჩახჩახებული" ბრეჟნევიც კი მიწისქვეშა ბუნკერში დაემალათ, მაგრამ სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც დასავლეთ ევროპაში ამერიკელებმა თავიანთი "პერშინგები" განათავსეს, რომლებსაც 12 წუთიც ჰყოფნიდათ, მაგალითად, ფრანკფურტის მიდამოებიდან კრემლამდე დაუპატიჟებლად "სტუმრობისთვის". ისე, სიმართლე რომ ითქვას, ამერიკელებმა ბირთვულქობინიანი "პერშინგ-2"-ები და ფრთოსანი "ტომაჰავკები" დასავლეთ ევროპაში, ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე, მხოლოდ მას შემდეგ განათავსეს, რაც აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა გენერალიტეტმა მალულად შეიტანა ჩვენი თანამემამულის, ალექსანდრე ნადირაძის მიერ კონსტრუირებული საშუალო სიშორის ბირთვულქობინიანი "პიონერების" მობილური სარაკეტო დანადგარები. ამის შედეგად წაგებული ისევ საბჭოთა კავშირი აღმოჩნდა, რადგან ნადირაძის "პიონერები" აღმოსავლეთ გერმანიიდან 5 ათასი კმ-ის რადიუსში კი "ფარავდნენ" თითქმის მთელ ევროპას, მაგრამ ისინი ვერ სწვდებოდნენ ოკენისგაღმელ აშშ-ს, სამაგიეროდ, დასავლეთ ევროპიდან სტარტაღებულ ამერიკულ "პერშინგს" ბირთვული ქობინის კრემლამდე "მიტანა" 12 წუთში შეეძლო.
სწორედ ეს გარემოება გახდა უმთავრესი მიზეზი, რომ საბჭოთა კავშირი აშშ-ს ევროპიდან საშუალო და მცირე რადიუსის (500-დან 5 000-მდე კმ ფრენის სიშორის) სახმელეთო სტარტის რაკეტების გატანასა და სრულ ლიკვიდაციაზე დასთანხმდა.
Aამ ხელშეკრულებამ 2020 წლამდე იმუშავა და ის ტრამპის ხელისუფლებამ დატოვა, რადგან რუსეთი 500 კმ-ზე შორს მფრენი "ისკანდერის" ახალი რაკეტების მალულად შექმნასა და მათ მასობრივ წარმოებაში, ანუ ხელშეკრულების უხეშად დარღვევაში ამხილა. ასე რომ, დღეს ზემოხსენებული შეთანხმება აღარ მოქმედებს და შეიძლება პუტინი ამიტომაც უფრთხის რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ნატოს საშუალო სიშორის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების განთავსებას (ისე, ანალოგიური "სარაკეტო შიში" ეტყობა ნატოსაც, რადგან კალინინგრადის რუსულ ანკლავში შეყვანილი "ისკანდერის" ახალი რაკეტები შეიძლება ალიანსის ბრიუსელის შტაბ-ბინასაც კი მისწვდნენ).
პუტინმა თავის გამოსვლაში არ დააკონკრეტა, მაგრამ რუსეთის გენერალიტეტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მუდმივად უფრთხოდა სამხრეთი მიმართულებიდან, ანუ საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ნატოს სარაკეტო თავდასხმას.
საქმე ის არის, რომ კავკასიის ქედი ერთგვარ დამაბრმავებელ ეფექტს ქმნიდა ჩრდილოკავკასიაში განთავსებული რუსული რადიოლოკატორებისთვის, რადგან რელიეფის გაყოლებით, დაბალ სიმაღლეზე მფრენი ფრთოსანი "ტომაჰავკის" ადრეული აღმოჩენა ურთულესია, ხოლო უკვე კავკასიის ქედს მოულოდნელად გადაფრენილი ამერიკული რაკეტის აღმოსაჩენად და ჩამოსაგდებად რუს მეზენიტეებს ძალიან ცოტა დრო დარჩებოდათ.
გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის ამოქმედებისა და საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შემდეგ, სადაც მძლავრი რადიოლოკაციური სადგურების განთავსება შეიძლება, კრემლმა სამხრეთი მიმართულებიდან მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმის საფრთხე თითქმის გაანეიტრალა, თუმცა დასავლეთისკენ მზირალი და განსაკუთრებით - ნატოს ხელის შემყურე საქართველო კვლავ იწვევს რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანებას.