ინდიელების კუნძულიდან 260-მილიონიან პარკამდე
Little Island - იგივე "პატარა კუნძული" ნიუიორკელებისთვის ახალი დასასვენებელი ადგილია. "პატარა კუნძულის" იდეა მილიონერ ბარი დილერს ეკუთვნის, იდეის განხორციელებაში კი მან 260 მილიონი არ დაზოგა და ნიუ-იორკს 1.1 ჰექტარზე გაშენებული ულამაზესი პარკი აჩუქა. მომდევნო 20 წლის განმავლობაში პარკს ბარი დილერისა და მისი მეუღლის, დაიანა ფონ ფურშტენბერგის, ერთობლივი ფონდი მოუვლის. რას სთავაზობს პარკი დამთვალიერებელს და რატომ არის ყველაზე მიმზიდველი სანახაობა "პატარა კუნძული", "კვირის პალიტრის"ამ კითხვებს პარკის ერთ-ერთი დირექტორი მაიკლ ვიგინსი უპასუხებს.
- 2013 წელს ბარი დილერმა მდინარე ჰუდსონის პარკის ხელმძღვანელობასთან ერთად წამოაყენა ინიციატივა PPიერ 54-ის (Pიერ - ნავმისადგომი) შეკეთებისა და რეაბილიტაციის შესახებ, რომელიც ქარიშხალმა სენდიმ 2012 წელს დააზიანა. დილერმა გადაწყვიტა ახალი სივრცის შექმნა, რომელიც ბუნებისა და ხელოვნების შთამბეჭდავი სინთეზი იქნებოდა.
მდინარე ჰუდსონის პარკი, სადაც "პატარა კუნძულია", ამერიკის კოლონიზაციის პერიოდში ამერიკელი დელავერი ინდიელების, იგივე ლინეპელთა საცხოვრებელი ადგილი იყო. ეს ტერიტორია მოიცავდა დღევანდელ ნიუ-ჯერსის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიუ-იორკის შტატს, დელავერის ჩრდილოეთ ნაწილს და ა.შ. ლინეპელები ჰუდსონის პარკის ტერიტორიას ნადირობისა და თევზაობის სეზონურ ბანაკად იყენებდნენ. ეს ადგილი გამორჩეულია კიდევ რამდენიმე ისტორიული მოვლენით. 1912 წელს "ტიტანიკის" ტრაგედიიდან გადარჩენილები ლაინერმა "კარპატიამ" ზუსტად ამ ნაპირზე მოიყვანა, სადაც დღეს "პატარა კუნძულია" გაშენებული.
1915 წელს იმ დროის ერთ-ერთი უსწრაფესი საოკეანო ლაინერი "ლუზიტანია" PPიერ 54-დან გავიდა. ირლანდიის სამხრეთ ნაპირებთან გერმანულმა გემმა ტორპედო სტყორც ნა, რამაც გემს კონტროლი დააკარგვინა და 18 წუთში ჩაიძირა. ბორტზე მყოფი 1959 ადამიანიდან 1198 დაიღუპა. ისინი პირველი მსოფლიო ომის მსხვერპლად მიიჩნიეს. ასე რომ, აქაურობა ისტორიულად ძალიან საინტერესო ადგილია.
- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გინდათ, სტუმრებმა ნახონ? - მე მომწონს მინდვრის ტერიტორია, პატარა წარმოდგენების ადგილი კუნძულის სამხრეთით, რომელიც არა მარტო დასასვენებლად გამოდგება, არამედ აქედან ქალაქისა და მდინარე ჰუდსონის ულამაზესი ხედებიც იშლება. "პატარა კუნძულის" ბაღებში არის 35 სახეობის ხე, 65 სახეობის ბუჩქი და 270 ჯიშის ბალახი, მრავალწლიანი ნარგავები, ვაზი, მცენარეთა ბოლქვები, რომელთაგან ბევრი შერჩეულია არა მარტო მათი სურნელის გამო, არამედ იმისთვისაც, რომ ფრინველებისთვისაც იყოს მიმზიდველი.
კუნძულის დიზაინის იდეა Pიერ 54-ის გადარჩენილი ხის ნაჭრებისგან წარმოიშვა. "წყალზე მცურავი ფოთოლი" - ეს იყო ლანდშაფტის დიზაინერის ჩანაფიქრი. გვინდა, ეს ადგილი ახალი აღმოჩენა და ინსპირაციის წყარო იყოს ჩვენი ქალაქისთვის. აქტივობების უმრავლესობა უფასოა. ჩვენი პირველი სეზონი ითვალისწინებს ცოცხალ მუსიკალურ წარმოდგენებს, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა ღონისძიებებს, რომლებიც უფასო იქნება. კუნძულზე გვაქვს კვების ადგილებიც, სადაც გემრიელი ნუგბარის მირთმევა შეიძლება.
"პატარა კუნძული" ახალი სივრცეა მდინარე ჰუდსონის პარკში, რომელიც შეიქმნა მანჰეტენის სანაპირო ზოლის შესართავის დასაცავად.
დაიანა ფონ ფურშტენბერგი მოდის სფეროში ყველაზე გავლენიან ადამიანად მიიჩნევა. 2006-დან 2019 წლამდე ის ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭოს ხელმძღვანელი იყო. 2014 წელს "ფორბსმა" მსოფლიოს ყველაზე გავლენიან 68 ქალს შორის დაასახელა. ებრაელი გოგონა ბელგიაში დაიბადა, მოგვიანებით ეკონომიკას სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. მოდისადმი ინტერესი პარიზში საცხოვრებლად ჩასვლის შემდეგ გაუჩნდა, როდესაც ფოტოგრაფის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. 18 წლის დაიანამ სახელი გერმანელ პრინც ეგონ ფონ ფურშტენბერგთან ქორწინების შემდეგ გაითქვა, ვის გვარსაც დღემდე ატარებს. გერმანელი პრინცის ოჯახი ამ კავშირს უთანასწორო ქორწინებად მიიჩნევდა. დაიანას პრინცესას ტიტული მიანიჭეს, თუმცა 1983 წელს პრინცთან განქორწინების შემდეგ მან გერმანელების ბოძებული ყველა ტიტული დაკარგა, დარჩა მხოლოდ გვარი - ფონ ფურშტენბერგი და ორი შვილი. 2001 წელს დაიანა ამერიკელ მედიამაგნატს, ბარი დილერს გაჰყვა ცოლად. 2020 წლის ივნისის მონაცემებით, დილერის ქონება 4,2 მილიარდი დოლარია. დაიანას მოდის სახლს - "DVF" მსოფლიოს 70 ქვეყანაში აქვს მაღაზიები.