ისიც წავიდა...
არ მეგულება საქართველოში ადამიანი, ვისაც არ უნახავს ფილმები: "მიმინო", "შერეკილები", "არ იდარდო", "ქვევრი"... გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ფრაზები ამ ფილმებიდან ქართულ მეტყველებასა და ცნობიერებაში დამკვიდრდა და წლებია, პოპულარობა არ დაუკარგავს. თუმცა საინტერესოა, რომ ეს ფრაზები ახლობელი აღმოჩნდა ყველა იმ ხალხისთვის, რომელთა ენაზეც ეს ფილმები ითარგმნა. ალბათ, ამიტომ ამბობს მწერალი ანდრეი ბუკოვსკი: "გაბრიაძის სამყარო საქართველოა, მხოლოდ და სწორედ საქართველო. ისეთი საქართველო, რომ აზრად არავის მოუვა, რომ საქართველოს ამ სახეს შეიძლება სხვა შემქმნელი ჰყავდეს".
გაღარიბდა წუთისოფელი - ბოლო პერიოდში საოცარი ადამიანები დააკლდა ქართულ ხელოვნებას. "ნეტავ იქ თეატრი არისო", კითხულობდა ბატონი კახი კავსაძე. ამჯერად ზეციურ თეატრს 84 წლის რეზო გაბრიაძეც შეუერთდა...
"ცათმფრენზე ზის ახლა ღიმილით და უვალოდ. მიფრინავს და გვიღიმის აქეთ, გადაუხდელ ვალში ჩაფლულებს"
გიორგი კეკელიძე, მწერალი: - არიან ადამიანები, რომლებიც უდრიან ქალაქებს, შენობებს, შესახვევებს, ამ შესახვევებში შეხვეულ ჩურჩულს, ცრემლს, სიცილებს. რეზო გაბრიაძე უდრის ქუთაისს. ქუთაისი ძალიან დიდია, რომ ერთი ადამიანი უდრიდეს, მაგრამ მან შეძლო და დაეტოლა.
რამდენჯერმე შევხვდი. სულ ბოლოს თვითონ მიმიხმო თეატრში. ლაპარაკობდა ფრაგმენტულად, ფიქრნარევი შეყოვნებით და ზუსტად. სიზუსტე იყო მისი მთავარი იარაღი. ამ სიზუსტით დაგვიმიზნა ასობით ფრაზა. სიტყვის ასეთი ,,მსროლელი" ცოტაა. აქ კი არა, მსოფლიოშია ცოტა. მერე, ორიოდ თვის წინ, დაბადების დღეზე საკუთარი წიგნი გამომიგზავნა, შემაშინებლად საოცარი ყურადღების ნიშნად.
ცათმფრენზე ზის ახლა რეზო გაბრიაძე, ზის ღიმილით და უვალოდ. მიფრინავს და გვიღიმის აქეთ, გადაუხდელ ვალში ჩაფლულებს.
დროებით, დიდო კაცო.
"არ ვიცი მე, ჩემი ტვინი სად გაწვდება მაგდენს", - მისი ეს ფრაზა იყო რეფრენი"
კოტე ჯანდიერი, მწერალი: - ისეთი იყო, აღორძინების დროს რომ იყვნენ. ნიჭიერ კაცს გენიალურისგან ის განასხვავებს, რომ ნიჭიერი კაცი რაღაცაშია ნიჭიერი, გენიალური კი ის არის, ყველაფერში რომ ნიჭიერია. სალიტერატურო ქართული ენით დაწყებული, სკულპტურით დამთავრებული, ყველაფერში თქვა სიტყვა. საოცარია, როგორ დაიბადა ასეთი. იყო უთბილესი და ყოველთვის გახარებული სხვისი ნიჭიერებით. თავის მიმართ ჰქონდა ირონია და ეს გამოარჩევს კიდეც ნიჭიერს უნიჭოსაგან. "არ ვიცი მე, ჩემი ტვინი სად გაწვდება მაგდენს", - მისი ეს ფრაზა იყო რეფრენი.
ურთიერთობაში სჭირდებოდა ერთადერთი რამ - კულტურის გულწრფელი განცდა. არ იყო აუცილებელი, შენც ყოფილიყავი გენიოსი ან ნიჭიერი, უბრალოდ, კულტურული ადამიანი უნდა ყოფილიყავი.
იცით, რომელი ფრაზით დამამახსოვრდება? ჩხუბი რომ აქვს აღწერილი "უცხო ჩიტში". საოცრება, აპოკალიფსური ჩხუბია, გაუგებარი, ვინ რატომ ჩხუბობს, რომ ვერ გაიგებ. ნამდვილი ქართული, უაზრო ჩხუბი, კარგად რომ არ იციან, რატომ, მაგრამ მაინც ჩხუბობენ. ერთი ფრაზა აქვს იქ: "ამ დროს რაჭველებს როიალით გაჰქონდათ გუბერნატორის კედლები. გესმით?!" ქართველი ის უცნაური მოვლენაა, რომელიც მზადაა იჩხუბოს, დაანგრიოს ქვეყანა, რატომ - თვითონაც არ იცის. მიზნის გამო კი არ ჩხუბობს, ეს ჩხუბის სტიქია მოსწონს და იქ პოულობს თავის იდენტობას. თუ გუბერნატორი არ მოგწონს და გინდა კედელი გაუნგრიო, ხომ შეიძლება კოალდა აიღო, ან ტარანი, ან - რა ვიცი... მაგრამ როიალით ანგრევს და ამ უაზრო ჩხუბს შეიძლება როიალი შეეწიროს, როგორც კულტურის განსახიერება. ეს ბრძნული ფრაზაა. შევწირეთ კიდეც კულტურა ჩხუბებს... 30 წელია, მაგ როიალით ვანგრევთ კედლებს და აღარ დაგვრჩა აღარც როიალი და აღარც - კედელი. ეგ წერია "უცხო ჩიტში", მაგრამ როგორი რბილი ფორმით აქვს ნათქვამი... თუ ჭკუა გაქვს, მიხვდები, თუ არა, უბრალოდ გაიცინებ და გააგრძელებ როიალებით კედლების ნგრევას.
ბოლოს დაახლოებით ორი კვირის წინ შევხვდი. ლოგინად იყო და დასტრიალებდნენ თავს მომვლელები. გაუხარდა ძალიან, რომ მივედი. ვცადე, რაღაცნაირად გამემხნევებინა. რეზო, ასეთი გოგოები თავს დაგტრიალებენ, გარეთ მზე ანათებს, ამინდი გამოვიდა, გამოხვალ ახლა შენც ამ ოთახიდან, აივანზე დავსხდებით, ჩაის დავლევთ, ვილაპარაკებთ-მეთქი... გაიღიმა. ბოშო, ამ ოთახიდან ახლა მე პირდაპირ ისტორიაში თუ გავალ, თორემ სხვაგან გამსვლელი აღარ ვარო.
"ქვევრიდან ადამიანებს ცაში რომ გააფრენ, ამაზე მეტი რა უნდა იყოს!"
მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი: - უდიდესი ხელოვანი გარდაიცვალა. არამხოლოდ კინოსა და თეატრში, არქიტექტურაშიც რასაც კი ხელი მოჰკიდა, ისეთი ნიჭიერება გამოამჟღავნა, უდიდესი სიხარული მოუტანა ყველას, და არამარტო ქართველებს, უზარმაზარ საბჭოთა სივრცეში, ევროპაში ყველა იცნობდა... მისი თეატრი მრავალ ფესტივალზე ყოფილა... მაგრამ მთავარი ის არის, რომ თავიდან ფეხებამდე ქართველი იყო. მისი იუმორი იყო აბსოლუტურად ქართული, უფრო ხშირად - იმერული, მაგრამ ისეთი ნიჭიერი იყო, ეს ყველაფერი უცხოენოვან კინოშიც მშვენივრად გადადიოდა. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები კი აბსოლუტურად ინტერნაციონალურია, მიუხედავად იმისა, რომ ქართულია. სერიალები სამ გზის მხაზველზე, სადაც შესანიშნავი მსახიობები: გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, ბაადურ წულაძე და ლიკა ქავჟარაძე თამაშობდნენ. არაჩვეულებრივია მისი სცენარით გადაღებული "ქვევრი""და რომელი ერთი ჩამოვთვალო...
იმ რთულ საბჭოთა პერიოდში, როდესაც რეზომ თავისი შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო, მან და ელდარ შენგელაიამ საოცარი ნაბიჯი გადადგეს - თავიანთი სათქმელის გამოსახატავად იგავურ გზას მიაგნეს. სიმართლეს ამბობდნენ, თან - არაჩვეულებრივად მსუბუქად. ქვევრიდან ადამიანებს ცაში რომ გააფრენ თავიანთი შექმნილი ცათმფრენით, ამაზე მეტი რა უნდა იყოს! მაშინ ხომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალი სწორედ პიროვნების თავისუფლება იყო!
არის რეზოს წინადადებები, რომლებიც სამუდამოდ დარჩა ისტორიაში. მარტო "შერეკილების" გმირის ნათქვამი რად ღირს: "რით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან - ბრუნვადი". იყო უაღრესად ინდივიდუალური, თავისთავადი ხელოვანი, რომელსაც შეეძლო მოეტანა სიყვარული, რწმენა, თავისუფლების შეგრძნება. უაღრესად დიდი სიხარული იყო მისი არსებობა ქართულ ხელოვნებაში, არქიტექტურაში... მისი კოშკი, რომელიც მის თეატრთან დგას, ხომ სიმბოლოა საქართველოს უწყვეტი ბრძოლისა იმისთვის, რომ ქვეყნად ჩამოყალიბდეს. ეს კოშკია, რომელსაც შეყენებული აქვს რაღაც, კოშკი, რომელიც სულ ცდილობს ფეხზე იდგეს. არაფრით განსხვავდება ეს სიმბოლო იმისაგან, რაც ორი, ხუთი და 25 საუკუნის წინ ხდებოდა საქართველოში. სულ გვინდოდა, შექმნილიყო ერთიანი სახელმწიფო, ერთიანი ხელისუფლება. რეზომ ისეთი მშვენიერი კოშკი ააგო, ტურისტი არ ჩამოდის საქართველოში, ეს რომ არ ნახოს.
"გინახავთ სადმე იოლი გენიოსები?..."
ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგი: - რეზო გაბრიაძე იყო რენესანსული ტიპის პიროვნება უნივერსალური ტალანტით. იყო მოვლენა, რომლის მაგვარი არავინ არასოდეს ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, ასეთი პიროვნება არ დაბადებულა. ერთგული თავისი პატარა ქალაქისა, სადაც დაიბადა და გაიზარდა, თავისი ქუთაისისა და ამავე დროს, ნაცხოვრები მსოფლიოს მეგაპოლისებში. გასაოცარი ენერგიის, ძალიან მოკრძალებული და თავმდაბალი, ჩემთვის უსაყვარლესი კაცი, რომელთანაც მქონდა შესანიშნავი ურთიერთობა. მეამაყებოდა, რომ მასთან ლაპარაკი შემეძლო. გამორჩეული, ძალიან ფაქიზი, ოღონდ რთული პიროვნება იყო. მე ვუყვარდი. ხასიათი მძიმე ჰქონდაო, მთლად იოლი კაცი არ იყო. გინახავთ სადმე იოლი გენიოსები?.. მე იგი გამაცნო დიდმა ადამიანმა თენგიზ მირზაშვილმა, ჩუბჩიკამ, დიდმა ქართველმა მხატვარმა. ერთად გამაცნო რეზო გაბრიაძე და გია ყანჩელი. ბევრჯერ მინახავს ეს სამეული ერთად. თეატრთან პატარა კაფეა და იქ ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს.
მქონდა მაგის ბედი, რომ რამდენ რამესაც გამოსცემდა, მიგზავნიდა ხოლმე ძალიან კეთილი წარწერებით, რომელიც შესრულებული იყო პირველკლასელის ხელით.
როგორც მწერალს, ბადალი არ ჰყავს. ის აგრძელებდა დავით კლდიაშვილის გზას და ზუსტად ისეთივე მოკრძალებული იყო, როგორიც კლდიაშვილი. "შერეკილებს" ყოველდღე ვკითხულობ, ასეთი სიცოცხლე არ მოდის არც ერთი ტექსტიდან. ამბობდა, რუსული განათლება მაქვს და ქართული არ ვიციო, რაც ძალიან სასაცილო იყო. რეზო ყველაზე ძლიერი მოქართულეა ქართულ ლიტერატურაში. მისი ერთი გვერდის წაკითხვაც კი ფეიერვერკია.
"ის უბრალოდ გენიოსი იყო"
ელდარ შენგელაია, რეჟისორი: - რეზო მოსკოვში გავიცანი. მე ვეძებდი სცენარისტს, ის კი ამთავრებდა სასცენარო კურსებს და ჰქონდა 300-გვერდიანი სცენარი. თბილისში ჩამოსულებმა დავიწყეთ მუშაობა და მივიღეთ 80-გვერდიანი "არაჩვეულებრივი გამოფენა". ცოტა ხნის შემდეგ თბილისში ჩამოვიდა გიორგი დანელია. ისიც სცენარისტს ეძებდა. მე გავაცანი რეზო. მოვილაპარაკეთ, რომ რეზო ორივესთან იმუშავებდა, ამიტომ ხან მოსკოვში იყო გიასთან, ხან - თბილისში, ჩემთან. ასე შეიქმნა ერთდროულად "არ დაიდარდო" და "არაჩვეულებრივი გამოფენა". მერე ჩვენ "შერეკილებზე""ვიმუშავეთ. რეზო განსხვავებული იყო სხვა სცენარისტებისგან, ესწრებოდა გადაღებებს, ხშირად თავის აზრს გამოთქვამდა და გადასაღებ მოედანზე ხალისი და საუცხოო განწყობა შემოჰქონდა.
ხშირად დავდიოდი მასთან ოქროყანაში. იუმორისთვის არ უღალატია... როგორ ხარო, უკითხავს ჩემს მეუღლეს ერთ-ერთი ბოლო სატელეფონო საუბრისას. გოგო, ცხენი მომიყვანეს ახლა და უნდა ვიჯირითოო, - უთქვამს თავისი სტილით, არადა ძლივს ლაპარაკობდა უკვე.
რეზო იყო მხატვარი, რეჟისორი, მოქანდაკე, საოცარი სამყაროს - მარიონეტების თეატრის შემქმნელი, უბრალოდ გენიოსი.