"მივ­ხვდი, რომ რუ­სე­თი­დან უნდა გა­იქ­ცე... მე­უღ­ლე შე­ე­გუა სა­ქარ­თვე­ლოს" - კვირის პალიტრა

"მივ­ხვდი, რომ რუ­სე­თი­დან უნდა გა­იქ­ცე... მე­უღ­ლე შე­ე­გუა სა­ქარ­თვე­ლოს"

"ხალხს პოლიტიკოსები ისე ჰყავს აღქმული, როგორც სერიოზული, ერზე მჭმუნვარე და მზრუნველი ადამიანები, თითქოს სულ ამით არიან დაკავებული. სინამდვილეში, უმეტესწილად, ეს ხალხი ამ როლს თამაშობს, რომ მერე რიგით მოქალაქეს ამა თუ იმ ფორმით ფული წაართვას. ჩვენ ძალიან ნეგატიურად ვართ განწყობილი ამ სტანდარტული პოლიტიკისადმი, პოლიტიკის საკრალური აღქმისადმი. მარტივად შეამჩნევდით, რომ ჩვენ სულ სხვა თამაშს ვთამაშობთ და სულ სხვა მიზნები გვაქვს", - გვეუბნება "გირჩელი" პარლამენტარი სანდრო რაქვიაშვილი და გვარწმუნებს, რომ პარლამენტის დერეფნებში ბევრი საინტერესო რამ ხდება, ვიდრე - დარბაზში: "რაც დარბაზში გადის და რასაც მედია უყურებს, ეს არის სპექტაკლი. ის ყველაფერი, რაც ამ დარბაზამდე მიგიყვანს, ხდება დერეფნებში, ამიტომ დერეფნები ძალიან მნიშვნელოვანია". ამბობს, რომ ზოგადად ლიბერტარიანელია, ამიტომაც აირჩია "გირჩი". მოსკოვიდან გამოქცეული პროფესორი სანდრო რაქვიაშვილი დარწმუნებულია, რომ "ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა ეროვნული ბანკია, რომელსაც წლებია, მთავრობები "მოსახლეობის ფარული ძარცვის ინსტრუმენტად იყენებენ" და პოლიტიკაში ყოფნის მისი მთავარი მიზანიც ამ პრობლემის მოგვარება უნდა იყოს.

ბავშვობა, რომელიც სოხუმს უკავშირდება

1982 წელს დავიბადე თბილისში და ნუცუბიძის პლატოზე გავატარე ბავშვობა. უფროსი და მყავს... ზომიერად ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ბავშვობისდროინდელი პოზიტიური ემოციები, დიდწილად, სოხუმს უკავშირდება იმიტომ, რომ დედა სოხუმიდან იყო და ზაფხულს იქ ვატარებდი. ჩემი ყველაზე ახლო მეგობარიც სოხუმიდანაა და ეს ჩემი პოზიტიური ემოციური ნაწილია. ნეგატიური ემოციებიც სოხუმს უკავშირდება - ომი როცა დაიწყო, სოხუმში ვიყავით. როცა ჩვენმა ჯარმა სოხუმი დაიკავა, გადავწყვიტეთ, თბილისში დავბრუნებულიყავით. თბილისიდან თვითმფრინავი დაფრინავდა და ჯარისთვის იარაღი ჩამოჰქონდა, მერე ამ თვითმფინავით ხალხი მიჰყავდათ თბილისში. 24 საათზე მეტი გავატარეთ აეროპორტში... როცა მე და დედა თვითმფრინავში უნდა ავსულიყავით, მახსოვს, მამაკაცები გვერდზე გვწევდნენ, ქალებს და ბავშვებს არ უშვებდნენ და თვითონ ძვრებოდნენ თვითმფრინავში. მერე, ერთმა ჯარისკაცმა დაინახა, რომ საერთოდ ვეღარ ვჯდებოდით თვითმფრინავში და ჰაერში დაიწყო სროლა, მამაკაცებს უყვიროდა, - ვინმე წინ თუ წახვალთ, მოგკლავთო. მარტო მაშინ შეგვიშვეს ქალები და ბავშვები თვითმფრინავში. ეს ძალიან ცუდად ჩამრჩა მეხსიერებაში...

"მივხვდი, რომ რუსეთიდან უნდა გაიქცე"

ცოტა ხნის შემდეგ, ჩემი მშობლები მოსკოვში წავიდნენ სამუშაოდ და მეც წავყევი. მერვე კლასიდან მოსკოვში ვსწავლობდი და იქ დავამთავრე სკოლა. დავითვალე და 6 სკოლა მქონია გამოცვლილი. შემდეგ ჩავაბარე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, დავამთავრე და დაახლოებით ნახევარი წელი ბანკში ვიმუშავე, არ მომეწონა... მერე გადავწყვიტე დოქტორანტურაში ჩამებარებინა, დისერტაციაც დავიცავი. გადავწყვიტე, უნივერსიტეტში დავრჩენილიყავი და ლექციები წამეკითხა. საბოლოო ჯამში, მოსკოვის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე დაახლოებით 10 წელი ვასწავლიდი. რაღაც პერიოდის მერე, პრობლემები შემხვდა უნივერსიტეტში. იმ დროს საქართველოში უკვე არსებობდა "თავისუფალი უნივერსიტეტი", მე და ბენდუქიძეს საერთო ნაცნობები და მეგობრები გვყავდა და კახას მივწერე, ლექტორი ხომ არ გჭირდებათ-მეთქი. რაღაცნაირად მივხვდი, რომ რუსეთიდან უნდა გაიქცე, იქ ცხოვრება, უბრალოდ, არ შეიძლება. იმ მომენტში უკვე ცოლ-შვილი მყავდა და არ მინდოდა, ჩემი შვილი იქ წასულიყო სკოლაში. გამოვიდა ისე, რომ იმ წელს კახა გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, შეთანხმებულები ვიყავით, რომ უნდა ჩამოვსულიყავი და ლექციები წამეკითხა, ეს საქმე გამეწელა. ერთი წლის შემდეგ, ჩამოვედი საქართველოში და დავიწყე ლექციების კითხვა. ერთი სემესტრის მერე, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანის პოზიცია შემომთავაზეს. ერთი სიტყვით, გადმოვედი საქართველოში და მერე ოჯახიც ჩამოვიყვანე. ეს იყო 2016 წელს და მას მერე აქ ვარ. 2019 წლამდე ვიყავი ბიზნესსკოლის დეკანი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი. 20 ივნისის ამბები რომ დაიწყო, 1 დღით ადრე დავწერე განცხადება და წამოვედი უნივერსიტეტიდან. ჩემი კარიერული გადმოსახედიდან მივხვდი, რომ ჩიხში შევედი, ვინაიდან სამეცნიერო მუშაობა, პროფესორობა უფრო მომწონდა, ვიდრე ადმინისტრაციული თანამდებობა, რამაც სრულიად დამიბლოკა მეცნიერული აქტივობა, როგორც ლექტორის. როგორც თავის დროზე მივხვდი, რომ ბანკში მუშაობა ჩემი არ არის, ასევე მივხვდი, ადმინისტრატორობაც არ იყო ჩემი...

პირველი ნაბიჯები "გირჩში"

ზოგადად რადგან ლიბერტარიანელი ვარ, "გირჩს" ვიცნობდი და თავიდანვე ვადევნებდი თვალს მის საქმიანობას. ვიცნობდი იაგოს თავისუფალი უნივერსიტეტიდან, ვიცოდი დათო ზედელაშვილი, ჩემი კოლეგა და მეგობარი. მერე ვახო მეგრელიშვილმა დამპატიჟა თავის გადაცემაში და იქ უკვე პირდაპირ გავიცანი "გირჩელები". მერე, 20 ივნისს მიტინგზე გავიცანი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი (ამჟამად ამ უნივერსიტეტში ვმუშაობ) და სანამ იქ დავიწყებდი მუშაობას, რადგან თავისუფალი დრო მქონდა, "გირჩში" მივედი და შევთავაზე, შემიძლია, ლექციები წავიკითხო, თან დაგეხმარებით-მეთქი - ხალხი ლექციებში ფულს იხდიდა და ამ ფულს მთლიანად "გირჩს" ვურიცხავდი. ასე დავიწყე "გირჩთან" თანამშრომლობა. მერე გავხდი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და დღემდე იქ ვარ. "გირჩში" კვირაში ერთხელ დავდიოდი, ლექციებს ვკითხულობდი. როცა არჩევნები ახლოვდებოდა, 2020 წლის გაზაფხულზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა აკრიტიკებდა, გირჩს" დავუჭირე მხარი, დავინახე, ერთნაირად ვფიქრობდით და ძალიან გამიხარდა... გააგრძელეთ კითხვა