"უც­ნა­უ­რად და­ი­წყო სო­ფოს კო­ვიდ ის­ტო­რია... ჯერ ფეხი ატ­კივ­და, მერე რა­ღაც ინ­სულ­ტი­ვით ჰქონ­და, მე­ტყვე­ლე­ბა აე­რია..." - კვირის პალიტრა

"უც­ნა­უ­რად და­ი­წყო სო­ფოს კო­ვიდ ის­ტო­რია... ჯერ ფეხი ატ­კივ­და, მერე რა­ღაც ინ­სულ­ტი­ვით ჰქონ­და, მე­ტყვე­ლე­ბა აე­რია..."

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ექიმებში" თავისი დის, სოფოს უკანასკნელ დღეებს იხსენებს და ჰყვება იმ გართულებებზე, რაც პოსტკოვიდურ ეტაპს ახლდა თან. ნინოს თქმით, მისი და კორონავირუსით მეორედაც დაინფიცირდა, რასაც ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო.

"ძალიან უცნაურად დაიწყო სოფოს კოვიდ ისტორია. არ ვიცოდით რომ კოვიდინფიცირებული იყო. ჯერ ფეხი ატკივდა. მივხედეთ ფეხს. მერე რაღაც ინსულტივით ჰქონდა, მეტყველება აერია. წავედით ნევროლოგთან. სოფომ ძალიან დაიკლო წონაში და თქვა, რომ ლავიწის ძვლები მაქვს არეულიო. ხუმრობდა, მგონი, თავიდან ვსწავლობ ჩემს ორგანიზმსო. წავიდა, რენდგენი გადაიღო ამის გამო. რენდგენი რომ გადაიღო, იქ უთხრეს, რომ მგონი, ფილტში გაქვსო პრობლემა.

მერე გადაიღო "კატე" და როგორც კი ექიმმა შეხედა, უთხრა, რომ შენ კოვიდი გაქვს, ან უკვე გადატანილი გაქვსო. რეალურად პოსტ კოვიდ პერიოდში გავიგეთ, რომ მან გადაიტანა კოვიდი, იმიტომ, რომ მერე სისხლში ჰქონდა ანტისხეულები. ასე დაიწყო ჩვენი პოსტკოვიდ ჯოჯოხეთი.

დროთა განმავლობაში გაძლიერდა ხველა, მერე ქოშინი დაიწყო და სასწრაფოდ დავაწვინეთ საავადმყოფოში. 21 დღე ფაქტობრივად ვიბრძოდით გადარჩენისთვის. ძალიან ცუდად ყოფილა, აი, დაურეკია და უტირია, აღარ შემიძლია, დავიღალე, მაგრამ ხუთ წუთში დამირეკავდა ხოლმე, არ ინერვიულო, კარგად ვარ, უკვე ჩავისუნთქეო...

ეს ყოფილა ჯოჯოხეთიო რა, ძალიან მძიმე ბრძოლაო, მაგრამ ამბობდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამარცხოო, ცოტა ღმერთიც მომეხმაროსო. ყველა ანალიზი თითქოს წესრიგში იყო... პლაზმაც კი გადაუსხეს, ანუ ძალიან ბევრი საშუალება იყო გამოყენებული... გვეგონა რომ გადავრჩით, დღედღეზე უნდა გამოეწერათ და... კლინიკაში შეეყარა მეორე კოვიდი. აი, მანდ უკვე მივხვდით, რომ ვერ გადავრჩებოდით... ვერ ვინელებ ამ მეორე კოვიდს.

იმდენი ვიბრძოლეთ, იმდენი ვიბრძოლეთ... გავდიოდით უკვე ფინალში, ფაქტობრივად უკვე უნდა გამოეწერათ. ისე დამძიმდა ფილტვები. სასწრაფოდ გადავიყვანეთ რესპუბლიკურში, ემერჯენსიში შეიყვანეს და ერთ დღეს რომ 18-ქულიანი დაზიანება ჰქონდა, მეორე დღეს 20 ჰქონდა და მესამე დღეს - 24. დარწმუნებული იყო, რომ მოერეოდა. დარწმუნებული იყო მიუხედავად იმისა, რომ ეშინოდა იმიტომ, რომ დიაბეტი ჰქონდა ჩემს დას. სამწუხაროდ, ორ კოვიდს უკვე ვეღარ მოერია.

იხილეთ ვიდეო: